თბილისის მერის თქმით, $2.8 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთს გადასცემენ კომპანიას, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას გეგმავდა. კახა კალაძე ამბობს, რომ საუბარია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე.
ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება 2013 წლის 24 ივლისს, თბილისის იმჟამინდელი მერის, გიგი უგულავას განკარგულებით დამტკიცდა.
შეთანხმების ფარგლებში ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა, იმავე წლის სექტემბერში კი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა. მშენებლობას აპროტესტებდნენ ვაკის პარკში გამართულ აქციებზე.
“ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არცერთი მშენებლობა არ განხორციელდებოდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიდგომით ვართ დღესაც… და ასევე, რაც წაღებული აქვთ, იმისთვის, რომ განეხორციელებინათ სხვადასხვა სამუშაო, მოვახერხოთ, მოველაპარაკოთ მეპატრონეებს და ეს სივრცეები დავუბრუნოთ დედაქალაქს…”, — დასძენს კალაძე.
მისი თქმით, ვაკის პარკში ამ სასტუმროს აშენება კატეგორიულად მიუღებელია და გასულ წლებში კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადგილმონაცვლეობისთვის განსაზღვრულ თანხაზე შეთანხმდნენ.
“დღეს უკვე მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა გახლდათ $5.7 მილიონი. აღნიშნული კომპანია თავის პროექტს და იმ ტერიტორიას ასე აფასებდა, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა დავა, მოლაპარაკებები.
თუმცა ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის $2.8 მილიონი, დაახლოებით 3 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე ამ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნილი”, — დასძინა მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, კომპანიას გადაეცემა ორი ნაკვეთი: 5ჰა ფართობის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ და 4 000 კვ.მ. ფართობის ნაკვეთი კრწანისის ტერიტორიაზე.
თბილისის მერის სიტყვებით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ ადამიანები, “ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ვისაც წარმოუდგენია და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეები ჩვენი ქალაქისთვის”.
“უამრავი ადამიანი აპროტესტებდა, ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო”, — თქვა კალაძემ.
მანვე თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მოაწესრიგოს ვაკის პარკის ის ტერიტორია, სადაც მშენებლობისთვის მოსამზადებელი გარკვეული სამუშაოებია ნაწარმოები:
“ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს”.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე სასამართლო დავაც მიმდინარეობდა. 2019 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ თბილისის მერიის 2013 წლის ბრძანება ძალაში დატოვა, თუმცა კალაძემ მალევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ადგილზე სასტუმრო არ აშენებულიყო.