მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არაერთმა რუსმა ჟურნალისტმა, ხელოვანმა თუ აქტივისტმა გააცნობიერა, რომ თავის ქვეყანაში აღარ დაედგომება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლებამ მკვეთრად გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა, ქვეყანას ტოვებენ მოქალაქეები, რომელთაგან არაერთი ბოლო წუთამდე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ისინი ცალსახად ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში და აცხადებენ, რომ არ სურთ იცხოვრონ სახელმწიფოში, სადაც დაპატიმრების რისკის გამო გაჩუმება მოუწევთ. “ნეტგაზეთის” ამ სტატიაში ნახავთ, ვინ და რატომ მიდის რუსეთიდან.
“არანაირი რუსეთი აღარ არსებობს”
ცნობილი რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი რუსეთში აღარ ცხოვრობს. მან რამდენიმე დღის წინ აცნობა საზოგადოებას სამშობლოს დატოვებისა და ლატვიაში გადასვლის შესახებ.
“წავედით. რამდენიმე მიზეზია. თუმცა, რეალურად, მხოლოდ ერთი: კრიმინალური ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წამოიწყო.
შეუძლებელია, იცხოვრო ქვეყანაში, თუნდაც მშობლიურსა და საყვარელში, სადაც გაჩუმებენ. განსაკუთრებით კი იმ ადამიანისთვის, რომლის ერთადერთი იარაღიც სიტყვაა”, — დაწერა მან “ფეისბუკზე”.
დოლინი წერს, რომ მთელი ცხოვრება უარს ამბობდა რუსეთის დატოვებაზე, ვინაიდან ესაა მისი სამშობლო და სხვა არასდროს სდომებია. თუმცა, მისი სიტყვებით, “არანაირი რუსეთი აღარ არსებობს. რუსეთი თავმოჭრილი ქათამია”.
“მე უბრალოდ ვერ ვისუნთქებდი ჰაერს მოსკოვისა, რომელშიც ხალხი განაგრძობს თავის გეგმებზე საუბარს, ფილმების ყურებას, ხელოვნების კრიტიკის დისკუსიებს, ვერნისაჟებსა და პრემიერებზე სიარულს მაშინ, როცა უკრაინაში ხალხი იხოცება.
ასეთი არსებობის ყოველი წუთი ადასტურებს აშკარა [ფაქტს]: შენ თანამონაწილე ხარ”.
მისივე თქმით, “მთელი სამყარო ჩამოინგრა” ომის დაწყების შემდეგ და “შეუქცევადად შეიცვალა” ყველა იმ ადამიანის ცხოვრება, “რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რუსულად საუბრობს ან, სულ მცირე, რუსული კულტურის ნაწილია. უბრალოდ, ბევრმა (უმეტესობამ?) ჯერ ვერ გააცნობიერა ეს”.
პირველ ფოტოზე ჩანს ანტონ დოლინი უკრაინის დროშის ფონზე. დოლინს ხელში უჭირავს ჟურნალი “ისკუსტვო კინო”, რომლის რედაქტორიც თავდაა. მეორე ფოტოზე ჩანს დოლინის ბინის კარი, მონიშნული “Z” სიმბოლოთი.
“უკრაინელებს ექნებათ შანსი, ვკლავ აღზევდნენ ფერფლიდან და ნანგრევებიდან. ისინი გაძლიერდებიან და შეძლებენ — თუ მოისურვებენ — დაივიწყონ გადატანილი ტანჯვა. ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა და არც უფლება, რომ ვიყოთ დავიწყებულნი. ჩვენ ბრენდირებული ვართ”, — აღნიშნავს ის.
დოლინის თქმით, ვერაფერზე ფიქრობს, გარდა ომისა. როგორც ამბობს, უკრაინაში არაერთი მეგობარი ჰყავს, თუმცა საქმე მხოლოდ მათ არ ეხებათ:
“უკრაინელები მართალნი არიან და ამიტომ გაიმარჯვებენ. ადრე თუ გვიან, მაგრამ გარდაუვალად. ფაქტობრივად, მათ უკვე გაიმარჯვეს. ჩვენ კი კატასტროფის წინაშე ვართ, რომელიც არც ეკონომიკურია და არც პოლიტიკური. ეს მორალური კატასტროფაა.
უძლურება იმ [ადამიანებისა], ვინც ამ სისტემას და ძალაუფლებას 22 წელი ეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ სასოწარკვეთის განცდას აძლიერებს”.
კინოკრიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სანამ მატარებლის სადგურისკენ აიღებდა გეზს, მისი ბინის კარი “Z”-თი მონიშნეს. აღნიშნულ სიმბოლოს აქტიურად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მხარდამჭერები რუსეთში.
“მნიშვნელობა გასაგებია: ვიცით, სადაც ცხოვრობს შენი ოჯახი, ფრთხილად იყავი”, — დასძენს დოლინი.
მისი თქმით, საზღვარგარეთ წასვლამდე მცირეოდენი თანხა გაანაღდა. სხვა მხრივ, არც ბინადრობის ნებართვა აქვს, არც მეორე პასპორტი, უცხოური სამუშაო კონტრაქტები თუ “გრძელვადიანი გეგმები”.
“სიძულვილი, როგორც ეროვნული იდეა”
რუსეთიდან 36 წლის პოეტი, ვერა პოლოზკოვაც წავიდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალური ქსელით ამცნო საზოგადოებას.
“ძალიან მწარე კვირა იყო”, — დასძენს პოეტი. მისი თქმით, რთული იყო საკუთარ დაბადების დღეზე (5 მარტს) მეგობრებთან დამშვიდობება, თუმცა, როგორც ამბობს, სხვა არჩევანი აღარ დარჩა.
ვერა პოლოზკოვა. ფოტო: Wikimedia Commons
“ჩემს ქვეყანაში აღარ არსებობს პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, ერთი მოქმედი იურიდიული ინსტიტუტიც კი.
არის აბსოლუტურად გიჟური, სასტიკი ომი უახლოესი მეზობლების წინააღმდეგ, ყველაზე საშინელი ეკონომიკური კრიზისი ბოლო 30 წლის განმავლობაში და პროპაგანდა გებელსის სახელმძღვანელოების საუკეთესო ტრადიციებით.
და სიძულვილი. სიძულვილი, როგორც ეროვნული იდეა”, — აღნიშნავს პოლოზკოვა.
პოეტის სიტყვებით, სჯერა, რომ ყოველთვის ასე არ იქნება.
“მომავალი ერთ წამში წაგვართვეს”
კანტემირ ბალაგოვი ახალგაზრდა რუსი რეჟისორია. მის მიერ 2019 წელს გადაღებულმა ფილმმა (“დილდა”) კანის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა, რუსეთმა კი ნამუშევარი ოსკარზე გაგზავნა.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ბალაგოვიც გაემგზავრა.
კანტემირ ბალაგოვი. ფოტო: Stephane Cardinale – Corbis
“ჩვენ დავტოვეთ რუსეთი. ვწუხვართ და განადგურებული ვართ. ჩვენი მომავალი ერთ წამში წაგვართვეს. ჩვენი სიცოცხლე წაგვართვეს. მშობლები და მეგობრები წაგვართვეს. მაგრამ მათ ვერ წაგვართვეს ერთი რამ – ეს არის კინო.
ჩვენი გულები უკრაინასთან და რუს ხალხთანაა, ვინც ამ კოშმარს ეწინააღმდეგება”, — დაწერა მან “ინსტაგრამზე”.
“არ შემიძლია, დავრჩე რუსეთში და გავჩუმდე”
რუსეთში მოქმედი კანონით, ხელისუფლებას შეუძლია, “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსდება.
მათ შორისაა ორგანიზაცია “მემორიალი”, რომელიც 30 წელია, ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს და საბჭოთა პერიოდის სისასტიკის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
გასული წლის დეკემბერში რუსეთის სასამართლომ საერთოდაც აკრძალა “მემორიალი”. მიმდინარე წლის თებერბალში კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში კიდევ უფრო მეტად გართულდა უფლებადაცვითი საქმიანობა.
“გუშინ ოჯახთან ერთად დავტოვე რუსეთი”, – დაწერა 7 მარტს “მემორიალის” პოლიტპატიმართა მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელმა სერგეი დავიდისმა.
“ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა რთულია რუსეთის შიგნიდან მუშაობა, ყოველ შემთხვევაში, რუსი პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება — მემორიალის პოლიტპატიმრების მხარდაჭერის პროგრამის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ”, — აღნიშნავს ის.
სერგეი დავიდისი. ფოტო: Facebook/Правозащитный Центр “Мемориал”
დავიდისის განცხადებით, მისი პროგრამა, ასე თუ ისე, განაგრძობს ფუნქციონირებას, “მემორიალის”, როგორც იურიდიული პირის ლიკვიდირების მიუხედავად.
“მთავარი ის არის, რომ ახლა რუსეთში, ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანის გმირობის მიუხედავად, ომის შეჩერება შეუძლებელია და ომის წინააღმდეგ საჯაროდ საუბარი მხოლოდ თავისუფლების ფასად შეიძლება.
მე არ შემიძლია დავრჩე რუსეთში და გავჩუმდე, როცა პუტინის მეთაურობით შეშლილი ნაძირლები აწარმოებენ საზიზღარ, მზაკვრულ, აგრესიულ ომს ჩვენი სახელით და უკრაინელებს ყოველდღე, ყოველ საათში კლავენ.
მძიმე დროა. სიმართლე და თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. მაგრამ რამდენი სისხლი და ცრემლი დაიღვრება იქამდე…” ,— ვკითხულობთ დავიდისის ფეისბუკ პოსტში.
“ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში”
რუსეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის, “ნოჩლეჟკის” დირექტორი გრიგორი სვერდლინი ომის საწინააღმდეგო ერთ-ერთი წერილის ხელმომწერია. 10 მარტს სვერდლინმა”ტელეგრამზე” დაწერა, რომ რუსეთს ტოვებს.
სვერდლინის თქმით, ბოლო დღეებში “სხვადასხვა მხრიდან აფრთხილებდნენ”, რომ მასთან “მალე მივიდოდნენ”, ვინაიდან “ძალიან ხმამაღალი” იყო უკრაინასთან ომის წინააღმდეგ.
მისი სიტყვებით, არ გაჩუმდება, ვინაიდან “მიუღებელს ვერ შეეგუები”.
“რუსეთში დარჩენას და საკუთარი თავის განავლად არგრძნობას მხოლოდ ციხეში თუ შევძლებდი”, – აღნიშნავს სვერდლინი და ასევე ამბობს, რომ შიშობდა, თავისი აქტივობებით არ ჩაეგდო საფრთხეში თანამშრომლები.
გრიგორ სვერდლინი. ფოტო: rbc.ru
“ამიტომაც, მანქანაში ჩავყარე რამდენიმე ზურგჩანთა, დასაკეცი ველოსიპედი და ქვეყნიდან გავედი. ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში, ჯერჯერობით.
არ ვიცი, რა იქნება შემდეგ… წარსული დასრულდა, მომავალი ჯერ არ მოსულა. უბრალოდ ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები, როგორც კი ომი დასრულდება. და ხელისუფლება შეიცვლება. ანუ, ერთ-ორ წელიწადში (დიახ, ოპტიმისტი ვარ)”, — აღნიშნავს ის.
“ნოჩლეჟკა”, რომელსაც სვერდლინი ხელმძღვანელობდა, უსახლკარო ადამიანებს ეხმარება. ორგანიზაცია 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებს რუსეთში.
“რუსები ომის წინააღმდეგ”
რუსი რეპერი ოქსიმირონი, რომელმაც პირველივე დღესვე ცალსახად დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გეგმავს კონცერტების სერიას “რუსები ომის წინააღმდეგ”. პირველი კონცეტრი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება.
ვიდეომიმართვაში, რომელიც 11 მარტს “ტვიტერზე”, ოქსიმირონის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, რეპერი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას და ამბობს, რომ კონცერტებიდან შემოსული თანხა უკრაინელ ლტოლვილებს გადაერიცხებათ.
Благотворительный концерт “RUSSIANS AGAINST WAR”
15 марта, Стамбул (Турция), клуб ‘Kadıköy Sahne’. Начало в 21:30
Билеты на сайте https://t.co/xDTJYVsO6p или в кассе клубаСайт концертов: https://t.co/tnSEuzoZ3a
Больше инфы в моей инсте и ютубе. pic.twitter.com/yi37lCHJ7d— Oxxxymiron (@norimyxxxo) March 11, 2022
“გაბრაზებული ვარ… რადგან ომი უკრაინაში მეორე კვირაა გრძელდება და მაინც, არის ათობით მილიონი რუსი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ომს. ვფიქრობ, ეს, რაც შეიძლება, ხმამაღლა უნდა იყოს ნათქვამი.
ამიტომაც ვაანონსებ საქველმოქმედო კონცერტების სერიას, სახელწოდებით “რუსები ომის წინააღმდეგ”… ახლა რუსეთში შეუძლებელია ომის საწინააღმდეგო კონცერტის ორგანიზება, რადგან, რაც უნდა გიჟურად ჟღერდეს, დღეისათვის ყველაფერი ომის საწინააღმდეგო უკანონოა, არის სრული ცენზურა და ყველა, ვინც ომის წინააღმდეგ ილაპარაკებს, ხდება სისხლისსამართლებრივი დევნის პოტენციური ობიექტი”, — დასძენს რეპერი.
ვიდეომიმართვაში ის არ აკონკრეტებს, რას აპირებს სამომავლოდ და იცვლის თუ არა საცხოვრებელ ადგილს.
“ომი წაგებულია”
ასე დაასათაურა რუსმა პოლიტოლოგმა, კირილ როგოვმა ერთ-ერთი ფეისბუკ პოსტი, რომელიც 8 მარტს, რუსეთის დატოვების შემდეგ გამოაქვეყნა.
“დამარცხების მიზეზი არის არასწორი გათვლა, ეპიკური მარცხი. შეცდომა იყო მოსაზრება, რომ დასავლეთს არ სურდა აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომ ის იყო ხარბი და გაყოფილი.
მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა თვითკმარი და უსაფრთხოა, შეცდომა იყო. შეცდომა იყო რუსული არმიის ხარისხის იდეა. და მთავარი შეცდომა იყო მოსაზრება, რომ უკრაინა წარუმატებელი სახელმწიფოა და უკრაინელები არ არიან ერი. ერთი გადაწყვეტილების მიღებისას ოთხი შეცდომა ბევრია”, — აღნიშნავს ის.
როგოვი ახსენებს ომის საწინააღმდეგო აქციებს რუსეთში, დასძენს, რომ წუხს თავისი მეგობრების გამო და რცხვენია, რომ მათთან ერთად არ არის.
კირილ როგოვი. ფოტო: Facebook/Andrew Rushailo-Arno
“წავედი, რადგან დაპატიმრების მუქარის ქვეშ გაჩუმების პერსპექტივა ეგზისტენციალურად აუტანელი მეჩვენა”, — დასძენს ის და მიმართავს როგორც რუსეთში დარჩენილ მოქალაქეებს, ისე დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებთ:
“რუსეთი არ არის პირველი და არც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უსამართლო ომი გააჩაღა და რომელსაც სიკვდილი და ნგრევა მოაქვს უცხო მიწაზე. გერმანიამ გააჩაღა ორი მსოფლიო ომი, [მას] ეკისრება ისტორიული დანაშაული ფაშიზმის ჰუმანიტარულ ანომალიაზე. მაგრამ დღეს გერმანია არის ევროპული ტოლერანტობის დასაყრდენი და ჰუმანიტარული პასუხისმგებლობის მოდელი.
შეერთებულმა შტატები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა საშინელი ომში, ვიეტნამში. ამერიკული საზოგადოების გზა მისი შეჩერებისკენ რთული და გრძელი იყო.
რაც დღეს რუსეთში ხდება, საშინელებაა, შედეგები კატასტროფული იქნება. მაგრამ ეს არ არის ისტორიის დასასრული”.
“უნდა გვჯეროდეს, რომ ეს დროებითია”
გამოცემა “აგენტსტვოს” თანახმად, 7 მარტის მდგომარეობით რუსეთიდან უკვე წასული იყო, სულ მცირე, 150 ჟურნალისტი. ეს მონაცემი გამოცემამ 17 რედაქციის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ გაავრცელა.
ჟურნალისტების მიერ რუსეთის მასობრივად დატოვება ძირითადად განპირობებული იყო რიგი მედიასაშუალებების დაბლოკვით, ასევე, ახალი კანონით, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიის მოქმედებებთან დაკავშირებით “ყალბი” ამბების გავრცელება ისჯება.
ამ ფონზე, კრემლისადმი კრიტიკულმა არაერთმა მედიასაშუალებამ, ამ ეტაპზე, ფუნქციონირება შეწყვიტა. “აგენტსტვოს” მიხედვით, რუსეთი დატოვა “მედუზას” სარედაქციო გუნდის თითქმის სრულმა შემადგენლობამ, ასევე, “დოჟდის”, “ეხო მასკვის” და “ნოვაია გაზეტას” წარმომადგენლებმა.
“სტამბოლში ყველა ერთად და ცალ-ცალკე ვქვითინებდით. დავემშვიდობეთ “დოჟდს”, ჩვენს ცხოვრებას, ქვეყანას… დროებით. უნდა დავიჯეროთ, რომ ეს დროებითია”, — წერს ეკატერინე კოტრიკაძე, რომელიც რუსული ოპოზიციური ტელეარხის, “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.
ეკატერინე კოტრიკაძე , ფოტო: RTVI
კოტრიკაძე და მისი ქმარი ტიხონ ძიადკო, რომელიც “დოჟდის” მთავარი რედაქტორია, ჯერ თურქეთში გაემგზავრნენ, იქიდან კი — საქართველოში ჩამოვიდნენ.
“ჩვენ აქ პოლიტიკურ ემიგრანტებს გვეძახიან. ჩვენნაირი ძალიან ბევრია. მათზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვინც უკრაინაშია ან ვინც დატოვა უკრაინა. უკრაინაში სასტიკი, გიჟური, კრიმინალური ომი გრძელდება”, — აღნიშნავს ეკატერინე კოტრიკაძე.
რუსეთში აღარ ცხოვრობს პლატფორმა “რეპუბლიკ.რუ”-ს რედაქტორი დმიტრი კოზელევიც. აღნიშნული პლატფორმა, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, რუსეთში “უცხოეთის აგენტად” არის გამოცხადებული.
როგორც კოზელევი ამბობს, გადაწყვეტილება, დროებით დაეტოვებინა ქვეყანა, მისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა საყვარელ ადამიანებთან საუბრის შემდეგ სასწორი სწორედ რუსეთის დატოვებისაკენ გადაიხარა.
დმიტრი კოზელევი. ფოტო: Wikipedia
“მესმის, რომ ამჟამად და უახლოეს მომავალში სახელმწიფო ჩემ მსგავს ადამიანებს „არასასურველად“ მიიჩნევს. მინდა, გავაგრძელო წერა და ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, მაგრამ სჯობს, ცოტა ხნით ეს გავაკეთო შეცვლილი გეოგრაფიული წერტილიდან”, — აღნიშნავს კოზელევი და განაგრძობს:
“გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ მივიღე. ჩემზე ემოციურად მრავალმხრივ იმოქმედა ფაქტმა, რომ ბევრი რუსი მხარს უჭერდა ამ ომს. ცხოვრებაში პირველად, თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი, რომ უბრალოდ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი, რომ არ მინდოდა და არც შემეძლო ახლა ამ ქვეყანაში ყოფნა.
ან უნდა ადგე და რაიმე ისეთი გააკეთო, რაც, სავარაუდოდ, ციხეში გამოგამწყვდევს, ან — წახვიდე.
ახლა ყველას აქვს თავში აპოკალიფსური პროგნოზები, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთში რეალობა მაინც ისეთი საშინელი არ იქნება, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ყოველ შემთხვევაში, უკრაინელები და უკრაინა ახლა გაცილებით უარეს დღეში არიან”.
ისინი, ვისი ემიგრაციაც ჯერ არ დადასტურებულა
მიმდინარე დღეებში რუსულ მედიაში სხვა არაერთი ადამიანის ემიგრაციაზეც ვრცელდება ინფორმაცია. მათ შორის არიან ადგილობრივი შოუბიზნესის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული ცნობები ნაკლებადაა დადასტურებული.
ზოგიერთმა ცნობილმა სახემ ცნობებს პირდაპირ თუ ირიბად უპასუხა. მათ შორისაა მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომლის ემიგრაციის შესახებაც არაერთგზის დაიწერა “ტელეგრამსა” და ზოგიერთ ვებგვერდზე.
ეს მას შემდეგ, რაც პუგაჩოვას ქმარმა, მაქსიმ გალკინმა დაწერა, რომ ომს გამართლება არ აქვს და ის უნდა შეჩერდეს. პუგაჩოვას მსგავსად, რუსეთიდან გალკინის წასვლაზეც ვრცელდება ცნობები.
“ვერ შეამჩნიეთ, როგორ გაიწმინდა ჰაერი? პუგაჩოვამ სამუდამოდ დატოვა რუსეთი. ღმერთო, როგორ ველოდი ამას”, — მიმართა მრევლს პუტინის მხარდამჭერმა მღვდელმა ანდრეი ტკაჩევმა. პუგაჩოვამ მას “ინსტაგრამით” უპასუხა:
“ანდრიუშა, ნაადრევად გიხარია. არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციად არ ითვლება. ჩამოვალ და გავარკვევთ. მოვალ ეკლესიაში და ვილოცებ შენთვის, მკრეხელო”.
View this post on Instagram
კიდევ ერთი ცნობილი სახე, რომლის ადგილსამყოფელიც რუსული მედიის ინტერესის ობიექტია, ტელეწამყვანი ივან ურგანტია. 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან ომი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.
“შიში და ტკივილი. არა ომს”, — წერდა ის.
აღნიშნულის შემდეგ, ურგანტის გასართობი შოუ რუსეთის “პირველი არხის” ეთერში აღარ გასულა. “პირველი არხის” პრესსამსახური ამ ფაქტს “საინფორმაციო რეჟიმით” ხსნიდა.
11 მარტს “ტელეგრამის” არხმა, სახელწოდებით “ბაზა”, რომელსაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივან ურგანტმა ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი. არხი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ურგანტი აღნიშნულს არდადეგებს უკავშირებს.
მოგვიანებით, ცნობებს ტელეწამყვანი გამოეხმაურა ორაზროვანი პოსტით “ინსტაგრამზე”:
“შვებულებაში გამიშვეს, მაგრამ მე მაინც მალე დავბრუნდები”.
ივან ურგანტი. ფოტო: Regnum.ru
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
რუსეთში პერიოდულად იმართება ომის საწინააღმდეგო აქციები, რომლებზეც, OVD-info-ს მიხედვით, 14 000-მდე ადამიანი დააკავეს. რეპრესიების ფონზე, რუსეთს მრავალი მოქალაქე ტოვებს და მეზობელ ქვეყნებში მიემგზავრება.
არაერთი მათგანი საქართველოში მოდის. ორმა ჟურნალისტმა — მიხაილ ფიშმანმა და დევიდ ფრენკელმა — რომლებიც რუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში საქმიანობენ, განაცხადეს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.