ახალი ამბები

საკვების მიტანის სერვისის ბაზრის ზომა ₾167 მლნ-ია – Galt & Taggart

21 ივლისი, 2021 • 1901
საკვების მიტანის სერვისის ბაზრის ზომა ₾167 მლნ-ია – Galt & Taggart

საქართველოში საკვების მიტანის სერვისის ბაზრის ზომამ 2020 წელს 167 მლნ ლარი შეადგინა, ბაზრის 95%-ს კი ორი კომპანია – გლოვო და ვოლტი – ინაწილებს, – ასეთია საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart-ის მონაცემები.

Galt & Taggart-მა კვლევა, სათაურით „ელექტრონული კომერცია საქართველოში“, 20 ივლისს გამოაქვეყნა. ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა ქვეყანაში საკვების მიტანის სექტორს.

ავტორების თანახმად, COVID-19-ის პანდემიის შედეგად საკვების მიტანის სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, საკონსულტაციო ფირმა წერს, რომ მათი შეფასებით, საკვების მიტანის ბაზრის ზომა 2020 წელს 167.0 მლნ ლარს შეადგენდა.

ეს რიცხვი, კვლევის თანახმადვე, 3-ჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

როგორც Galt & Taggart წერს, საქართველოში საკვები პროდუქტების მიტანის 2 ყველაზე მსხვილი მოთამაშეა კომპანიები, Glovo და Wolt, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს 5 უდიდეს ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი).

„საქართველოში ეს ორი კომპანია ბაზრის დაახლოებით 95%-ს ფლობს 2020 წლის მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ კონკურენცია გაიზარდა 2021 წელს, რადგან ბაზარზე გააქტიურდნენ Bolt Food, Elvis და სხვა შედარებით მცირე ზომის მოთამაშეები“, – წერია დოკუმენტში.

ორივე მათგანი საერთაშორისო კომპანიაა და, კვლევის ავტორების თანახმად, 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

გირჩევთ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შესახებ სტატიას „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

მასალების გადაბეჭდვის წესი