საზოგადოება

პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონს

5 იანვარი, 2022 • 700
პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონს

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს ინსპექტორის აპარატის გაუქმების შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 დეკემბერს დაამტკიცა.

“ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება.

ამავდროულად, მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს,  გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს”, – წერენ განცხადებაში არასამთავრო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (osgf), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC], ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს სასამართლოს გუშაგი (GCW), კავშირი საფარი. 

„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი