ახალი ამბები

ვოლტმა რამდენიმე გაფიცულ კურიერთან პარტნიორობა შეაჩერა

6 აპრილი, 2023 • 1273
ვოლტმა რამდენიმე გაფიცულ კურიერთან პარტნიორობა შეაჩერა

ავტორი: ლიზა ბულია

კომპანია “ვოლტმა” რამდენიმე პარტნიორ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა.

ამის მიზეზად კომპანიაში ასახელებენ სხვა კურიერებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას.

,,ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ. თუმცა, თუ ეს უფლება გადაიზარდა სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში, ვოლტი ყველანაირ კანონიერ საშუალებას გამოიყენებს საკუთარი პარტნიორი კურიერების დასაცავად’’,-განაცხადა ნეტგაზეთთან ,,ვოლტის’’ წარმომადგენელმა.

ნინო მეტრეველი, ვოლტის მედიამენეჯერი აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილე კურიერები იკრიბებოდნენ სავაჭრო ობიექტებთან, ავიწროებდნენ, ემუქრებოდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ იმ პარტნიორ კურიერებს, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებდნენ და მუშაობას აგრძელდებნენ. მისი თქმით, კომპანია ფლობს მიმოწერებს და ვიდეომასალას, სადაც ჩანს, “როგორ ახდენენ ზეწოლას საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ პარტნიორ კურიერებზე, ვინც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”.

ავთო მოლაშილი ერთ-ერთი კურიერია, რომელთანაც კომპანიამ თანამშრომლობა შეწყვიტა 31 მარტს. მოლაშვილი უარყოფს ვოლტის განცხადებას.

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ჩემი კოლეგა კურიერებისთვის ხელი არ შემიშლია’’, – ამბობს ავთო მოლაშილი.

მისი შეფასებით, მასთან პარტნიორობის შეწყვეტის მიზეზი არის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება და საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

უკვე ორ თვეზე მეტია ,,ვოლტის’’ კურიერების აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით მიმდინაროებს. ისინი ითხოვენ ანაზღაურების ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, კილომეტრაჟის აღრიცხვის სისტემის გამართვას და კომპანიასთან კოლექტიურ მოლაპარაკებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი