საზოგადოება

რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში ბრძოლაზე უარს ამბობენ

13 მაისი, 2022 • 7183
რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში ბრძოლაზე უარს ამბობენ

მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში რუსეთის არმიის ელიტურ ბრიგადას განუცხადეს, რომ უკრაინაში ჯარების გადაყვანის მეორე ეტაპისთვის უნდა მომზადებულიყვნენ, მათ რიგებში შიში გაჩნდა.

The Guardian წერს, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განლაგებული ჯარები უკრაინაში ბელარუსის გავლით შეიყვანეს:

„მალევე ცხადი გახდა, რომ ამ ქმედებას ყველა არ ეთანხმებოდა. ბევრ ჩვენგანს იქ დაბრუნება აღარ უნდოდა“ – უთხრა დანაყოფის წევრმა The Guardian-ს ანონიმურობის გარანტიით: – „მინდა ჩემს ოჯახთან დავბრუნდე და არ მინდა, ეს კუბოთი მოხდეს“.

გამოცემა წერს, რომ დმიტრიმ (სახელი პირობითია), 8 თანამებრძოლთან ერთად, ხელმძღვანელობას უარი უთხრა ომში ხელახლა წასვლაზე. მისი თქმით, ამ განცხადებამ ხელმძღვანელობა თავდაპირველად განარისხა, თუმცა მოგვიანებით დამშვიდება მოუხდათ, რადგან ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლოთ.

The Guardian-ის ცნობით, მალევე დმიტრი და სხვა მებრძოლები, რომლებმაც უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს, ბელგოროდში გადაიყვანეს. რუსულ ქალაქში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს. გამოცემასთან ინტერვიუში რუსი სამხედრო ამბობს, რომ რუსეთის ჯარში 5 წელია მსახურობს და კონტრაქტი ივნისში ეწურება, რის შემდეგაც სამხედრო სამსახურს დატოვებს:

„მე არაფერი გამიკეთებია, რისიც შეიძლება მრცხვენოდეს. ჩვენ ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში არ ვართ, ასე რომ, [საბრძოლო მოქმედებებში] წასვლას ვერ მაიძულებენ”.

The Guardian წერს, რომ ამგვარი წინააღმდეგობა ხაზს უსვამს სამხედრო სირთულეებს, რომელსაც რუსეთის არმია აწყდება კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო: ფორმალურად არ გამოაცხადოს უკრაინასთან ომი და ომის დაწყებიდან მეოთხე თვესაც შეჭრას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული კანონმდებლობით, ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში ბრძოლაზე უარს იტყვიან, შესაძლებელია გაათავისუფლონ სამხედრო სამსახურიდან, თუმცა ბრალს ვერ წაუყენებენ [დეზერტირობისთვის]. იურისტი მიხაილ ბენიაში აცხადებს, რომ მის გუნდს ასობით სამხედრო დაუკავშირდა და რჩევა ჰკითხა, როგორ აერიდებინათ თავი ომში წასვლისთვის:

„მეთაურები ცდილობენ დაემუქრონ საკუთარ ჯარისკაცებს ციხით, თუ ისინი ომში არ წავლენ, მაგრამ ჩვენ მათ ვაფრთხილებთ, რომ შეუძლიათ უბრალოდ უარი თქვან. არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები საქმის აღსაძვრელად, თუ ჯარისკაცი უარს იტყვის ბრძოლაზე, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება“, – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, შესაბამისად, ბევრ სამხედროს გათავისუფლება ურჩევნია, ვიდრე უკრაინაში „საზარბაზნე ხორცად წასვლა“.

დმიტრის მსგავს ისტორიას უყვება კიდევ ერთი 23 წლის რუსი სამხედრო BBC-ს, რომელმაც აპრილის ბოლოს რუსეთის ჯარის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – „ჩვენი მეთაურები არც კი ცდილობდნენ შეკამათებას იმიტომ, რომ პირველები არ ვყოფილვართ, ვინც ასე მოიქცა“.

იურისტი The Guardian-თან ამბობს, რომ ბრძოლისთვის თავის არიდება სამხედროებისთვის უფრო რთული იქნებოდა, თუ რუსეთი საომარ მდგომარეობას გამოაცხადებდა, რადგანაც ომის დროს კანონები კარდინალურად იცვლება და ასეთ შემთხვევაში ბრძოლაზე უარის თქმისთვის სამხედროებს პატიმრობაც დაემუქრებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ზუსტად რამდენი ჯარისკაცი ამბობს ბრძოლაზე უარს, ექსპერტების თქმით, ეს ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწყდება. The Guardian-ის ცნობით, თებერვალში რუსეთმა  უკრაინაში საკუთარი ძირითადი საბრძოლო ძალების 80% გააგზავნა, რაც 150 000-მდე ჯარისკაცს შეადგენდა. აღნიშნულ ძალებს კი, ექსპერტების შეფასებით, სერიოზული ზიანი მიადგა, რაც განპირობებული იყო ლოჯისტიკური პრობლემებით, დაბალი საომარი სულისკვეთებით და უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებით.

„პუტინმა უახლოეს კვირებში უნდა გადაწყვიტოს [საყოველთაო] მობილიზაციასთან დაკავშირებით“, – უთხრა გამოცემას სამხედრო ანალიტიკოსმა რობ ლიმ. მისი თქმით, რუსეთს არ ჰყავს საკმარისი კონტრაქტორი ჯარისკაცები ეფექტური როტაციისთვის და ბრძოლის ველზე მყოფი სამხედროები გამოფიტული არიან. ექსპერტის თქმით, ისინი ასე გაგრძელებას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ.

BBC-ს გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაკანსიებს აქვეყნებს დასაქმების საიტებზე და ადამიანებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, რუსეთის არმიაში მოკლევადიანი კონტრაქტებით გაწევრიანებას სთავაზობს. დიდმა სახელმწიფო კომპანიებმა კი, გამოცემის ცნობით, წერილებიც მიიღეს, მოეწოდებინათ მათი თანამშრომლებისთვის არმიაში გაწევრიანება. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნებაყოფლობითი რეკრუტირება და დაქირავებული ჯგუფები მნიშვნელოვნად ვერ გაზრდიან ჯარის შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი