წინასწარი შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა თავშესაფრის ძიებაში ქვეყანა დატოვა.
უკრაინელი ლტოლვილები ქვეყნიდან ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადადიან, თუმცა მათ მეზობელი მოლდოვაც იღებს.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის ცალკეული ლიდერის განცხადებისა, რომ ქვეყანა მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს უკრაინას მათ შორის ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც, ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე გეგმა, ან მიმართა თუ არა თბილისმა კიევს შესაბამისი შეთავაზებით. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.
ნეტგაზეთი მესამე დღეა ცდილობს მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი, თუმცა, უშედეგოდ.
რომელ ქვეყნებს აფარებენ უკრაინელები თავს?
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემებით, ომის გამო ქვეყანა იძულებით დატოვა 2,504,893-მა ადამიანმა. მათ დროებით თავშესაფარს სთავაზობენ ევროკავშირის ქვეყნები. ძირითადად, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ასევე, მოლდოვა, რომელმაც საქართველოსა და უკრაინასთან ერთად ცოტა ხნის წინ შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი.
რიცხვებში ლტოლვილთა რაოდენობა გამოიყურება ასე:
- პოლონეთი – 1,524,903
- სხვა ევროპული ქვეყნები – 282,497
- უნგრეთი – 225,046
- სლოვაკეთი – 176,092
- რუსეთი (უმეტესწილად იგულისხმება ადამიანები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან) – 105,897
- მოლდოვა – 104,929
- რუმინეთი – 84,671
- ბელარუსი – 858
საქართველოს პოზიცია
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საქართველო, უკრაინას ოფიციალურად შესთავაზოს ლტოლვილების ნაწილის მიღება. არ გასაჯაროებულა არც რაიმე სტრატეგია ან გეგმა, რომელიც ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით აქვს.
თუმცა ცალკეულ მაღალჩინოსანთა ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა ამისთვის მზადაა. მაგალითად, 28 თებერვალს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში მობილიზებულია, აღმოვუჩინოთ ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“.
„ასე რომ, რაც არ უნდა სირთულეები, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა ჰქონდეს ქვეყანას და ქვეყნის შიგნით ჰყავდეს დევნილი მოსახლეობა, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვესმის, რა არის სოლიდარობის ფასი.
სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ღიად ვამბობ, საქართველო, რა თქმა უნდა, მზად არის, ასეთ შემთხვევაში მიიღოს ლტოლვილები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც საუბრობს ლტოლვილების მიღების მზაობაზე. კერძოდ კი ამბობს, რომ დღეს მთავრობა უკრაინელებს რამდენიმე მიმართულებით უჭერს მხარს, მათ შორის, აქ ჩარჩენილ ტურისტებს ეხმარება და პერიოდულად გზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას. ასევე:
„საქართველომ შესთავაზა უკრაინას, რომ მიიღებს ლტოლვილებს, თუ ამის საჭიროება არის,“ – ამბობს პაპუაშვილი, თუმცა დეტალებში არ შედის.
მიმართა თუ არა თბილისმა კიევს ლტოლვილების საკითხზე, როგორია გეგმა, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია ქვეყანას? – ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ნეტგაზეთი ამ დრომდე ელოდება პასუხს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებიდან.
თბილისში მდებარე უკრაინის საელჩოში გვითხრეს, რომ არ იციან, არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური პროგრამა ლტოლვილების მიღებაზე.
„დაახლოებით 500-მდე ადამიანს დავეხმარეთ“
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად 300 უკრაინელ ოჯახს ეხმარებიან (მათ შორის საცხოვრებლის უზრუნველყოფით სასტურმოებში), რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ 1-დან 23 თებერვლის ჩათვლით – ანუ აქ ჩამოვიდნენ მანამ, სანამ ომი დაიწყებოდა.
უწყებას, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, არ აქვს ინფორმაცია ლტლოვილებზე, რომლებმაც უკრაინა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს ადმინისტრაციაში განუმარტეს, 300-ვე ოჯახს დახმარებას მიაწვდიან მანამ, სანამ მათ ეს დასჭირდებათ.
სამოქალაქო ინიციატივები
უკრაინელების დასახმარებლაად გააქტიურდა არაერთი სამოქალაქო ჯგუფი. ფეისბუკზე არაერთი ჯგუფი თუ ანგარიშია, რომელიც უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ეხმარება. ერთ-ერთი მათგანი Spend 4 Seasons in Georgia არის, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები უკრაინიდან ჩამოსულთათვის სხვადასხვა დახმარებას, მათ შორის, განსათავსებელ ბინებს ეძებენ. საუბარია მათ დახმრებაზეც, ვინც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა.
დახმარების შტაბი შეიქმნა ბათუმშიც. მისი ერთ-ერთ ორგანიზატორი საკრებულოს წევრი, ირაკლი კუპრაძეა. ის ნეტგაზეთს უყვება, რომ შტაბი არცერთ პარტიას არ წამოადგენს და უბრალოდ აერთიანებს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დახმარების სურვილი აქვს.
ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ შტაბი არ აგროვებს ფინანსებს, რადგან უკრაინელ მოქალაქეებს ახლა ყველაზე მეტად გადაუდებელი საჭიროების ნივთები სჭირდებათ.
„პირადად ჩვენმა შტაბმა დაახლოებით 500-ზე მეტი ადამიანის დროებითი განსახლება მოახდინა მთელ საქართველოში. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. მაგალითად, დღეს დილით 6 თუ 7 ოჯახი დავასახლეთ, რომელიც დღეს და გუშინ ღამე ჩამოვიდნენ. უმეტესობა ჩამოდის პოლონეთისა და ბულგარეთის გავლით. თურქეთიდან შემოდიან შემდეგ. არიან ის ადამიანებიც, რომლებიც დროებით იყვნენ რუსეთში – ან ნათესავებთან, ან ახლობლებთან, ან ტურისტული მიზნით და იქიდან მოუწიათ გამოქცევა, უკვე ლარსიდან გადმოსვლა,“ – აცხადებს კუპრაძე.
მას ვკითხეთ, რას ფიქრობდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული არანაირი პროგრამა ლტოლვილებისთვის. მან გვიპასუხა, რომ ეს არის ხელისუფლების სისტემური პრობლემა – „რომელშიც ვერაფერში, ვერასდროს სისტემა ვერ გამართა”.
ლტოლვილის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ადამიანი საქართველოში გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებს მიიღებს, მათ შორის, სოციალურ შემწეობას, ჯანდაცვის დაზღვევას და ა.შ.
„იუსტიციის სახლს უნდა მიმართოს ჩამოსულმა [იმისათვის, რომ ლტოლვილის სტატუსი მიიღოს], მაგრამ როგორ ხდება, რა კრიტერიუმებით და რა ვადებში – ნორმალურად გაწერილიც კი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი გავუშვით ამ მიმართულებით, არ მეგულება არავინ, ვინც მიიღო“, – ამატებს კუპრაძე.
„პარლამენტში დავაყენებთ ერთ-ერთ მთავარ საკითხად”
საქართველოს მთავრობის “პასიურ” დამოკიდებულებას ამ საკითხებთან დაკავშირებით აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი, ხატია დეკანოიძე.
ის ამბობს, რომ ეს საკითხი თავის დროზე პარლამენტშიც დააყენა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
„უფრო მეტსაც გეტყვით, მათ [მთავრობას] არ ჰქონიათ ორმხრივი საუბარი ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს, მათ შორის, ადამიანების, უკრაინელი მოქალაქეების აქ განთავსებას. მე ეს საკითხი დავსვი [პარლამენტში] – ვიკითხე, გვაქვს თუ არა ამის თანხები გამოყოფილი, მაგრამ მაშინაც ვერ მივიღეთ პასუხი.
რეალურად, ეს ხდება ორმხრივად. უნდა შევთავაზოთ უკრაინელებს ადამიანების ჩამოყვანა და განთავსება, მათ შორის, ბავშვების, სამხედროების მკურნალობა – რაც რეალურად ხდება ხოლმე სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების შემთხვევაში. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ შემოიფარგლნენ დახმარებით, რომელსაც „საქართველოს მთავრობისგან“ ეწერა და არა – საქართველოს მოქალაქეების სახელით”, – ამბობს დეკანოიძე.
კითხვაზე, თუ აპირებს ოპოზიცია ამ საკითხის კვლავ წამოწევას, დეკანოიძე გვპასუხობს, რომ ამოს შესახებ ისაუბრებენ როგორც ორშაბათს (პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლა), ასევე სამშაბათს (პარლამენტის პლენარული სხდომა“ – „იმედია, წნეხის ფონზე რაიმე შეიცვლება.
„მომავალში ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ასეთ ვითარებაში“
ნეტგაზეთთან ინტერვიუში პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეკა აკობია ამბობს, რომ ზოგადად, უკრაინასთან დაკავშირებით მთავრობის დამოკიდებულება აჩვენებს მის მცდელობას, „გაატაროს არადეკლარირებული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა“, რასაც არაპრაგმატულად მიიჩნევს და აკრიტიკებს. ის ფიქრობს, რომ სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ლტოლვილების საკითხიც.
მისი თქმით, საქართველოს მორალური და პოლიტიკური ვალდებულებაა, უკრაინას გაუწოდოს დახმარების ხელი და „ეს გააკეთოს თვალსაჩინოდ, ორგანიზებულად, ეფექტურად და დროულად. თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა“.
მისი განმარტებით, აუცილებელია პრაგმატული პოლიტიკის საჭიროება, “იმიტომ, რომ წარსულში საქართველო და საქართველოს მოქალაქეები ყოფილან რუსული აგრესიის გამო ლტოლვილები და საერთაშორისო თანამეგობრობისგან გაწვდილი ხელი მიგვიღია. ძალიან სამწუხაროა, რომ იმავეს ჩვენ არ ვაკეთებთ”.
“თითქოს ამ პოლიტიკის გამართლებას ცდილობენ, რომ აი, ჩვენ თვითონ არ გვაქვს შესაძლებლობები, ჩვენ თვითონ გვყავს დევნილები – მაგრამ მდგომარეობის სიმძიმეს უნდა აცნობიერებდნენ [მთავრობის წევრები] და უნდა იცოდნენ, რომ ამ წუთას უკრაინელები გაურბიან პირდაპირ რაკეტებსა და ცეცხლს. მომავალში კი ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ასეთ ვითარებაში. შესაბამისად, პირდაპირ ვალდებულია საქართველო, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც მოძმე ერი და იგივენაირი საფრთხის წინაშე მყოფი სახელმწიფო,, რომ დააფიქსიროს, თუნდაც სიმბოლურად, თუნდაც რიტორიკით, ეს მზადყოფნა“, – აცხადებს აკობია.
კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის ის არგუმენტი, რომ საქართველო უკრაინის მოსაზღვრე არაა და, შესაბამისად, ბევრ ლტოლვილს ვერც მიიღებს – აკობია გვპასუხობს, რომ ამგვარი პოზიცია უადგილოა. ამასთანავე, ამატებს, რომ ლტოლვილების მიღება თვითმფრინავითაც შეიძლება, ამისი პოლიტიკური ნება და სურვილი რომ არსებობდეს, და ამისათვის ქვეყანა ფინანსურ სუბსიდიებსაც მიიღებდა დასავლეთიდან.
„საქართველოს ექნებოდა მხარდაჭერა, რომ იქცეოდეს, როგორც მეგობარი ქვეყანა და მართლა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე არავინ ჩამოკიდებდა ამ საკითხს. უბრალოდ, ეს მთავრობა ვერ ახერხებს, სწორად პოზიციონირდეს ამ ვითარებაში“, – ამატებს ის.