საზოგადოება

წელს ღირსების მარში არ ტარდება, მთავრობამ უნდა დაიცვას უსაფრთხოება – „პრაიდი“

26 ივნისი, 2022 • 1173
წელს ღირსების მარში არ ტარდება, მთავრობამ უნდა დაიცვას უსაფრთხოება – „პრაიდი“

„თბილისი პრაიდის“ საორგანიზაციო ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ წელს „ღირსების მარში“ არ ტარდება და მხოლოდ სამი ღონისძიება იგეგმება დახურულ სივრცეში, ორგანიზატორებს აქვთ კომუნიკაცია შსს-სთან და მათგან დაცვის გარანტიებიც მიიღეს, თუმცა შეშფოთებას გამოხატავენ „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი მოწოდებების გამო, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძეს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

„თბილისი პრაიდი“ მოითხოვს:

  • „მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
  • დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

 

„გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 28 ივნისს ვხსნით პრაიდ კვირეულს. წელს, ძალიან შეგნებულად და გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საზოგადოების პოლარიზაციის და განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე. არ ვატარებთ ღირსების მარშს. პრაიდ კვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია ალტ-ინფო ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.

ჩვენ ორი თვეა აქტიურ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებულ დეტალებზე. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს ვაწვდით ფაქტებს გაჟღერებული მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ. შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

თუმცა გვაღელვებს ის ფაქტი და გვიჩენს სერიოზულ ეჭვებს და შიშებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ბოლო დღეებში აქტიურად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტებელი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ხოლო, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის მოვლენების ორგანიზებაში ალტ-ინფოს ლიდერების ბრალს, რითაც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს“, – განაცხადა 26 ივნისს ბრიფინგზე მარიამ კვარაცხელიამ, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი