საზოგადოება

დონბასი — პუტინის ბოლო გაჩერება თუ პლაცდარმი შემდგომი აგრესიისთვის?

23 თებერვალი, 2022 •
დონბასი — პუტინის ბოლო გაჩერება თუ პლაცდარმი შემდგომი აგრესიისთვის?

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ეს მოხდა რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან მიყენებული ჯარის მუქარით დასავლეთს უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე შეთანხმების პირობა წაუყენა და უარი მიიღო. აღიარებასთან ერთად, მოსკოვმა ლუგანსკისა და დონბასის ე.წ. რესპუბლიკებში „მშვიდობის ხელშეწყობის“ ფუნქციით რუსი სამხედროების შეყვანა დაიწყო. ხედვები და პროგნოზები იმის შესახებ, ეს აღიარება ხელმოცარულის „სახის შენარჩუნების“ გადაწყვეტილებაა  თუ შემდგომი ესკალაციისთვის საფუძვლის შექმნა, განსხვავებულია.

ვითარება დონბასში

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები პრორუსი სეპარატისტების მიერ 2014 წლის აპრილში გამოცხადდა. 8 წლის განმავლობაში ომს 14 000 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების ძალაუფლება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მესამედზე ვრცელდება,  ორი ოლქის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს კვლავ კიევი აკონტროლებს.

მოსკოვის მხრიდან ფაქტობრივად კონტროლირებადი ტერიტორიების ოფიციალურად აღიარების შემდეგ კითხვა ისმის ასე- რუსეთი გაჩერდება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დე ფაქტო საზღვრებში, შეეცდება ამ ორი ოლქის კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაკავებასაც თუ საბოლოოდ გადაწყვეტს დედაქალაქზე შეტევას?

კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რა საზღვრებში აღიარა მოსკოვმა ე.წ. რესპუბლიკები. რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები გააკეთეს, ბოლოს კი ვლადიმერ პუტინმა თქვა:

„ჩვენ ვაღიარეთ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და, შესაბამისად, ვაღიარეთ მათი ფუნდამენტური დოკუმენტები, მათ შორის კონსტიტუცია. კონსტიტუციაში კი საზღვრები ემთხვევა ოლქების უკრაინაში ყოფნის დროს არსებულ საზღვრებს“.

თუმცა პუტინი ამბობს, რომ “საზღვრების” დადგენა უკრაინასთან მოლაპარაკებისას უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამჟამად ასეთი მოალაპარაკებების ჩატარება შეუძლებელია.

მანამდე რუსეთის შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი დონეცკისა და ლუგანსკის 2014 წლის, როგორც თვითონ უწოდა, „ოკუპაციამდელ“ — მარიუპოლიდან ისტორიულ საზღვრებამდე — აღიარების წინადადებით გამოვიდა. მარიუპოლს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი სეპარატისტები აკონტროლებდნენ, თუმცა 2014 წლის აპრილში კიევმა ქალაქზე კონტროლის აღდგენა შეძლო. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, მარიუპოლი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება, რადგან ამით დონბასის ანექსირებულ ყირიმს სახმელეთო გზით დაუკავშირდება.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაახლოებით 3,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2001 წლის აღწერის მიხედვით, ეთნიკური უკრაინელები შეადგენენ ლუგანსკის ოლქის მოსახლეობის 58%-ს და დონეცკის ოლქის 56,9%-ს, რუსები კი — შესაბამისად, 39% და 38.2%-ს. რუსულენოვანი მოსახლეობის წილი უფრო მაღალია, ვიდრე ეთნიკური რუსები, და ორივე ოლქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, რადგან ზოგიერთი ეთნიკური უკრაინელი და სხვა ეროვნების მოქალაქეები, ასევე, რუსულ ენაზე მეტყველებენ. ბოლო წლებში მოსკოვმა დონბასის დაახლოებით 800 000 მცხოვრებელზე რუსული პასპორტი გასცა.

სადამდე წავა რუსეთი?

პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი ლაშა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი არ არის და რუსეთის შორს მიმავალი იმპერიული ზრახვები ვლადიმერ პუტინის 21 იანვრის მიმართვამაც ნათლად დაადასტურა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. აღიარებით არაფერი მთავრდება, ახლა დაიწყება… პუტინის გამოსვლით ცალსახაა, რომ მისი ამბიცია ლუგანსკით და დონეცკით არ შემოიფარგლება. მით უფრო იყო მინიშნებები, რომ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების ამ საზღვრებით არ დაკმაყოფილდებიან და, როგორც მინიმუმ, შეეცდებიან ამ ოლქების მეორე ნახევრის შემოერთებას, რაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ არის დარჩენილი. მაგრამ ესეც მხოლოდ ნაწილია, ვინაიდან იმ რაოდენობის ჯარი, რაც განლაგებულია უკრაინის საზღვართან, მეტყველებს, რომ გაცილებით ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს უნდა ველოდოთ“, — განაცხადა ძებისაშვილმა.

ის არ ელის, რომ რუსეთი უკან გააბრუნებს უკრაინის საზღვართან თავმოყრილ სამხედრო ძალებს. ამასთან, თვლის, რომ მოსკოვის შემდგომი გადაწყვეტლება არ იქნება დამოკიდებული დასავლეთის სანქციებზე.

„[პუტინის] გამოსვლა იყო მკაფიო მაგალითი, რომ რუსეთს გადაწყვეტილება მიღებული აქვს იმისდა მიუხედავად, რა სანქციები იქნება შემოღებული. რა იქნება საბოლოო მიზანი — დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გარკვეული რაიონების მიტაცება თუ, საბოლოო ჯამში, კიევზე შეტევა- სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე გამოჩნდება. სანამ პირველი ქვედანაყოფი არ დაიძვრება, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ“, — ამბობს ძებისაშვილი.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ფიქრობს, რომ ამ დრომდე რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი გეგმის მინიმუმის შესრულებაც და წავიდა ნაბიჯზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარსულში უწოდებდა ,”სისუსტისა და ნერცული აშლილობის გამოხატულებას”. (ასეთი განცხადება ლავროვმა 2018 წელს გააკეთა — ავტ.)

„ის, რომ აღიარების გზით მოუწიათ წასვლა, ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, საქმე ისე ვერ მიდის, როგორც მათ დაგეგმილი ჰქონდათ. რეალურად, აღიარებას 190 000-იანი არმიის მიყენება არაფერში სჭირდებოდა. მოთხოვნები ბევრად მეტი იყო — გარანტია, რომ უკრაინა და საქართველო არ შევიდოდა ნატოში; ნატო-ს სარეკეტო შეიარაღების გატანა რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან; ნატოს ჯარები და შეიარაღება არ განლაგებულიყო იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის წევრები 1997 წლის მერე გახდნენ, მინსკი 2-ის შეთნახმების შესრულებას, რაც ფაქტობრივად, უკრაინის ქმედუუნარო სახელმწიფოდ ქცევას ნიშნავდა. ვერც ერთი ვერ მიიღო და წავიდა აღიარების გზით — რაღაც მაინც ხომ უნდა მიეღო?! აღიარა დონეცკი და ლუგანსკი. ახლა საკითხავია, ამას დასავლეთი თუ ჩაუთვლის  სრულმასშტაბიან შეჭრად?“, — ამბობს უტიაშვილი.

შოთა უტიაშვილის აზრით, უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილზე უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, რადგან ასეთი ნაბიჯი კაპიტულაციის დემონსტრირება იქნებოდა, მაგრამ ამ მომენტში რუსეთი ომს არ იწყებს, თუმცა, თუ „მომენტი ჩაუვარდება“, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაკავებას შეეცდება.

„დასავლეთი, ალბათ, სანქციების ნაწილს შემოინახავს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადალახავს ახლად აღიარებული რეგიონების საზღვრებსაც. მაგრამ ახლა მთავარია, უკრაინას დაეხმარონ შეიარაღებით,  ეკონომიკურად და მეტი ინტეგრაციით“, — დასძენს უტიაშვილი.

საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ დონბასის და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მხრიდან სახის შენარჩუნების მცდელობაა და მიიჩნევს, რომ მოსკოვის შემდგომი ნაბიჯები განპირობებული იქნება იმით, რამდენად ეფექტიან შეკავების პოლიტიკას შეიმუშავებს დასავლეთი.

„აქამდეც მოვლენები განვითარდა ისე, რომ რუსეთმა თავისი ქმედითუნარიანი ჯარის ნაწილი მთლიანად მიაყენა უკრაინას, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ წავიდა იმაზე წინ, რაცაა მანამდე დაკავებული ტერიტორიების აღიარება. მიზეზი, რის გამოც მან ვერ გამოიყენა თითქმის 200 000-იანი სამხედრო დაჯგუფება დანარჩენი უკრაინის ოკუპაციისთვის, არის ის განსხვავება, რომელიც მას დახვდა 2008 წელთან შედარებით — ბევრად უფრო ერთიანი და ქმედითუნარიანი პასუხი დასავლეთისგან, რომელმაც პოლიტიკურ დონეზე გააფრთხილა რუსეთი შედეგების თაობაზე და პრაქტიკულად შეაიარაღა უკეთ უკრაინა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა შესაძლო სამხედრო ოპერაციის ფასი რუსეთისთვის. მომავალი ქმედებები კრემლისა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაგრძელდება და შენარჩუნდება დასავლეთის ქმედითუნარიანობა რუსეთთან მიმართებაში. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ლუგანსკის და დონეცკის არარსებული დამოუკიდებლობის აღიარება იყო პუტინისთვის სახის შენარჩუნების მცდელობა მხოლოდ, იმიტომ, რომ მთელი პროპაგანდა, რომელიც რუსეთის მოსახლეობას ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინის დაპყრობისთვის ამზადებდა, ჯერჯერობით შედეგის გარეშე დარჩა“, — ამბობს ბადრიძე.

თუმცა, მისივე თქმით, სანამ არსებობს პუტინი და ტოტალიტარული იმპერიული პოლიტიკური სისტემა, რუსეთიდან მუდმივად იქნება მომართული საფრთხე თავისი მეზობლების და, ზოგადად, წესებზე დამყარებული საერთაშორისო სტრუქტურის მიმართ.

„შემდგომი ნაბიჯების წინასწარმეტყველების მცდელობას არანაირი აზრი არ აქვს. პუტინი ყოველდღიურად და საათობრივად მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რას ხედავას წინააღმდეგობად თავისი ქმედებების მიმართ. როგორც კი ის დაინახავს შესაძლებლობას, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველგან შეეცდებიან ამის გამოყენებას წინსვლით. რეალობა არის ასეთი — რუსეთი ჩაბმულია ახალ ცივ ომში ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსთან და ის, რომ დღეს რუსეთმა რაღაც არ გააკეთა, არ ნიშნავს, რომ საფრთხე აღარ არსებობს“, — მიიჩნევს ბადრიძე.

ამ თემაზე აგრეთვე გირჩევთ:

რუსეთის 5 შესაძლო სამხედრო სცენარი უკრაინაში

 

რა იქნება რუსეთის სამომავლო ნაბიჯები? – ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი