ახალი ამბები

როგორ რეგულირდება „გიგ-ეკონომიკა“ სხვადასხვა ქვეყანაში – მიმოხილვა

7 ივნისი, 2021 •
როგორ რეგულირდება „გიგ-ეკონომიკა“ სხვადასხვა ქვეყანაში – მიმოხილვა

„ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც შრომის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, „გიგ-ეკონომიკის“ რეგულირების საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვას აქვეყნებს.

„გიგ-ეკონომიკა“, – როგორც დოკუმენტი აღწერს, ციფრული პლატფორმების (აპლიკაციების) მეშვეობით განხორციელებული ბიზნესი, — არის არაფორმალური ეკონომიკის დარგი.

ასეთი საქმიანობის მაგალითებია ისეთი კომპანიები მსოფლიოსა თუ საქართველოში, როგორიც არის ტაქსის კომპანია „უბერი“, „ბოლტი“, მიტანის სერვისის კომპანიები „გლოვო“, „ვოლტი“ და ა.შ. პუბლიკაციის თანახმად, ამავე სფეროს ეკუთვნის დალაგების ან/და ზრუნვის სერვისების მწარმოებელი აპლიკაციები.

„გიგ-ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს, ფორმალურად, დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსი აქვთ. თუმცა მათი უმრავლესობისთვის კონკრეტული ციფრული პლატფორმა დასაქმების ერთადერთი წყაროა. ეს პირები სრული სამუშაო განაკვეთის ფარგლებში ემსახურებიან კონკრეტული ციფრული პლატფორმის მფლობელ კომპანიებს, ასრულებენ მათი კლიენტებისგან მიღებულ შეკვეთებს, რისთვისაც ანაზღაურებას სწორედ ამ კომპანიებისგან იღებენ; კომპანიების ხელშია მათი წახალისებადა მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმების გამოყენებაც“, – წერია კვლევაში.

„ამგვარად, ცხადი ხდება, რომ სინამდვილეში, ციფრული პლატფორმის (აპლიკაციის) მფლობელი კომპანიები მნიშვნელოვნად ზღუდავენ ფორმალურად დამოუკიდებელ კონტრაქტორთა ავტონომიურობას და მათზე იმაზე უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე დამოუკიდებელ პარტნიორებზე ექნებოდათ თავისუფალ სახელშეკრულებო ურთიერთობაში“, – წერს მკვლევარი.

კვლევაში ასევე ნახსენებია ტერმინი შენიღბული შრომა: „მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა სასამართლომ აღიარა, რომ პლატფორმის კომპანიების ხელთ არსებული კონტროლის და დისციპლინირების მექანიზმების გათვალისწინებით, „გიგ-მშრომელების“ მოჩვენებითი თავისუფლების უკან, სინამდვილეში, შენიღბული შრომითი ურთიერთობა დგას“.

ავტორის თანახმად, შენიღბვის ამ „მავნე პრაქტიკას შრომითი უფლებების მასობრივი დარღვევებია ამოფარებული, რის გამოც დასაქმებული პირები და მათი წარმომადგენლები სასამართლოს მეშვეობით ან გაფიცვების და ლობირების სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, აიძულონ სახელმწიფო და დამსაქმებლები, აღიარონ ეს დარღვევები და მიიღონ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად“.

მისი თქმით, ამგვარი მცდელობების შედეგად დადგა მრავალი ქვეყნის პოლიტიკის დღის წესრიგში გიგ-ეკონომიკაში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების დაცვა, — მათი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით, უმუშევრობის ბენეფიტებითა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულების მინიმალური სტანდარტებით უზრუნველყოფა.

7 ივნისს გამოქვეყნებული დოკუმენტი მიმოიხილავს ციფრულ პლატფორმების (აპლიკაციების) მეშვეობით მომუშავე მშრომელების უფლებებს; აანალიზებს გიგ-ეკონომიკის რეგულირების პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შუქზე აღწერს შემოღებული რეგულაციების აუცილებლობასა და მიზნებს.

პუბლიკაციის ავტორია მარიამ ბეგაძე. კვლევა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით არის მომზადებული.

იხილეთ სრული დოკუმენტი:

ასევე გირჩევთ, წაიკითხოთ:

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

მასალების გადაბეჭდვის წესი