საზოგადოება

რა ვიცით ვაკის პარკის რეაბილიტირებულ შადრევანზე

13 ოქტომბერი, 2022 • 3172
რა ვიცით ვაკის პარკის რეაბილიტირებულ შადრევანზე

„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ინსპექტირების განმახორციელებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციითვე, რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მეწილეები წლების წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

13 ოქტომბერს შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

გამოძიება მიმდინარეობს სამუშაოების ელექტროენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მუხლით.

11.8 მლნ ლარი რეაბილიტაციაში

თბილისის მერიამ ტენდერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 13.4 მლნ ლარი იყო.

კომპანიამ, „გრინსერვისი+“, 5 ოქტომბერს გააკეთა ბოლო შეთავაზება და განაცხადა, რომ მოთხოვნილ სამუშაოებს 11,8 მლნ ლარად შეასრულებდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაზე იაფი ვარიანტი იყო, ხელშეკრულება სწორედ მასთან გაფორმდა.

მიღება-ჩაბარების აქტი

„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც 2022 წლის 26 აგვისტოთი თარიღდება. ამ აქტს ხელს აწერენ:

  • მერიის მხრიდან:
    • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი;
    • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი;
  • კომპანიის მხრიდან:
    • „გრინსერვისი+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

იქვე წერია, რომ სამუშაოები ინსპექტირებულია „აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო „მშენექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიშით“.

ინსპექტირების ანგარიში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე 4 დღით ადრე, 22 აგვისტოს წარუდგინეს მერიას.

ინსპექტირების ანგარიში

ინსპექტირების ჩამტარებელი კომპანია არანაირ დარღვევაზე არ მიუთითებს.

პირიქით, – „მშენექსპერტის“ 500-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ თბილისის მერიას და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები „შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან“.

გარე კონტრაქტორი ელექტრომომარაგებაზე

ინსპექტირების ანგარიშის კვლევით ნაწილში მოცემულია ხარჯთაღრიცხვა, სადაც ჩანს, რომ „ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები“, ჯამში, 72 376 ლარი დაჯდა.

როგორც აღმოჩნდა, ტენდერში გამარჯვებულმა „გრინსერვის+“-მა დაიქირავა გარე კონტრაქტორი, – შპს „ჯორჯიან იუნიონი“, რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა „კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები“.

ხელშეკრულება 2022 წლის 25 ივნისს არის დადებული. ამ ხელშეკრულების მესამე პუნქტი ადგენს, რომ „ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს“.

15 აგვისტოს ამ ორ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ისინი წერენ, რომ „ჯორჯიან იუნიონმა“ შეასრულა 25 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ,

  • დააყენა ალუმინის კაბელები (მათ შორის მაღალი ძაბვის კაბელები);
  • მოაწყო გოფრირებული ორკედლიანი მილი და ა.შ.

ვინ ვინ არის

კომპანია „ჯორჯიან იუნიონის“ (რომელმაც ელექტოკაბელები გაიყვანა) მფლობელი და დირექტორია გიორგი ბენდელიანი. სწორედ მისი გვარია მითითებული დოკუმენტის ამ ნაწილში.

„მშენექსპერტი“

კომპანია „მშენექსპერტს“, რომელმაც გაწეულ სამუშაოებს ინსპექტირება გაუწია და დაწერა, რომ ნორმები დარღვეული არ არის, სამი მფლობელი ჰყავს:

  • მალხაზ წიქარიშვილი – 40%
  • იური მელაშვილი – 30%
  • ნუგზარ ქიტიაშვილი 30%

დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილია.

მშენექსპერტი აკრედიტირებულია სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შემდეგ სფეროებში:

  1. ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება/შესაბამისობის დადგენა;
  2.  შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება;
  3. ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
  4. ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება;
  5. საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირება (არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, საინჟინრო ნაწილები, შრომის უსაფრთხოება, ჰიდროტექნიკური ნაგებობები).

„გრინსერვის+“

სამი მფლობელი ჰყავს მერიის უშუალო კონტრაქტორს, „გრინსერვის+“-საც:

  • ლაშა ფურცხვანიძე, – ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ენმ-ის პერიოდში – 33%
  • კობა ხარშილაძე, – ფურცხვანიძის ყოფილი მოადგილე – 33%
  • ტარიელ კიკნაძე – 34%

ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მეწილეები, მანამდე, დააკავვეს ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით. საქმეს 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა.

საუბარია „გრინსერვის +“- ზე, რომელიც 33-33%-იანი წილი მფლობელები კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე არიან. ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ხოლო ხარშილაძე- მისი მოადგილე.

„გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და, შესაბამისად, შპს „გრინსერვისმა” ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა“, – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ არქივში.

ორგანიზაციის თანახმად, 2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ, რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი -პირდაპირი შესყიდვებიდან.

„ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

2010 წელს ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „გრინსერვისი+“ დაარსეს. ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო. კომპანია ბოლო პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში. მაგალითად, მხოლოდ 2 თვეში, აგვისტო-სექტემბერში „გრინსერვისმა” მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა,“

ამჟამადაც ფურცხვანიძე და ხარშილაძე კომპანიის 33-33%-ს ფლობენ.

„პასუხისმგებელია მერიაც“

მას შემდეგ, რაც ბავშვების დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ „კომპანიის გარდა პასუხისმგებლები არიან მერიის ის თანამშრომლები“, რომლებიც ხელს აწერენ ზემოხსენებულ მიღება-ჩაბარების აქტს . მათთან ერთად:

  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი;
  • თბილისის მერის ის მოადგილე, რომელიც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს კურირებს.

ოპოზიცია საუბრობს უშუალოდ კალაძის პასუხისმგებლობაზეც. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ყველა დაისჯება“. ამასთან, კითხვაზე, ხედავს თუ არა მერიის პასუხისმგებლობას, მერმა განაცხადა:

„რა თქმა უნდა [ვხედავ პასუხისმგებლობას], უდიდესი თემა არის, უმძიმესი თემა არის. თავზარდაცემული ვართ ყველა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“.


დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგო, დაიღუპა.


სტატიის ავტორები: ლუკა პერტაია, ნინო ბიძინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი