ახალი ამბები

პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 14 მარტს წარდგება

9 მარტი, 2022 • 1243
პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 14 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ორშაბათს, 14 მარტს, წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 9 მარტს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მანამდე პრეზიდენტი ითხოვდა, რომ მისთვის პარლამენტს 5 მარტს მოესმინა, თუმცა ბიურომ ამ თარიღს მხარი არ დაუჭირა.

განცხადება, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა 5 მარტს სურდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მარტს გაავრცელა, როცა  ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ხოლო ბრიუსელში -ევროპული საბჭორს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენს. პრეზიდენტს ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთანაც.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში სხდომის არჩანიშვნით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის დასჯას ცდილობდა. „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, ზურაბიშვილი იმ პოზიციის გამო ისჯება, რაც მან საერთაშორისო პარტნიორებთან და მედიასთან დააფიქსირა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი