რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა და აიკრძალა ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც 30 წელია ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს.
„მემორიალის“ ძირითადი საქმიანობა საბჭოთა პერიოდის სისასტიკისა და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა. ორგანიზაციას შექმნილი აქვს რეპრესირებულთა რამდენიმე მონაცემთა ბაზა.
საქმე ეხება ორ სასამართლო გადაწყვეტილებას, კერძოდ: 28 დეკემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაცია გადაწყვიტა, დღეს 29 დეკემბერს კი იგივე გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის საქალაქო სასამართლომ და „საერთაშორისო მემორიალის“ შვილობილი ორგანიზაცია, უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“ გააუქმა.
ორივე შემთხვევაში ორგანიზაციის გაუქმება რუსეთის პროკურატურამ მოითხოვა.
როგორც თავად ორგანიზაცია წერს, სარჩელში საუბარია ფინანსების „გაუმჭვირვალობაზე“. ასევე საუბარია იმაზე, რომ ორგანიზაციას მისი პუბლიკაციების ნაწილზე მითითებული არ აქვს „უცხოელი აგენტის“ სტატუსის შესახებ. ეს უკანასკნელი ეხება ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, მედიას, რომელიც საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსდება. წარწერა გამოიყურება ასე:
„თუმცა, რეალური მიზეზი გამოჩნდა დღეს სასამართლოში. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენ არასწორად წარმოვაჩენდით რუსეთის საბჭოთა პერიოდის ისტორიას, ვქმნიდით საბჭოთა კავშირის ფალსიფიცირებულ სურათს – როგორც ტერორისტული სახელმწიფოს,“ – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია აპირებს, რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს და გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილებები.