საზოგადოება

მიგრაცია რუსეთიდან საქართველოში და უპასუხო კითხვები

6 მარტი, 2022 • 6522
მიგრაცია რუსეთიდან საქართველოში და უპასუხო კითხვები

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. აღნიშნულის მიზეზებს შორის, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით განსხვავებული აზრის გაძლიერებული დევნა და შესაძლო საომარი მდგომარეობისადმი შიში, მეორე მხრივ კი დასავლური სანქციების მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე თავის არიდება სახელდება.

ქვეყნის დატოვების მსურველი არაერთი ადამიანი ბოლო ან დროებით გაჩერებად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ირჩევს: რიგ შემთხვევებში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, ისევე როგორც იმ რეისების ბილეთების ფასები, რომელთა მეშვეობითაც რუსებს საქართველოში მოხვედრა სურთ.

ამ ფონზე, ქართულ საზოგადოებაში აქტიურდება დისკუსია, წარმოადგენს თუ არა ეს ვითარება საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ პოტენციურ გამოწვევას. ისმის მოსაზრებებიც, რომ კითხვები ლეგიტიმურია, თუმცა მიუღებელია ქსენოფობიური გამოვლინებები.

“მინდა, გავიქცე რაც შეიძლება შორს”

ანტონი, 26 წლის IT სპეციალისტი მოსკოვიდან, ვერ ხედავს პერსპექტივას, რომ მის ქვეყანაში რაიმე შეიცვლება. ის ერთ-ერთია რუსეთის იმ მოქალაქეთა შორის, რომელთაც 24 თებერვლის — უკრაინასთან ომის დაწყების — შემდგომ სამშობლოს დატოვება და საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტეს.

პარტნიორთან ერთად, ჯერ ერევანში ჩასვლას გეგმავს, იქიდან კი — თბილისში.

როგორც ჰყვება, ამისთვის 2 მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, ბუნდოვანი მომავლის შიში და არცოდნა იმისა, თუ “რას გააკეთებს” პუტინი, მეორე მხრივ კი — დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.

“მე არ ვმონაწილეობ [ომის საწინააღმდეგო] პროტესტში, თუმცა აქტიურად ვუჭერ [მას] მხარს სოციალურ ქსელში: ბევრ რამეს ვაზიარებ, პეტიციებს ვაწერ ხელს, ხელს ვუწყობ სხვებს, რომ შემომიერთდნენ…

ახალი კანონი ახალ თავსატეხებს ნიშნავს, რადგან არ იცი, როგორ დაგაზარალებს ის: პოსტავ “არა ომს” და შესაძლოა, დაგაპატიმრონ, დაგაჯარიმონ ან რაიმე უარესი [მოხდეს]”, — დასძენს ის ახალ კანონზე საუბრისას, რომელიც 15 წლამდე პატიმრობით სჯის რუსეთის არმიაზე “ყალბი ინფორმაციის” გამავრცელებლებს.

ანტონის თქმით, სანქციების ფონზე რუსეთში “არანორმალური ფასებია”.

რუსეთის პოლიცია აკავებს ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს. ფოტო: EPA

ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ენდობა და არც პუტინის იმ დაპირების სჯერა, რომლის თანახმადაც ის საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს.

როგორც ყვება, “პირადად ერთ რუსსაც” არ იცნობს, რომელიც “მხარს უჭერს პუტინს ან რუსეთის მთავრობას”.  მიუხედავად ამისა, ცვლილებების იმედი ნაკლებად აქვს, ქუჩაში გასვლას კი ერიდება, რადგან იცის, რომ ამისათვის, შესაძლოა,  დააპატიმრონ, შემდეგ კი დააკარგვინონ სამსახური, რომლითაც თავად და თავისი პარტნიორი ირჩენენ თავს.

მისივე სიტყვებით, მოქალაქეებს ეშინიათ, ხედავენ რა, როგორ არ ინდობს პოლიცია არავის მათგან, ვინც ომს აპროტესტებს — მოხუცი ქალიდან ბავშვებამდე.

“ვფიქრობ, როცა ხანგრძლივი პერიოდით ცხოვრობ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სადაც 20 წლის მანძილზე პრეზიდენტი არ შეცვლილა, არ გივითარდება რწმენა და იმის განცდა, რომ საზოგადოების ნაწილი ხარ.

მაგალითად, მე არ მჯერა, რომ ხალხი რეალურად გავა გარეთ და იბრძოლებს. ალბათ პარადოქსია, რომ ბევრს სურს გარეთ გასვლა, მაგრამ ფიქრობენ, რომ სხვა არ გამოვა და ესაა მიზეზი, რატომაც არ გადიან”, — დასძენს ის და ამატებს:

“…ვფიქრობ, ეს ერთგვარად მშიშრული სიტუაციაა და არ ვამაყობ საკუთარი თავით, რომ გავრბივარ ამ ქვეყნიდან. თუმცა, რუსეთთან მიმართებით დიდი იმედი არ მაქვს. ვხედავ, რომ ქვეყანა ერთი მიმართულებით მიდის — მხოლოდ ქვემოთ.

“ზოგიერთი ფიქრობს, რომ შეიძლება, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს პუტინის შემდეგ, თუმცა მე ამას ვერ ვხედავ. მინდა, გავიქცე რაც შეიძლება შორს და ვიპოვო სხვა ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებ, რადგან აქ თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ”.

“მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, რომელმაც ომი დაიწყო”

რამდენიმე დღეში ერევანში გადაფრენას და იქიდან თბილისში ჩასვლას აპირებს 24 წლის ვასილიც, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია. როგორც ამბობს, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების” აღიარება მორიგი ავანტიურა ეგონა და ბევრს ვერ წარმოედგინა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

ვასილი ლგბტ თემის წევრია, წარსულში ერთ-ერთ ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაციაშიც მუშაობდა და რისკებს აქამდეც გრძნობდა, რის გამოც რამდენიმე წელიწადში ისედაც გეგმავდა რუსეთის დატოვებას. თუმცა, ახლა საფრთხეებმა იმატა.

როცა რუსეთმა უკრაინას პირველად შეუტია, 2014 წელს, ვასილი სკოლის მოსწავლე იყო. ამბობს, რომ ომს რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი მაშინაც აპროტესტებდა, თუმცა ახლა, როცა შეტევა უკრაინის მთავარ ქალაქებზე მიმდინარეობს, რუსეთის აგრესიის მასშტაბებიც მეტად თვალნათელია.

“[ისმის] უზარმაზარი ტყუილი, რომ რუსეთი ებრძვის უკრაინაში მყოფ ნაცისტებს. ეს არის ტყუილი. ისინი უტევენ უდანაშაულო ადამიანებს, რაც კატასტროფაა.

…მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, რომელმაც ომი დაიწყო და მხარი დავუჭირო მას ფინანსურად, გადასახადების გადახდისა თუ სხვა გზით. ესაა პირველი საკითხი. მეორე საკითხია სანქციები: ეს დაანგრევს ეკონომიკას რაღაც მომენტში.

ბევრი რუსი აპროტესტებს [ომს], ბევრ წერილს წერენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები… გვაქვს პეტიციები მილიონი ხელმოწერით. ვცდილობთ, გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ მეორე მხრივ, მთავრობა ცდილობს, დაანგრიოს სამოქალაქო საზოგადოება”.

რუსული ოპოზიციური ტელეარხის, “დოჟდის” ბოლო ეთერი. სახელმწიფოსგან მზარდი ზეწოლის გამო, მიმდინარე კვირაში არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა

ანტონის მსგავსად, ვასილიც ახსენებს ახალ კანონს, რომელიც რუსეთის არმიაზე “ყალბი ინფორმაციის გავრცელებას” სჯის და შიშობს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, თავადაც დაისაჯოს.

“ჩემი ბევრი მეგობარი ტოვებს ქვეყანას, რადგან ისინი ასევე შეშინებულები არიან. ტელეგრამის ჩატებია ათასობით [წევრით]. უკვე არის საზოგადოებები თურქეთში, საქართველოში, სომხეთში… ჩემი უახლოესი ადამიანები ტოვებენ ქვეყანას”.

როგორც ჰყვება, ადამიანები უსაფრთხოდ არც რუსეთის დატოვების მომენტში არიან. ის ახსენებს შემთხვევებს, როცა გამგზავრების მსურველთა რიგში მყოფებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(ФСБ) წარმომადგენლები აჩერებენ და ეკითხებიან, რატომ ტოვებენ რუსეთს, რას ფიქრობენ ომზე და.აშ.

” ვშიშობ, რომ ის, რასაც ონლაინ ვპოსტავ, ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშაა. არის შემთხვევები, როცა (ФСБ) ეუბნება ადამიანებს, რომელთაც კითხავენ: ვიცი, რომ აპროტესტებდი აქა და აქ, ვიცი, რომ ნავალნისთან მუშაობდი… ხანდახან მგონია, რომ სადღაც ჩემი პროფილიც აქვთ. დარწმუნებული არ ვარ”.

რატომ საქართველო?

“ევრონიუსის” რუსული ბიუროს თანახმად, მოსკოვის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების” აღიარებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ფეისბუკ ჯგუფებში ათეულობით პოსტი გაჩნდა, შინაარსით “დროა, წავიდეთ”.

“ყველაზე გავრცელებული კითხვებია: სად წავიდე სწრაფად და რა წავიღო თან. თურქეთის, სომხეთის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ, რომლებთანაც უვიზო მიმოსვლაა, ბილეთები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გაძვირდა”, — წერს “ევრონიუსი”.

Google-ის მონაცემები აჩვენებს, რომ სიტყვა „ემიგრაციას“ გასულ კვირას ადამიანები უწინდელზე დიდი სიხშირით ეძებდნენ, “ტელეგრამზე” კი შეიქმნა მრავალი არხი, რომლებშიც რუსები ქვეყნის დატოვების გზებს განიხილავენ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ/ვეღარ სურთ, საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, არც აქამდე იყო უცხო.

რუსული მედიის მიხედვით, არაერთმა რუსმა მოაშურა საქართველოს გასულ წელს, როცა რუსეთში პოლიტიკური ვითარება დამძიმდა, არაერთი კრიტიკული მედიასაშუალება უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის მიმართ კი დევნა გააძლიერეს.

თბილისის აეროპორტი. ფოტო: აჭარის ტელევიზია 

უკვე ახლა, როცა რუსეთში მრავალმხრივ შეიცვალა ვითარება უარესობისკენ —  ერთი მხრივ, უწინდელზე მეტად გაიზარდა პოლიტიკური დევნის მასშტაბები, მეორე მხრივ კი დასავლეთის სანქციები უკვე მოქმედებს ადგილობრივთა ყოველდღიურობაზე — რთული სათქმელია, ვინ რა მიზეზითა და გეგმებით მოდის საქართველოში:

ვის სურს, გამოექცეს პოტენციურ დევნას და ვისი მიზანია, უბრალოდ თავი დააღწიოს დასავლეთისგან სანქცირებულ, მრავალი ბრენდისაგან, საერთაშორისო ფინანსური თუ ტექნოლოგიური კომპანიებისაგან დაცლილ რუსეთს, სადაც უკვე  Visa-მ და Mastercard-მაც შეწყვიტეს მუშაობა.

უშუალოდ “ნეტგაზეთის” რესპონდენტები საქართველოს ბოლო გაჩერებად არ განიხილავენ. ანტონი ამბობს, რომ სურს, გარკვეული ხნით დაბინავდეს, გაიაზროს, რა მოხდა, ეკონომიკურად მოძლიერდეს და შემდგომ დასავლეთის რომელიმე ქვეყნისკენ აიღონ გეზი, რასაც აქამდე ისედაც გეგმავდა. ამავეს ამბობს ვასილიც, რომელიც საქართველოში დარჩენას მინიმუმ 1 წლით აპირებს.

ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ყოფნა სურთ. ასევე ახსენებენ უვიზო რეჟიმს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, 1 წლით ვიზის გარეშე იცხოვრონ საქართველოში, შემდეგ 1 დღით დატოვონ ქვეყანა და დაბრუნების შემდეგ, კვლავ 1 წლით მიიღონ აქ ყოფნის ნებართვა.

“მინდა, საქართველოში დავისვენო ყველაფერ იმისგან, რაც ხდება. ბოლო კვირებში ისევ მიწევს ანტიდეპრესანტების მიღება. მქონდა ინსომნია. ძალიან სტრესულია აქ ყოფნა… მინდა, გავიღვიძო ისე, რომ არ მეშინოდეს, რა მელის მე ან ჩემს პარტნიორს”, — ამბობს ანტონი.

რუსეთის პოლიცია აკავებს ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს. ფოტო: David Frankel

მისი თქმით, იცის, რომ საქართველოში რუსულად არცთუ ცოტა ადამიანი საუბრობს, რაც ადამიანებთან კომუნიკაციას გაუადვილებს. თუმცა, ფიქრობს ქართულის სწავლაზეც თავისუფალ დროს.

“ვფიქრობ, ზოგად ფრაზებს მაინც ვისწავლი. მგონია, რომ ეს ერთგვარად პატივისცემის გამოხატულებაა [მასპინძელი] ქვეყნის მიმართ”.

რაც შეეხება ვასილის: მას საქართველო ხიბლავს, როგორც “ერთგვარად პროგრესული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, მრავალი ევროპული ღირებულებით”. თუმცა, მისივე თქმით, არის გარკვეული შიშებიც, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები რუსეთის მოქალაქეთა მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება:

“ყველა ამბობს: მოიქეცით პატივისცემით, ესაუბრეთ ადგილობრივებს ინგლისურად, შეგიძლიათ, ჰკითხოთ, სურთ თუ არა რუსულად საუბარი, რადგან ისინი ვალდებულნი არ არიან, რუსულად ისაუბრონ”.

სტატისტიკა, რომელიც (არ) გვაქვს

მიმდინარე დღეებში შესამჩნევად დიდი ოდენობის, ზოგიერთ შემთხვევაში ქაოსური ცნობები ვრცელდება რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის მასშტაბებზე საქართველოში:

სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი საზღვარზე თუ ბანკებში რუსეთის მოქალაქეთა გრძელ რიგებზე საუბრობს, ნაწილი — უძრავ ქონებაზე რუსეთიდან გაზრდილ მოთხოვნას ახსენებს, სხვები კი — რუსეთის მოქალაქეთა მიერ ბიზნესების რეგისტრაციის ინტენსივობაზე ლაპარაკობს.

ვრცელდება სქრინები “ტელეგრამის” ჩატებიდანაც, სადაც რუსები საქართველოში შემოსვლის, აქ ცხოვრებისა და სხვადასხვა სერვისით სარგებლობის გზებზე მსჯელობენ.

რა ვიცით რეალურად? — პასუხი კომპლექსურია.

ლევან კილაძე, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების უმსხვილესი პლატფორმის, SS.ge-ს დამფუძნებელია, დასძენს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად იმატა ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ რუსეთიდან.

“აქამდე დღეში 800-900 ადამიანი შემოდიოდა. ომის დაწყებიდანვე, დაახლოებით, 25 თებერვლიდან, დაიწყო ინტერესის ზრდა და ყოველ დღე მატულობს. 5 000-ზე იყო, გუშინწინ — 6 000-ზე. დღეს ალბათ 8 000 ვიზიტორი იქნება, შეიძლება 10 000-მდეც ავიდეს”, — აღნიშნავს ის.

კილაძის თქმით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორები — რომლებიც რაოდენობით უსწრებენ უკრაინელებსა და ბელარუსელებს, რომელთა წილიც ასევე გაიზარდა საიტზე — ძირითადად, უძრავი ქონების ყიდვით არიან დაინტერესებულები და არა — ქირაობით. მისივე თქმით, ხსენებული ვიზიტორები დაახლოებით 6-7 განცხადებას ნახულობენ და 10 წუთის მანძილზე რჩებიან საიტზე.

SS.ge-ს სტატისტიკა აჩვენებს, როგორ იზრდება საიტზე რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების წილი

“როცა ადამიანი 2 წუთზე მეტს ატარებს საიტზე, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად ეძებს, აინტერესებს, [განმცხადებლის] ნომრებს ინიშნავს და ა.შ.

ზუსტად ამიტომ ვთქვი, რომ გაზრდილ ნაკადში, რომელიც 8 000-ზე ავიდა, სულ ასეთები არიან, რომლებიც ინტენსიურად ეძებენ [განცხადებებს] და დარწმუნებული ვარ, რეკავენ”, — აღნიშნავს ის.

ლევან კილაძისთვის რთულია იმის თქმა, ხსენებული მომხმარებლებიდან რამდენი ყიდულობს/ქირაობს უძრავ ქონებას. საიტის სტატისტიკა ამ მონაცემს არ აჩვენებს.

გაიზარდა თუ არა მოთხოვნა სახელმწიფო ქონების შესყიდვაზე რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიების მხრიდან, ამაზე ქონების ეროვნულ სააგენტოში არ საუბრობენ: „ჩვენ აუქციონებს ვაცხადებთ, დეტალური ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეთ,“ – უთხრეს სააგენტოში “ბათუმელებს”.

მეორე მხრივ, კვლავაც უცნობია, მიმდინარე დღეებში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი და მკვეთრად აღემატება თუ არა ეს რაოდენობა, მაგალითად, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. შსს-ში გვითხრეს, რომ ინფორმაცია შესაბამისი წესით უნდა გამოვითხოვოთ.

რა უნდა ქნას საქართველომ — დისკუსია

საქართველოს საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მიმდინარე დღეებში ყველაზე ხშირად ისმის, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებაა: ამ მოთხოვნით ონლაინ სივრცეში რამდენიმე პეტიცია შეიქმნა. იდეას ზოგიერთი პარტიაც ემხრობა. მათ შორის არიან “ლელო” და “დროა”.

დისკუსიის მონაწილეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეთა დიდი ოდენობის შემოსვლა სარისკოა, ახსენებენ რა ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლება არაერთგზის სპეკულირებს სხვა ქვეყნებში მცხოვრები თავისი მოქალაქეებით და მათი უსაფრთხოების დაცვით ამართლებს აგრესიას სუვერენულ სახელმწიფოთა წინააღმდეგ.

“მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა.

დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები”, — ვკითხულობთ რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ტექსტში, რომელსაც 14 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

ზოგიერთი იმ რუსების მიღების წინააღმდეგიც არის, რომელთაც სურთ, პოლიტიკურ დევნას გაექცნენ. ისმის მოსაზრებები, რომ ქვეყნის დატოვების ნაცვლად, ისინი რუსეთში უნდა დარჩნენ და პუტინის ხელისუფლებას ებრძოლონ.

ფოტო რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმების პეტიციის გარეკანზე

აღნიშნული დისკუსია უძრავი ქონების გამქირავებელთა შორისაც აქტუალურია. ზოგიერთი მათგანი უარს აცხადებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების მიქირავებაზე.

ამ ფონზე, SS.ge აპირებს, საიტზე დაამატოს გრაფა, რომლითაც განმცხადებლები მიუთითებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების მიყიდვასა და გაქირავებაზე უარს ამბობენ.

პარალელურად, არაერთი საუბრობს მსგავსი დისკუსიების დროს ქსენოფობიური ტენდენციების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე.

“ქსენოფობიაში არ უნდა გადაგვეზარდოს სიბრაზე; ამიტომ მოიგონეს სავიზო რეჟიმი რომ გაიცხრილოს მომმართველი: სანქციებს გამოქცეულები, დღესაც პუტინის სურათები რომ უდევთ ფბ გვერდებზე არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში”, — წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა და “რუსები კოლექტიურად პასუხს აგებენ პუტინის ხელისუფლებაზე, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვაგებთ პასუხს ბიძინას და მისი ვეზირების მმართველობაზე”. თუმცა, ნოდიას თქმით, არ არსებობს კოლექტიური დანაშაული:

“როგორც კი ნაბიჯს დგამ კოლექტიური დანაშაულის აღიარებისკენ, ანუ ინდივიდს განსჯი მისი ეთნიკური კუთვნილების, მოქალაქეობის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ან სხვა ნიშნით, თუნდაც ამ წუთში ეს ემოციურად სწორი გეჩვენებოდეს, რაღაც სახის ფაშიზმისკენ დგამ ნაბიჯს”.

რას ვისმენთ/უნდა ვისმენდეთ სახელმწიფოსგან

ზემოხსენებული კითხვების საპასუხოდ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ისედაც ჩაკეტილია და არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს.

თუმცა, რუსეთიდან საქართველოში შემოსვლისთვის არც სახმელეთო საზღვრის გახსნაა საჭირო და არც პირდაპირი რეისები: რუსეთის არაერთი მოქალაქე, რომელსაც მიმდინარე დღეებში თბილისში ჩამოსვლა სურს, ჯერ სხვა ქვეყანაში — მაგალითად, სომხეთში ჩადის, იქიდან კი — საქართველოში.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ გაურკვევლობის ფონზე, მოქალაქეებს სახელმწიფოსგან შესაბამისი ინფორმაცია სჭირდებათ.

ნონა ქურდოვანიძე. ფოტო: ნეტგაზეთი 

“შსს-მ უნდა გაასაჯაროოს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი, მათგან რამდენმა მოითხოვა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება (იმის გამო, რომ რუსეთიდან იდევნება); რამდენ პირს ეთქვა შემოსვლაზე უარი (თუ საერთოდ ეთქვა ვინმეს); •

საჯარო რეესტრმა უნდა გაასაჯაროოს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა უძრავი ქონების ან ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში”, — აღნიშნავს “საიას” იურისტი ნონა ქურდოვანიძე.

ამავე პოზიციაზეა “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელი მაკო ღავთაძეც. მისი თქმით, საზოგადოების კითხვები და შიშები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია.

“რა კეთდება ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების დასაცავად? ეს ძალიან ლეგიტიმური და სწორი [კითხვაა] და ყველას შეიძლება გვაინტერესებდეს ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო. ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

რას აკეთებენ, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურები? ერთადერთი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ უსაფრთხოების სამსახურები გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

არ ვიცით, რა კეთდება ასეთ ვითარებაში სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. არ გვაქვს ინფორმაცია, საზღვრებზე რა ხდება, როგორ კონტროლდება, ვინ რა პროცედურებს გადის”, — აღნიშნავს ღავთაძე.

მაკო ღავთაძე

მეორე მხრივ, ის წუხს, რომ გაურკვევლობის ფონზე, დისკუსიამ თითქოს დაკარგა მთავარი ფოკუსი და “მიიღო მთლიანად რუსების მიმართ აგრესიული ფორმა”:

“ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ცხელ გულზე და თუნდაც ლეგიტიმური კითხვების არსებობის პირობებში საღი აზრი არ დაგვეკარგოს. ქსენოფობია არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წყარო უსაფრთხოების რისკების შესაქმნელად. ქსენოფობიით სახელმწიფო უსაფრთხოებას ვერ დაიცავ, პირიქით — დაარტყამ მას.

ამიტომ, ძალიან საღი აზრი უნდა არსებობდეს. კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და სახელმწიფოს უნდა ვთხოვდეთ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე პასუხებს ისე, რომ [დისკუსია] დაცლილი იყოს ყოველგვარი სიძულვილისგან ნებისმიერ ერის, ეთნოსის მიმართ”.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხები არ გაუცია, თუმცა დაგვპირდა, რომ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა გამკაცრდება, ვინაიდან, მისი მტკიცებით, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ ქმედებებს რუსი ეროვნების მოქალაქეთა მიმართ.

მაკო ღავთაძის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ისედაც წესრიგშია და გამკაცრება არ სჭირდება. ის კობახიძის ამ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ცენზურის გაძლიერების მცდელობის ნაწილად აფასებს და დასძენს, რომ ამის ნაცვლად სახელმწიფომ მოქალაქეთა კითხვებს უნდა უპასუხოს.

“ვიმსჯელოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, თუკი არსებობს ასეთი საფრთხეები. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა საფრთხეებზე, რა ნაკადზეა ლაპარაკი, რა რესურსი გვაქვს სახელმწიფოს ამის მიღებისთვის.

პარალელურად, მინდა ვიცოდე, რა კეთდება უკრაინიდან დევნილი ადამიანების მისაღებად სახელმწიფოში. ალბათ ეს არის, რომ ვერ ვხედავთ სწორ პოლიტიკას, ვერ ვისმენთ სწორ პასუხებს და ეს ყველაფერი გადაზრდილია მღელვარებაში”.

სავიზო რეჟიმი, როგორც ოქროს შუალედი?

რა არჩევანი აქვს რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში გარკვეული ხნით ცხოვრება სურს? ეს მის მიზნებზეა დამოკიდებული.

როგორც უკვე ვთქვით, მას შეუძლია, საქართველოში 1 წელი უვიზოდ იცხოვროს, ვადის ათვლა კი თავიდან დაიწყება მას შემდეგ, რაც ის 1 დღით ქვეყანას დატოვებს და ხელახლა გადმოკვეთს საზღვარს. თეორიულად, ეს, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.

რუსეთის, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე შეუძლიათ, საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვონ სხვადასხვა საფუძვლით, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დევნის შემთხვევაში კი — საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართონ მასპინძელ ქვეყანას.

თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს როგორც საზღვრის კვეთაზე, ისე ბინადრობის უფლებაზე, თუ კონკრეტული პირის ქვეყანაში ყოფნა სხვადასხვა მიზეზის გამო საფრთხეს იქნება მიჩნეული.

“საიას” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებთან მიმართებით არის მართლზომიერი, რომლებიც კონკრეტული საფრთხის მატარებელნი არიან სახელმწიფოსთვის.

“…მასობრივად უარის თქმის საფუძველი [ეს ჩანაწერი] ვერ გახდება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მასობრივად უარის თქმაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ან გარკვეული ბარიერების შექმნაზე, მაშინ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს რუსეთის ფედერაციასთან…”

ნიკა სიმონიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

სიმონიშვილი ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში, როცა რუსეთი ღია ომს აწარმოებს საქართველოს პარტნიორის — უკრაინის წინააღმდეგ  და საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, მშვიდობის ეპოქაში არ ცხოვრობს, რუსეთთან სავიზო რეგულაციების ამოქმედება მიზანშეწონილია.

მისი აზრით, ოფიციალური თბილისის მხრიდან სავიზო რეჟიმის დაწესება არ იქნება დისკრიმინაციული, ვინაიდან რუსეთს სწორედ ასეთი რეჟიმი აქვს ამოქმედებული საქართველოსთან მიმართებით.

“მაშინ როცა გარკვეული საფრთხეები იმატებს რომელიმე ქვეყნიდან, ყველაზე სწორი ამ დროს, არსებული საერთაშრისო პრაქტიკის გათვალისწინებით, არის გარკვეული სავიზო რეჟიმის დაწესება და ამ ყველაფრით ამ საფრთხეების იდენტიფიცირება, გაცხრილვა თუ ა.შ.

…ეს არის სავსებით შესაძლებელი და პირიქით, მიზანშეწონილიც არის, რადგანაც ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული;

[როცა რუსეთი] აქტიურ აგრესიას ახორციელებს და სამხედრო დანაშაულებს ჩადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით, სრულიად დაუსაბუთებლად იყენებს სამხედრო ძალებს ამ ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ რა დაუშლის რუსეთს, რომ ჩვენთანაც, სხვადასხვა გამამართლებელი გარემოებების მოძებნის შემთხვევაში ასეთი აგრესია განახორციელოს და მოტივად საქართველოში მყოფი მისი მოქალაქეების უფლებების დაცვა გამოიყენოს?” — დასძენს სიმონიშვილი.

მეორე მხრივ, იურისტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პოტენციური საფრთხე:

“რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი… ბევრ მათგანს აქვს კანონიერი ინტერესი, რომ შემოვიდეს საქართველოში — მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ…

რა თქმა უნდა, მათაც აქვთ თავიანთი უფლებები და კანონიერი ინტერესი იმისა, რომ საქართველოში შემოვიდნენ. გარკვეულ საქმიანობას ისინი ისედაც ეწევიან და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ. რატომ უნდა შევხედოთ მათ, როგორც საფრთხეს?”

მიხეილ ფიშმანი 

სავიზო რეჟიმის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ჯერ არაფერი მოგვისმენია. თუმცა, ბუნდოვანია ისიც, როგორ იყენებს/გამოიყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების უკვე არსებულ გარანტიებს; მაგალითად, კანონს, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლას არეგულირებს.

ხსენებული კანონის გამოყენებით საქართველოს საზღვრიდან არაერთგზის გაუბრუნებიათ რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსები, გადაწყვეტილების მიზეზის ახსნის გარეშე.

5 მარტს, რუსეთში დისიდენტების გაძლიერებული დევნის პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ქვეყანაში არ შემოუშვეს ოპოზიციური რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი. მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად ფიშმანმაც დაადასტურა. შსს-ში განმარტება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი