საზოგადოება

ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა – ისინი მძიმედ არიან

13 ოქტომბერი, 2022 • 2464
ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა – ისინი მძიმედ არიან

ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედაა.

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ტელეარხთან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყა, დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თანახმადვე, არასრულწლოვნები დაახლოებით მეცხრე- ან მეათეკლასელები იქნებოდნენ.

შსს-ს ცნობით, ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკაში „ნეტგაზეთს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ მძიმედ არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც გულისხმობს „ელექტროენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“ (240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობას.

რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და განაცხადა: „ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა“.

მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, ჯამში, 6 500 000 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი