ახალი ამბები

ვაკის პარკში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 9-დან 8 პირს პატიმრობა მიესაჯა

10 ივლისი, 2023 • 1175
ვაკის პარკში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 9-დან 8 პირს პატიმრობა მიესაჯა

ვაკის პარკში მოზარდის დაღუპვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა.

მათ შორის არიან,როგორც მერიის კონტრაქტორი კომპანიის “გრინსერვის პლუსის”, ისე “მშენ-ექსპერტის” თანამშრომლები და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. თითოეულ მათგანს სასამართლომ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

მათ შორის:

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გიორგი ვახტანგაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
  • “გრინსერვისი+“-ის  დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და  362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს ბექა მურღვლიანს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს   ლაშა ჭიღიტაშვილს – 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
  • “ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ერთ ხელოსანს გიორგი გობეჯიშვილს – 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • “გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • ხოლო ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს  ნუგზარ ქიტიაშვილს და ამავე კომპანიის ექსპერტს დათო თუთიშვილს  362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

რაც შეეხება “ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ კიდევ ერთ ხელოსანს ვალერი გობეჯაშვილს, ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

პროკურატურა სასამართლოს განაჩენს ვალერი გობეჯაშვილის გამართლების ნაწილში და სხვა ბრალდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, ,,მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტის და სამი იურიდიული პირის ბრალდების საქმეზე.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი