ახალი ამბები

რუსი რეპერი ოქსიმირონი უკრაინაზე თავდასხმას ეწინააღმდეგება და კონცერტებს აუქმებს

24 თებერვალი, 2022 •
რუსი რეპერი ოქსიმირონი უკრაინაზე თავდასხმას ეწინააღმდეგება და კონცერტებს აუქმებს

რუსი რეპერი ოქსიმირონი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში თავის კონცერტებს გაურკვეველი ვადით აუქმებს. აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომია, რომელსაც რეპერი დანაშაულად და კატასტროფად მოიხსენიებს და დასძენს, რომ რუსეთს ახლა ისეთი მოძრაობა სჭირდება, როგორიც აშშ-ში ჩამოყალიბდა 60-იან წლებში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ.

“დღეს არ შემოვიფარგლები იმით, რომ მე ვარ მშვიდობის მომხრე და ომის წინააღმდეგი, რადგან სიტყვებით ყველა ყოველთვის მშვიდობის მომხრეა და ომის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს აგრესიული ომების წარმოებაში.

მინდა ვთქვა, რომ მე წინააღმდეგი ვარ კონკრეტულად იმ ომის, რომელსაც რუსეთი ახლა აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს არის კატასტროფა და დანაშაული”, — დასძენს რეპერი.

მისივე სიტყვებით, “ერაყის, ავღანეთის ომების, ბელგრადის დაბომბვის ისტორიები”ვერ ამართლებს იმას, რაც ახლა ხდება”.

“როგორც ჩანს, ჩვენ, პირიქით, უნდა ვისწავლოთ ამ გაკვეთილიდან… ცხადია, ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ უკეთესები და არ გამოვიყენოთ წარსულში სხვების მიერ ჩადენილი შეცდომები და დანაშაულები, რათა გავამართლოთ ის შეცდომები და დანაშაულები, რასაც დღეს ვუშვებთ.

და როგორც არ უნდა გვიხსნან, რომ ეს აგრესია კი არა — დაცვაა, უკრაინა არ შემოჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე: სწორედ რუსეთი ბომბავს ახლა სუვერენულ სახელმწიფოს”, — აღნიშნავს ოქსიმირონი.

უკრაინის მოვლენებზე საუბრისას ის იხსენებს 1955-1975 წლებში ვიეტნამში მომხდარ ომს და დასძენს, რომ ახლა ისეთივე მოძრაობა უნდა შეიქმნას, როგორიც აშშ-ში შეიქმნა ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ:

“…ამერიკაში შეიქმნა ომის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობა, რომელიც აერთიანებდა სრულიად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, მუჰამედ ალიდან ბობ დილანამდე.

და, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობა მაშინ ცდილობდა ამ მოძრაობის წარმოჩენას, როგორც ანტიპატრიოტულს, მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით (და ისტორიამ ნათლად აჩვენა ყველას), რომ ამ მოძრაობის უკან იდგა სიმართლე და სწორედ მან შეცვალა ამერიკული საზოგადოების დამოკიდებულება ომებისადმი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა გვჭირდება ასეთი მოძრაობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ძალიან ახლობელ ხალხზეა საუბარი”.

ოქსიმირონის სიტყვებით, უკრაინაში კონცერტი არაერთხელ ჩაუტარებია და იქ ყოველთვის თბილად ხვდებოდნენ. როგორც ამბობს, უყვარს ეს ქვეყანა და რაც ახლა ხდება, უდიდესი ტკივილია მისთვის, მისი მეგობრებისთვის და ყველასთვის, ვისაც რუსეთში იცნობს.

აღნიშნულის შემდეგ რეპერმა მსმენელს აუწყა თავისი კონცერტების გაურკვეველი ვადით გადადების გადაწყვეტილების შესახებ:

“გაურკვეველი დროით გადავდებ ჩემს ექვს დიდ კონცერტს მოსკოვსა და პეტერბურგში. მსურველებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ იმავე ადგილას, სადაც იყიდეს.

დარწმუნებული ვარ, გამიგებთ. არ შემიძლია, გაგართოთ მაშინ, როცა უკრაინაში რუსული რაკეტები ცვივა, როცა კიევის მცხოვრებლები იძულებულნი არიან, დაიმალონ სარდაფებსა და მეტროებში და როცა ხალხი იხოცება.

ზოგადად, ახლა გაჩუმება არ შემიძლია. ვიცი, რომ რუსების უმრავლესობა ამ ომის წინააღმდეგია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს მის მიმართ რეალურ დამოკიდებულებაზე, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამ კოშმარის შეჩერებას.

დაბოლოს,  ვიცი, რომ ბუნებრივი რეაქცია იმაზე, რაც ახლა ხდება, არის სასოწარკვეთა და სრული დეზორიენტაცია, უიმედობის განცდა, მაგრამ შეგახსენებთ – თუ წინააღმდეგობას უწევთ, მაშინ ეს [არ უნდა გააკეთოთ] სევდიანი სახით”.


24 თებერვლის დილით რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

რუსეთმა სამხედრო შეტევა არა მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში წამოიწყო, არამედ იმ რეგიონებშიც, რომლებიც კრემლის მიერ აღიარებული “რესპუბლიკებისაგან’ მოშორებით მდებარეობენ. მეტიც, რუსეთის ჯარი უტევს კიევის ოლქსაც, რომელშიც ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არაერთმა რუსმა ხელოვანმა, ჟურნალისტმა, მეცნიერმა თუ აქტივისტმა გააპროტესტა. 24 თებერვალს რუსეთის ქალაქებში ომის საწინააღმდეგო არაერთი აქცია გაიმართა. დაკავებულია ასობით ადამიანი.

რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს აკავებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი