საზოგადოება

რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკი?

22 თებერვალი, 2022 • 4428
რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკი?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განმარტებით, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს დღესდღეობით აღიარებს “ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში”.

„რა თქმა უნდა, საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს დადგენილ საზღვრებშია. სხვა ყველაფერი სამართლებრივი ქმედებების ფარგლებს სცილდება“, — თქვა დეპუტატმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე ანდრეი რუდენკოს თქმით, მოსკოვი დონეცსკისა და ლუგანსკის რეგიონებს აღიარებს „საზღვრებში, რომლის ფარგლებშის დონეცკისა დ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლებები ახორციელებენ უფლებამოსილებას და იურისდიქციას“.

კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს კი რვაჯერ ჰკითხეს, თუ რომელ საზღვრებში აღიარა რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები და მან არაერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა:

CNN: საუბარია მათ აღიარებაზე ამჟამინდელ, რეალურ საზღვრებში თუ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების საზღვრებში? რამდენადაც ჩვენ გვესმის, ეს ოდნავ განსხვავებული საზღვრებია…

დიმიტრი პესკოვი: იმ საზღვრებში, რომლებშიც მათ თავს გამოაცხადეს.

CNN: რა მომენტში გამოაცხადეს?

დიმიტრი პესკოვი: როცა ეს ორი რესპუბლიკა გამოცხადდა.

„ბლუმბერგი“: შეგიძლიათ დაწვრილებით ახსნათ ეს საკითხი?

დიმიტრი პესკოვი: არა, არაფერი მაქვს დასამატებელი.

„ეხო მოსკვი“: მოიცავს თუ არა ეს საზღვრები, მაგალითად, მარიუპოლს?

დიმიტრი პესკოვი: მე არაფერი მაქვს დასამატებელი. იმ საზღვრებში, რომლებშიც ისინი არსებობენ და გამოცხადდნენ.

„ეხო მოსკვი“: არსებობენ თუ გამოცხადდნენ?

დიმიტრი პესკოვი: გამოცხადდნენ და არსებობენ.

„ეხო მოსკოვი“: ანუ მიმდინარე?

დიმიტრი პესკოვი: მე არაფერი მაქვს დასამატებელი.

BBC News: შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ბოლომდე ვერ მივხვდი, სახალხო რესპუბლიკების აღიარება იქნება იმ საზღვრებში, რომლებიც ახლა არსებობს თუ რომელიც მათ თავად გამოაცხადეს?

დიმიტრი პესკოვი: იმ საზღვრებში, რომლებშიც ეს რესპუბლიკები გამოცხადდა.

BBC News: 2014 წელს? ანუ დონეცკის და ლუგანსკის რაიონები?

დიმიტრი პესკოვი: ამ შემთხვევაში მე ვთქვი ყველაფერი, რისი თქმაც შემეძლო ამ თემაზე.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დმიტრი ხოროშილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაა ყოფილი ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიაა და უკრაინას მოუწოდა, ნებაყოფლობით გაიყვანოს ჯარი ლუგანსკის ოლქის „ოკუპირებული“ ტერიტორიიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „იქნება მიღებული ზომები“.

დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დადგენილებებში “საზღვრის” საკითხი დაკონკრეტებული არ არის.

დღის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა:

„ჩვენ ვაღიარეთ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და შესაბამისად, ვაღიარეთ მათი ფუნდამენტური დოკუმენტები, მათ შორის კონსტიტუცია. კონსტიტუციაში კი საზღვრები ოლქების უკრაინაში ყოფნის დროს არსებულ საზღვრებს ემთხვევა“.

თუმცა, პუტინი ამბობს, რომ საზღვრების დადგენა უკრაინასთან მოლაპარაკებისას უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამჟამად ასეთი მოალაპარაკებების ჩატარება შეუძლებელია.

21 თებერვალს რუსეთის შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი დონეცკისა და ლუგანსკის 2014 წლის, როგორც თვითონ უწოდა „ოკუპაციამდელ“ — მარიუპოლიდან ისტორიულ საზღვრებამდე — აღიარების წინადადებით გამოვიდა. მარიუპოლს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი სეპარატისტები აკონტროლებდნენ, თუმცა 2014 წლის აპრილში კიევმა ქალაქზე კონტროლის აღდგენა შეძლო.

რუკაზე ნაჩვენებია დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, მუქი ნარინჯისფერით გამოყოფილია პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტრორილებადი ტერიტორია. წყარო: Economist

რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მხოლოდ ნაწილზე აქვთ კონტროლი დამყარებული, ორივე ოლქის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს კიევი აკონტროლებს. გამყოფი ხაზი გადის მოსკოვის მიერ დე ფაქტო კონტროლირებად და კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „კონსტიტუციებში“ ნათქვამია, რომ მათი ტერიტორია „განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც არსებობდა [მათი] ფორმირების დღეს“. 2014 წლის აპრილში, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკები გამოაცხადეს, აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები ჯერ არ ყოფილა დაწყებული და თვითაღიარბეულმა რესპუბლიკებმა თავიანთ ტერიტორიად მიიჩნიეს დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციული ერთეულები.

აღიარების შემდეგ რუსეთმა დონეცკსის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომლებიც “საზღვრების” ერთობლივად დაცვას ითვალისწინებს.

პუტინმა დააკონკრეტა, რა „საზღვრებში“ აღიარეს დონეცკი და ლუგანსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი