ახალი ამბები

ომბუდსმენი „ვოლტს“ კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენისკენ მოუწოდებს

31 იანვარი, 2024 •
ომბუდსმენი „ვოლტს“ კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა საფუძვლად მიუთითა 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა.

„საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ“, — ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველს პრობლემურად მიაჩნია კომპანიის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კურიერი შრომით მოვალეობებს 2 კვირის განმავლობაში არ ასრულებს. შესაბამისად, ომბუდსმენის თქმით, ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს, შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე. ამასთან, ომბუდსმენისვე შეფასებით, კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი სამუშაო დრო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, დაუყოვნებლივ აღუდგეს კურიერს აპლიკაციაზე წვდომა, მომავალში კი არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

როგორც დოკუმენტში სახალხო დამცველი აღნიშნავს, საუბარია 2023 წლის თებერვალში WOLT-ის კურიერების პროტესტის დროს განვითარებულ მოვლენებზე. კურიერები შრომის პირობების გაუმჯობესებას და კომპანიის მიერ კურიერების დისკრიმინაციული დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ.

ეთანხმება თუ არა ომბუდსმენის მოსაზრებას და გეგმავს თუ არა რეკომენდაციების გათვალისწინებას? — ამ კითხვებით ნეტგაზეთმა „ვოლტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
.

მასალების გადაბეჭდვის წესი