ახალი ამბები

ომბუდსმენმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

6 ივლისი, 2023 • 821
ომბუდსმენმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

ომბუდსმენმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ  გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

„ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ მოუწოდებდა საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ.

სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

სახალხო დამცველმა პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში.

„ვოლტის“ კურიერები აქციას მართავდნენ 4 ძირითადი მოთხოვნით: ანაზღაურების ზრდა, ჯანმრთელობის დაზღვევა, კილომეტრაჟის აღრიცხვის სისტემის გამართვა და კომპანიასთან კოლექტიურ მოლაპარაკება.

კომპანია „ვოლტმა” რამდენიმე პარტნიორ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა.

ვოლტმა რამდენიმე გაფიცულ კურიერთან პარტნიორობა შეაჩერა

მასალების გადაბეჭდვის წესი