ახალი ამბები

„უნდა გადადგეს“ — ოპოზიცია პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს

13 ოქტომბერი, 2022 • 686
„უნდა გადადგეს“ — ოპოზიცია პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგოს დაღუპვის შემდეგ, ოპოზიცია თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა კახა კალაძემ უნდა აიღოს.

„ახლა გაჩუმება არის დანაშაული. დანაშაული იმიტომ, რომ ათობით მილიონ ლარს ხარჯავენ კორუფციულად და მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ფული იშოვონ, არად დაუდევთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ჩემი შვილებიც დადიან სკვერებში, ჩემი შვილებიც თამაშობენ და დღეს უკვე უსაფრთხო აღარ არის არაფერი — ჯერ ჭერი ჩამოვარდა ვარკეთილის მეტროში, მერე ლამის გაჩერება დაეცა მოქალაქეებს ვაკეში და ახლა ვხედავთ, რომ ვაკეში სათამაშოდ წასული ბავშვი აბსოლუტურად მშვიდ, წყნარ გარემოში თურმე შეიძლება იყოს საშიში და ყველაფერი ასე კატასტროფ​​ულად დასრულდეს.

ამასობაში მერმა გახსნა სკვერი და დღეს ამბობს, რომ იცით რა, კომპანიამ… კომპანია კი არა, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მკვლელები და ქურდები“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებითაც, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დადგეს.

„მე ვერ ვიტყვი, რომ ეს შეიძლება იყოს შემთხვევითობა. ეს არის რაღაცის შედეგი და მაშინ, როდესაც ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამას კონკრეტული პასუხისმგებლები ჰყავს. როცა მილიონები იხარჯება ბიუჯეტიდან და პომპეზურად იხსნება ეს ყველაფერი და მეორე დღეს ეს ყველაფერი ხდება, სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური პასუხისმგებლობაზეც, პერსონალურ პასუხისმგებლობაზეც საუბარი. იმიტომ, რომ მომავალში ასეთი უბედურება არ მოხდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მომხდარს გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელმაც სოციალური ქსელში დაწერა, „გადადგეს! უნდა გადადგეს!“.

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგო, დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი