კომპანიას, რომელსაც ვაკის პარკში სადავო სასტუმრო უნდა აეშენებინა, მერია ადგილმონაცვლეობის პრინციპით ორ ნაკვეთს გადასცემს თბილისის სხვა ტერიტორიებზე. ერთ-ერთ მათგანს, რომლის ფოტოც “სტუდია მონიტორმა” გაავრცელა, სატყეო ზონის სტატუსი აქვს, სადაც მშენებლობები იკრძალება.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 21 დეკემბრის დილას აუწყა, რომ სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებელ კომპანიას $2.8 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთებს გადასცემენ.
მოგვიანებით “ნეტგაზეთს” მერიაში უთხრეს, რომ საუბარია ორ ნაკვეთზე, რომელთაგან ერთი კრწანისშია, მეორე — ლისის ტბის მიმდებარედ. პრესსამსახურის ცნობით, ლისის მიმდებარე ნაკვეთის ფართობი 5 ჰექტარია, კრწანისისა კი — 4 000 კვ.მ.
მოგვიანებით ლისის ტბაზე მდებარე ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა “სტუდია მონიტორმა” გაასაჯაროა. საუბარია ნაკვეთზე, რომელსაც, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს რუკის თანახმად, სატყეო ზონის სტატუსი აქვს.
კანონმდებლობა ამბობს, რომ სატყეო ზონა წარმოადგენს “ქალაქ თბილისის საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა”.
ვაკის პარკში სასტუმრო უნდა აეშენებინა “ტიფლის დეველოპმენტს”. “ნეტგაზეთი” კომპანიის დირექტორს, გიორგი ზაქაიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ აპირებს კომპანია თბილისის მერიის მიერ ადგილმონაცვლეობით გადაცემული ნაკვეთების გამოყენებას და როგორ. ზაქაიძემ დეტალების შესახებ არ ისაუბრა და თქვა, რომ ადგილმონაცვლეობის დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ არ არის ხელმოწერილი.
“სანამ ხელმოწერა არ იქნება, არაფერს ვახმაურებთ”, — დასძინა მან.
“ნეტგაზეთი” თბილისის მერიასაც დაუკავშირდა კრწანისში მდებარე ნაკვეთის კოორდინატების დასადგენად. პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკრებულოს მიერ კომპანიისთვის ნაკვეთების გადაცემის საკითხის განხილვამდე პასუხს ვერ გაგვცემენ.
მერიაში ჯერჯერობით ვერც იმას აკონკრეტებენ, როდის განიხილავს საკრებულო ამ საკითხს.
რა ვერ აშენდა ვაკის პარკში
ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება 2013 წლის 24 ივლისს, თბილისის იმჟამინდელი მერის, გიგი უგულავას განკარგულებით დამტკიცდა.
შეთანხმების ფარგლებში ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა, იმავე წლის სექტემბერში კი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა. მშენებლობას ვაკის პარკში გამართულ აქციებზე აპროტესტებდნენ.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე სასამართლო დავაც მიმდინარეობდა. 2019 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ თბილისის მერიის 2013 წლის ბრძანება ძალაში დატოვა, თუმცა კახა კალაძემ მალევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ადგილზე სასტუმრო არ აშენებულიყო.
მისი თქმით, ვაკის პარკში ამ სასტუმროს აშენება კატეგორიულად მიუღებელია და გასულ წლებში კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადგილმონაცვლეობისთვის განსაზღვრულ თანხაზე შეთანხმდნენ.
“…ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის $2.8 მილიონი, დაახლოებით 3 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე ამ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნილი”, — დასძინა მან 21 დეკემბერს.
ვრცლად:
ვაკის პარკში მშენებლობის სანაცვლოდ კომპანიას მიწას ლისზე და კრანისში გადასცემენ