ახალი ამბები

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა

3 იანვარი, 2024 • 1335
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა

2024 წელი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებით დაიწყო. გუშინ, 2 იანვარს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი, კიევი და სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი დაბომბა. The Guardian-ის ცნობით, გარდაიცვალა 5, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

რუსეთი, უპილოტო საფრენი აპარატებით, თავს დაესხა უკრაინის ქალაქებს ახალი წლის პირველ დღესაც. ამჯერად, სამიზნე ოდესა და ლვოვი იყო. თავდასხმისას რუსეთმა 90 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, საიდანაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 87-ის ჩამოდგება შეძლო. ამის მიუხედავად, შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თავდასხმით გამოწვეული ხანძრების შედეგად დაზიანდა შენობები, მათ შორის მუზეუმი და უნივერსიტეტი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის საჰაერო სივრცის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის.

“მადლობელი ვარ ყველა ჩვენს პარტნიორის, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვაში. რომ არა ჩვენი პარტნიორები და მათ მიერ მოწოდებული თავდაცვის სისტემები, ყოველდღიურად ასობით ადამიანის სიცოცხლეს ვერ გადავარჩენდით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი