კომენტარი

რა იქნება რუსეთის სამომავლო ნაბიჯები? – ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

22 თებერვალი, 2022 • 4428
რა იქნება რუსეთის სამომავლო ნაბიჯები? – ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

რუსეთის მიერ ე.წ. „დონეცკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ აღიარების შემდეგ, რას უნდა ველოდოთ მოსკოვისგან, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას და რას ნიშნავს პუტინის ეს გადაწყვეტილება სამომავლო პროცესებისთვის?

ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.

  • რუსეთი აქამდეც, დე ფაქტო, ფინანსური თუ სამხედრო თვალსაზრისით მხარს უჭერდა დონეცკსა და ლუგანსკს, თუმცა ახლა რუსი სამხედროები ოფიციალურად შედიან ამ რეგიონებში. ამ აღიარებით პუტინმა სახე შეინარჩუნა თუ საძირკველი მოამზადა ესკალაციის გაგრძელებისთვის – მაგალითად, იმის სათქმელად, რომ უკრაინამ რუს სამხედროებს გაუხსნა ცეცხლი?

ერთიც და მეორეც. როდესაც რუსეთის შანტაჟის პოლიტიკა, მიზნები გაცილებით მასშტაბური იყო, ეს მოსკოვის ულტიმატუმებშიც [იგულისხმება რუსეთის მოთხოვნები აშშ-ისა და ნატოსადმი – რედ.] კარგად ჩანდა.

ვინაიდან ეს შანტაჟი არ გავიდა, ხოლო დასავლეთის პოზიცია ძალიან კონსოლიდირებული იყო და [დასავლეთი] თანმიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინას, მათ შორის სერიოზული ლეტალური იარაღის მეშვეობით და ა.შ., [რუსეთი] გადავიდა გეგმა B-ზე და საქართველოსთან ურთიერთობებში დაგროვილი „Know How“ გამოიყენა.

ამან ნაწილობრივ შენიღბა რუსეთის მარცხი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში და დაეხმარა [მოსკოვს], რომ ეს ქმედებები რუსეთის შიგნით ერთგვარ გამარჯვებად გაეყიდა.

თუმცა საქართველოსთან ურთიერთობებში დაგროვილი გამოცდილება ამოიწურა – მცოცავი ოკუპაცია ვერ იმუშავებს, უკრაინელები ძალიან მყარად დგანან გამყოფ ხაზზე და უჭირავთ ეს ხაზი.

დღეს რუსეთი დგას დილემის წინაშე: დაკმაყოფილდეს იმ ტერიტორიებით, რომელზეც აქვს ფაქტიური კონტროლი, თუ გადავიდეს შეტევაზე და განავრცოს კონტროლი დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ეს არის დიდი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს, მაგრამ მომდევნო დღეებში ამასაც ვიხილავთ.

  • თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთს აქვთ გაფართოების ვარიანტიც. გუშინდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე [რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა] ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკების“ ტერიტორიები მარიუპოლსაც [ქალაქი კიევის კონტროლის ქვეშაა] მოიცავს.  პუტინი რიგ გადაწყვეტილებებს ხშირად თავად არ ახმიანებს და კონკრეტული ნაბიჯებისკენ მას სხვები მოუწოდებენ. კოლოკოლცევის განცხადება ერთ-ერთი გეგმის გახმიანებაა თუ უბრალოდ „ბლეფი“?

სერიოზულად უნდა შევაფასოთ ეს განცხადება. კოლოკოლცევმა ეს შემთხვევით არ განაცხადა. რა თქმა უნდა, პუტინი ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ ეს საკითხები უშიშროების საბჭოს წევრებთან გავლილი არ ჰქონია. უშიშროების საბჭოს სხდომის ღია ეთერშიც წარმართვა უჩვეულოა.

ესეც ზემოქმედების მოსახდენადაა გამოყენებული, ერთი მხრივ, შიდა აუდიტორიაზე და შესაბამისი გზავნილების გაჟღერებისთვის საერთაშორისო საზოგადოების მისამართით.

მოგვიანებით იგივე განცხადება გააკეთა კალაშნიკოვმა [ლეონიდ კალაშნიკოვი – სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე].

ეს ძალიან სერიოზულად უნდა შევაფასოთ.  თუ რუსეთმა საზღვრების გაფართოება გადაწყვიტა, სერიოზული სახმელეთო ოპერაციების წარმოება მოუწევს, ტანკებით და სხვა ჯავშანტექნიკით უკრაინელების პოზიციაზე.

უკრაინელებს სერიოზული უპირატესობა აქვთ: ისინი დამცავ პოზიციას იკავებენ და მიღებული აქვთ შეიარაღება ასეთი შეტევების მოგერიებისთვის. აქ ნაკლებად შეიძლება ავიაციის ან სარაკეტო დანადგარების გამოყენება. ამიტომ, ძალიან რთული მისია ექნება რუსეთს.

ამასთან ერთად, [რუსეთს] დახვდება სერიოზული წინააღმდეგობა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დანარჩენ ნაწილში არის ძალაინ ანტირუსული განწყობები. იომებენ არა მარტო უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ მოსახლეობაც.

უნდა დაველოდოთ, დღეს როგორ სანქციებს დააწესებს დასავლეთი, მაგრამ ჯოჯოხეთური სანქციების მთლიანი პაკეტი იქნება დაუყოვნებლივ ამოქმედებული, როცა რუსეთი პირველ აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს გამყოფ ხაზზე. ეს დამანგრეველი იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის.

არ გამოვრიცხავ ამას [სამხედრო აგრესიას], მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. რუსეთი სერიოზული კრიზისითვის მზად არ არის.

  • რატომ არ აირჩია პუტინმა, ყირიმის მსგავსად, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის ვარიანტი?

ყირიმი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, შავ ზღვაში დომინირების კომპონენტის გამო.

აქ პუტინი იტოვებს მანევრის საშუალებას. ნარიშკინმა [სერგეი ნარიშკინი – საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი] გუშინ განაცხადა, ხომ არ ვიფიქროთ მიერთებაზეო, მაგრამ პუტინმა მიანიშნა, რომ ამაზე არ ვსაუბრობთო.

ამ ორი წარმონაქმნის რა დამოუკიდებლობაზე შეიძლება საუბარი? არც ინსტიტუტები გააჩნიათ, არც ვალუტა, არც მმართველობის სიტემა, პრაქტიკულად არაფერი.

არ გამოვრიცხავ [შეერთებას], მაგრამ ყირიმისგან განსხვავებით, ეს ორი უაღრესად დეპრესიული რეგიონია. პრობლემების მეტს რუსეთს ისინი არაფერს მოუტანენ. [მოსკოვს] ისედაც ძალიან ძვირი უჯდება [ამ რეგიონების ფინანსირება], შეერთების შემთხვევაში კი უფრო მეტი დაუჯდება, რადგან სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ. ვალდებულებას იკისრებს.

გასაგებია პუტინის შეშფოთება. რა იწვევს მის ღელვას? ბუდაპეშტის ხელშეკრულების დარღვევით მან ლეგიტიმაცია გაუჩინა უკრაინას ამ კონტექსტში… უკრაინამ შესაძლოა დააყენოს ეს საკითხი.

უკრაინა არ არის ჩრდილოეთ კორეა ან ირანი. ზელენსკის მიუნხენში ამის შესახებ არ განუცხადებია. მან თქვა, რომ თუ ბუდაპეშტის მემორანდუმის ფორმატში ვერ შედგება შეხვედრა, მაშინ კიევისთვის მემორანდუმი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

თუ უკრაინამ გადაწყვიტა, გახდეს ბირთვული სახელმწიფო, დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებს დასავლეთის ბირთვულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციაში. პუტინი აქაც მარტო დარჩება. თუ მას არ სურს, ასე მოხდეს, უნდა დათანხმდეს ზელენსკის წინადადებას – შეიკრიბონ ბუდაპეშტის ფორმატში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ოღონდ, ამისთვის საჭირო იქნება მემორანდუმის პუნქტების შესრულება.

უკრაინას აქვს ყველანაირი იურიდიული უფლება, თუ მემორანდუმის მიერ გათვალისწინებული გარანტიები არ მუშაობს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

  • ზოგადად რომ შევაფასოთ ახლანდელი ვითარება, ამ ეტაპზე, თქვენი აზრით, რუსეთმა მარცხი განიცადა, გაიმარჯვა, თუ რეალურად status quo შენარჩუნდა?

რუსეთის ავტორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობა სისტემაში ძალიან სერიოზულად შეირყა.  დასავლეთმა მცდელობა არ დააკლო, რომ რუსეთი დიპლომატიური გზით დაებრუნებინა საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების სისტემაში.

სხვათა შორის, დასავლეთის წინადადებებში პირველი ულტიმატუმის საპასუხოდ იყო ბევრი შეთავაზება. ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ პოლონეთში და რუმინეთში Tomohawk-ის სისტემების დემონტაჟი მოხდებოდა, რომლებიც, პუტინის თქმით, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მეორე წინადადება იყო, რომ უკრაინაში არ განთავსდებოდა შეტევითი შეიარაღების სისტემები და ნატოს ჯარები.

თუ რუსეთი ამბობს, რომ შეტევას და აგრეისიას არ აპირებს და, მეორე მხრივ, ნატოსგან იღებს გარანტიებს შეტევითი შეიარაღების და ძალების არგანთავსებაზე, მაშინ რა პრობლემაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

რუსეთს რომ რეალურად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჰქონოდა პრობლემა, დასავლეთის წინადადები [პრობლემის მოგვარების] რვა თუ ცხრა მიმართულებით სრულ შესაძლებლობას იძლეოდა.

რუსეთს აინტერესებს არა უსაფრთხოების ხარისხი, არამედ საკუთარი გავლენის სფეროები.

  • დონეცკის და ლუგანსკის აღიარებით მინსკის შეთანხმებებს ძირი გამოეთხარა. არის თუ არა დიპლომატიის ადგილი? 

გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხარა მინსკის შეთანხმებებს. რუსეთის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ შეთანხმებები ძალაში რჩება.

ეს როგორაა შესაძლებელი? შეთანხმებებით აღიარებული იყო, რომ ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიები, ახლა კი [რუსეთმა] ეს ორი წარმონაქმნი ცნო. აღარ არსებობს შეთანხმებები.

ვიდრე რუსეთი გამყოფ ხაზზე გაჩერდება და აგრესიულ ქმედებებს ხაზის გადასაწევად არ განახორციელებს, დიპლომატიის ადგილი რჩება. თუმცა ვთვლი, რომ ზეგისთვის დაგეგმილი შეხვედრა ბლინკენსა და ლავროვს შორის აღარ შედგება. ზოგადად დიპლომატიისთვის სივრცე შენარჩუნდება.

თუ რუსეთმა შეუტია უკრაინის ძალებს, მაშინ დიპლომატიის ადგილი აღარ იქნება.

  • შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა თავისი ნარატივი იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო დაპირისპირებას, გადახაზა და აღარ არის ნეიტრალური მხარე, როგორც აქამდე წარმოაჩენდა თავს…

რა თქმა უნდა. რუსეთი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მარტივად არღვევს შეთანხმებებს. უკვე ვახსენეთ ბუდაპეშტი, და ასეთი რამდენიც გნებავთ, იმდენი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.

სხვათა შორის, უკრაინელების ადგილზე ორ რამეს გავაკეთებდი. პირველი – უკრაინამ ახლა მაინც უნდა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან.

მეორე – უნდა შესთავაზოს საერთაშორისო თანამეგობრობას და მათ შორის რუსეთს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს ჰუმანიტარული დერეფნის ფორმირება გამყოფ ხაზზე, რათა მსურველებს არჩევანის საშუალება მიეცეს: ვისაც უნდა, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეს, ვისაც უნდა, იქიდან გადმოვიდეს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ეს კარგად დაგვანახებდა, რომ ამ რეგიონში ბევრად მეტი უკრაინელი პატრიოტია, ვიდრე ე.წ. სეპარატისტები, რომლებსაც მძევლად ჰყავთ აყვანილი ადგილობრივი მოსახლეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი