რუსული კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს 5 საათზე პარლამენტის უკან შეკრებისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
“რუსულ კანონთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიმრავლე, სიძლიერე და ერთსულოვნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავანახოთ, როგორც კონსტიტუციის მიღმა გასულ ხელისუფლებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას.
მოვუწოდებთ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა. ეს პროტესტი ყველა ჩვენგანის ევროპული, მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება. დღეს, 17:00 საათზე, გელით ყველას პარლამენტის უკან. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
მათი შეფასებით, გუშინ, 30 აპრილს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის დასაშლელად არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამით “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიების დაწყების შესახებ პირობის შესრულება დაიწყო
“2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. შსს-მ დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა – დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი, გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. სცემეს და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიღეს, მათ შორის, გოგოებმა, ქალებმა და ბავშვებმა. სახალხო დამცველის შეფასებითაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ იყო მისი შეწყვეტის ან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. ყველა დაკავებულს ეყოლება ადვოკატი და გაეწევა ყველა საჭირო დახმარება.
ეს პროტესტი გასცდა მხოლოდ რუსული კანონის გაპროტესტების ფარგლებს და სახელმწიფოს პასუხმა უკანონო და ბრუტალური სახე მიიღო. მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ დადებული პირობა არჩევნების შემდეგ რეპრესიების დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, უკვე ხორციელდება რუსულ სტილში. თუმცა ხალხის რეაქცია ცხადყოფს, რომ ყველაფერ რუსულს ქართველი ხალხი ადეკვატურ პასუხს გასცემს”, – აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციები.
29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, სადაც მოქალაქეები – ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები – ორგანიზებულად ჩამოიყვანეს რუსული კანონის მხარდასაჭერად, სიტყვით გამოვიდა ბიძინა ივანიშვილიც.
მან დაიცვა “რუსული კანონი”, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
