საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიმოიხილავს ხუთ სამხედრო სცენარს, რომლის განხორციელებასაც რუსეთი ეცდება უკრაინაში, თუ საბოლოოდ აირჩევს ესკალაციის გზას დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელების ნაცვლად.
„ძალიან ძნელი სათქმელია, ახლა რა იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეყოფა პუტინს ჭკუა, რაციონალიზმი. მოსკოვი გადაწყვეტს, რომ სამხედრო ავანტიურა განახორციელოს თუ, საბოლოო ჯამში, დაიხევს უკან. მე მაინც მგონია, რომ ასეთი ტიპის მობილიზაციის მერე რაღაც ტიპის სამხედრო აგრესია იქნება. ვერ წარმომიდგენია, ეს ყველაფერი დაშალონ და უკან გაიწვიონ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პერიოდი ირწმუნებიან, რომ არანაირი სამხედრო ზრახვები და აგრესიული გეგმები არ გააჩნიათ. თუმცა არავის შეუძლია, ახლა იწინასწარმეტყველოს და არც მე არ შევეცდები ამის გაკეთებას“, — ამბობს სერგი კაპანაძე „ნეტგაზეთთან“.
სერგი კაპანაძემ ჩამოთვალა სამხედრო სცენარები, რომელზეც, როგორც ჩანს, რუსეთი ფიქრობს და შეიძლება განხორციელდეს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ წავა მოლაპარაკებები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი:
სცენარი #1
რუსეთისთვის ყველაზე კარგი და სხვა დანარჩენისთვის კატასტროფული სცენარი — მთლიანად უკრაინის დაპყრობა და პრორუსულ სახელმწიფოდ გადაქცევა, მათ შორის, ხელისუფლების შეცვლის გზით;
სცენარი #2
დნეპრამდე უკრაინის შუაზე გაყოფა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას ან ოკუპაციას განახორციელებს.
სცენარი #3
უკრაინის იზოლირება შავი ზღვისგან, ანუ დიდი კორიდორის გაჭრა დონბასიდან დნესტრისპირეთამდე და უკრაინის შავი ზღვის გარეშე დატოვება;
სცენარი #4
უფრო პატარა კორიდორის გაჭრა დონბასიდან ყირიმამდე, ანუ მარიუპოლის აღება და ოდესამდე მისვლა ყირიმთან საზღვაო გზის ხელში ჩასაგდებად;
სცენარი #5
დონბასში რეფერენდუმის ჩატარება და ყირიმის მსგავსი ანექსია.
სერგი კაპანაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი სამხედრო აგრესიის გარეშე აღიარებს დონბასის დამოუკიდებლობას, მნიშვნელოვანი იქნება, რომ დასავლეთს ჰქონდეს მკაცრი პასუხი და არა უბრალოდ ვერბალური განცხადებები და მცირე სანქციები.
„წინააღდმეგ შემთხვევაში, ეგ თუ გაუვიდა რუსეთს და ასე დამთავრდა ეს ეპოპეა, მაშინ შეიძლება, იგივე გააკეთოს ყველგან, ესტონეთით დაწყებული, გარშემო ყველა სახელმწიფოთი დამთავრებული, სადაც პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა არსებობს. როგორც ახლა რიტორიკულად ცნობილია, დასავლეთის სანქციები ებმის უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, სამხედრო აგრესიას. თუ ეს არ განხორციელდა, მცირე ფორმით განხორციელდა, შეიძლება დასავლეთშიც გამოიძებნონ სახელმწიფოები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ძალიან მძიმე სანქციებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ძალიან თეორიული დისკუსიების დონეზეა“, — დასძენს კაპანაძე.
მისი აზრით, რასაც ახლა დასავლეთი აკეთებს, როცა მაქსიმალურად უზრდის რუსეთს აგრესიის ფასს, მათ შორის, სანქციების თუ სხვა ტიპის შეზღუდვების დაწესების მუქარით, სწორი გზაა რუსეთს გააგებინონ, რომ მძიმე შედეგები ექნება როგორც ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურად.
„საბოლოო ჯამში, ალბათ, პუტინი გადაწყვეტს, ეს ყველაფერი რამდენად უღირს. არარაციონალური ლიდერები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისგან და მოსალოდნელი ზიანის გათვალსწინების გარეშე. არავინ იცის, პუტინის თავში რა ტრიალებს, მაგრამ ვნახავთ ძალიან მალე. დასავლეთი აშკარად მზად არის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს ბევრ თემაზე, მათ შორის, შეიარაღებაზე, გამჭვირვალობაზე, სტრატეგიულ იარაღზე, მაგრამ არა — ნატო-ს არგაფართოებაზე. თუ რუსეთი გააგრძელებს იმ ხაზს, რაზეც სერგეი ლავროვმა დუმაში ისაუბრა, რომ ის არ მიიღებს პროცესის ეუთო-ში გადატანას, ევროკავშირის ჩართვას და, ზოგადად, გრძელვადიანი დისკუსიების დაწყებას, მაშინ არანაირი დიპლომატიური პროცესი არ იქნება“, — ამბობს სერგი კაპანაძე.
რატომ არაა დასავლეთის პასუხი საჯარო?
გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.
მოსკოვმა ვაშინგტონის და ნატო-ს წერილობითი პასუხი რუსეთის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე 26 იანვარს მიიღო, თუმცა ეთხოვა, არ გამოექვეყნებინა ისინი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, დოკუმენტი გამოთქვამს რუსეთთან თანამშრომლობის მზაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა. თუმცა აშშ და ნატო აცხადებენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება და ნატო თავად გადაწყვეტს, რა შეიარაღება განათავსოს ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე. რუსეთისთვის გადაცემული წერილის დეტალური შინაარსი ამ დრომდე უცნობია ამერიკული მხარის თხოვნით, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრი სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიდში „გაჟონავს“ ღია წყაროებში.
სერგი კაპანაძისთვის კითხვის ნიშნებს არ ბადებს ის, თუ რატომ არ არის დასავლეთის პასუხი საჯარო.
„დარწმუნებული ვარ, ბლინკენმა დოკუმენტში ასახული ძირითადი პოზიციები სწორად წარმოაჩინა, მაგრამ მოლაპარაკების მიზნებისთვის, ტაქტიკურად ხშირად ასეთი დოკუმენტების გასაჯაროება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. ჩემთვის ეს კითხვის ნიშნებს არ ბადებს. მით უმეტეს, იქ რომ რამე ისეთი ეწეროს, რაც რუსეთის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს და ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო მდივნის საჯაროდ გაცხადებულ პოზიციას, იციან, რომ მოსკოვი გაასაჯაროებდა და უხერხულ მდგომაროებაში ჩააგდებდა შეერთებულ შტატებს”, — ამბობს კაპანაძე.
საერთაშორისო ვალდებულებების ორგვარი ინტერპრეტაცია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ისა და ნატოს პასუხი მეორეხარისხოვან თემებზე სერიოზული საუბრის დაწყების იმედს იძლევა, თუმცა მთავარ საკითხზე — ნატო-ს არგაფართოებაზე — პოზიტიური რეაქცია არ არის. ახლა მოსკოვი გეგმავს, ეუთო-ს წევრს სახელმწიფოებს ოფიციალურად მიმართოს ახსნა-განმარტებისთვის, თუ რატომ არ ასრულებენ ისინი აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფოებმა არ უნდა გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.
სერგეი ლავროვის თქმით, 1990-იან წლებში, როდესაც გერმანიის გაერთიანებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები წყდებოდა, რუსეთს დაჰპირდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა ოდერის (მდინარე ცენტრალურ ევროპაში, რომელიც ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას კვეთს) აღმოსავლეთით და ამის დამადასტურებელი არაერთი მემუარი არსებობს ბრიტანელი, ამერიკელი თუ გერმანელი სახელმწიფო მოღვაწეებისა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლელი პარტნიორები დღეს ამ ზეპირ დაპირებებს არასერიოზულად მოეკიდნენ, თუმცა მოსკოვმა მისი პოზიციის გასამყარებლად მოიყვანა ეუთო-ს სტამბულის (1999) და ასტანის (2010) სამიტის დოკუმენტები, რომლებიც უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს აღიარებს.
სერგეი ლავროვის მიერ დასახელებული ორივე დოკუმენტი ამბობს: „ყველა წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს ან შეცვალოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები, მოკავშირეებთან დადებული შეთანხმებების ჩათვლით. ყველა სახელმწიფოს ასევე აქვს ნეიტრალიტეტის უფლება. თითოეული მონაწილე სახელმწიფო პატივს სცემს ყველა დანარჩენის უფლებებს ამ კუთხით. ისინი არ გააძლიერებენ საკუთარ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე“.
სწორედ საკუთარი უსაფრთხოების სხვების ხარჯზე არგაძლიერების შესახებ ჩანაწერს ინტერპრეტირებს რუსეთი, როგორც ნატო-ს არგაფართოების საფუძველს.
„ორი ურთიერთდაკავშირებული მიდგომაა. პირველი — აღიარებულია ყველა სახელმწიფოს უფლება, თავისუფლად აირჩიოს სამხედრო კავშირები. მეორე — სახელმწიფოთა ვალდებულება, არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვის ხარჯზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალიანსების არჩევის უფლებას აშკარად თან ახლავს ეუთო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინების პირობა. დასავლელი კოლეგები საუბრობენ, რომ ნატო-ს აქვს გაფართოების უფლება, ხოლო პრინციპს, რომლის თანახმადაც არ შეუძლება საკუთარი უსაფრთხოების სხვის ხარჯზე გაძლიერება, განზრახ უგულებელყოფენ. ასეთ პოზიციას ვერ მივიღებთ. ახლა ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი დასავლელი კოლეგების ამ ეშმაკური პოზიციის ახსნაზე. „მე გავაფრთხილე [ბლინკენი და სხვა კოლეგები], რომ უახლოეს მომავალში მათ ოფიციალურად მივმართავდით მოთხოვნით, აგვიხსნასნ, თუ რატომ გამოყოფენ საკუთარი ვალდებულებებიდან მხოლოდ ერთ პუნქტს, ხოლო მათი საყვარელი ამ პუნქტის დაცვის პირობებს იგნორირებას უკეთებენ. ეს იქნება ოფიციალური მოთხოვნა ყველა ქვეყნის მიმართ, რომელთა ლიდერებმაც ხელი მოაწერეს სტამბოლისა და ასტანის დეკლარაციებს. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში დიდი დრო არ დასჭირდება იმის ახსნას, თუ რატომ იკავებს დასავლეთი ასეთ პოზიციას“, — ამბობს ლავროვი.
სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთი ეძებს საბაბს საკუთარუ გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად და არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს საერთაშორისო დოკუმენტებს.
“ჩანაწერი, რომ სახელმწიფოები არ გააძლიერებენ საკუთარ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების ხარჯზე, არ არის პირობა ნატოს არგაფართოებაზე. იგულისხმება, რომ მაგალითად, არავის აქვს უფლება, სხვა სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყროს ან გააძლიეროს თავისი შეიარაღება, მიაყენოს სხვის საზღვრებს და ამით საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას, მაგრამ სხვისი ჩააგდოს საფრთხის ქვეშ. ამაზეა საუბარი და არა ალიანსის არჩევაზე, იმიტომ, რომ ალიანსის არჩევასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ჩანაწერია. საქართველოს და უკრიანის უსაფრთხოების გაძლიერება ნატოთი არ ხდება რუსეთის უსაფრთხოების ხარჯზე. ნატო არ უქმნის საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებას. ბალტიისპირეთის ქვეყნები უკვე არიან ნატო-ში, მაგრამ ამის გამო რუსეთს უსაფრთხოების პრობლემა არ შექმნია”, — განმარტავს სერგი კაპანაძე.