კომენტარი

“ოცნებიდან“ წასული სამეულის ანტიდასავლური კონსპირაცია რევოლუციასა და საქართველოს ომში ჩართვაზე

29 ივნისი, 2022 • 1927
“ოცნებიდან“ წასული სამეულის ანტიდასავლური კონსპირაცია რევოლუციასა და საქართველოს ომში ჩართვაზე

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები — დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი — ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური კონსპირაციით, თითქოს, “დიდ ძალებს” საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ამ სცენარში, დეპუტატების განცხადებით,  ქართულ ოპოზიციასთან ერთად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობს.

განცხადებაში სამეული აღნიშნავს, რომ მოვლენების შესახებ მათი და „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს და ვერ თანხმდებიან მხოლოდ ერთზე — რა დოზით უთხრან სიმართლე საზოგადოებას.

„დიდწილად გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისას თავშეკავებაა საჭირო. თუმცა დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ბევრად მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართული პოლიტიკის კულისებში. აქ სასწორზე დგას არა ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ჩვენგანის, არამედ სახელმწიფოს და ხალხის ბედი. შესაბამისად, დროა, საკუთარი თავის და ქვეყნის დაცვა უშუალოდ ხალხს უფრო მეტად მივანდოთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ხუნდაძის, სუბარისა და ყაველაშვილის ცნობით, „არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე“.

„ამისთვის შედგა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი პიტერ აკერმანი. ამისთვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების თქმით, კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს და ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს.

„პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო. ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ, და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ აცხადებს, რომ ევროკავშირს მოლდოვისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების პირობა არ დაუყენებია.

დეპუტატები ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობის რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე”: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია, და მიუთითებენ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროკომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრების თქმით, ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია — სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას.

ხუნდაძე/სუბარი/ყაველაშვილის მტკიცებით, რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი, მეორე კი-შედარებით გრძელვადიანი.

„მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით, საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა. მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოჰყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა. ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატების თქმით, გალერს „ისიც ათქმევინეს“, რომ ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდეს.

„გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს. უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც ასევე აკერმანის სცენარის ნაწილი იყო. ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად სჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები“, — ამბობენ დეპუტატები.

მათი თქმით, კანდიდატის „არაფრისმომცემი“ სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება და, როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.

„როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ“, — ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატები აცხადებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება.

„რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცეებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გვაკისრია. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“, — ნათქვამია განცხადებაში.

ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი ამბობენ, რომ რჩებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და გუნდს ყველანაირად დაეხმარებიან ყველა საქმეში, რომელიც ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ არის გასაკეთებელი, მაგრამ მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის და ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება და დამოუკიდებლად მოქმედება.

თუმცა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს არც ცალკეულ კომენტარებში და არც ერთობლივ განცხადებაში ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ იმაზე მეტი (თუ არ ჩავთვლით სალომე ზურაბიშვილის როლს), რასაც მმართველ პარტიას ყოველდღიურად საუბრობს.

კონსპირაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ხელისუფლების „აყირავებას“ და ქვეყნის ომში ჩართვას ისახავდა მიზნად (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც), თავდაპირველად გაახმოვანა პროსამთავრობო ექსპერტმა ზაზა შათირიშვილმა.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ, ასევე თქვეს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რადგან ომში არ ჩაერთო.

„არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს, სირცხვილია, რომ იომებ და MAP-ს არ გაღირსებენ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოსგან ამას არავინ ითხოვს და ხელისუფლება მეორე ფრონტის თემას საკუთარი შეცდომებიდან ყურადღების გადასატანად და მოსახლეობის წნეხის ქვეშ მოსაქცევად იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი