ახალი ამბები

შეეძლო თუ არა უკრაინას ტერიტორიების დათმობა NATO-ში გაწევრების სანაცვლოდ – სტოლტენბერგის პასუხი

27 ნოემბერი, 2023 • 1454
შეეძლო თუ არა უკრაინას ტერიტორიების დათმობა NATO-ში გაწევრების სანაცვლოდ – სტოლტენბერგის პასუხი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით დაასრულებს რუსეთთან ომს. ასე უპასუხა მან “დოიჩე ველეს” ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შეეძლო თუ არა უკრაინას ტერიტორიების დათმობა NATO-ში გაწევრების სანაცვლოდ.

“უკრაინის გადასაწყვეტია, რა არის მისთვის მისაღები გზა ამ ომის დასასრულებლად. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მივცეთ საშუალება, გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მას პოზიციების გაძლიერებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკების მაგიდასთან – იმის შესაბამისად, რა სურს უკრაინას.

“ომები, თავისი ბუნებით, არაპროგნოზირებადია. ჩვენ ვერ დავინახეთ იმის ნიშანი, რომ პრეზიდენტი პუტინის გეგმაა მშვიდობის მიღწევა. რეალურად, ის უფრო მეტ ომს გეგმავს. ასე რომ, რაც უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ უკრაინას, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია ბრძოლის ველზე და პოტენციურ მოლაპარაკების მაგიდასთან”, – ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ წარმატებას. მან გაიხსენა, როდის და რა პირობებში დაიწყო ომი და განაცხადა, რომ წინასწარი მოლოდინების საპირისპიროდ, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით “დიდი დანაკარგები” განიცადა.

“რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება პოლიტიკურად, სუსტდება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. მთლიანობაში, რაც ვნახეთ, არის დიდი მარცხი რუსეთისა, რომელმაც ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზანს – უკრაინის კონტროლს. უკრაინამ კი მიაღწია ბევრს”, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი