ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე გაუქმდა, სააკაშვილზე გამოძიება ვერ დაასრულა

28 თებერვალი, 2022 • 959
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე გაუქმდა, სააკაშვილზე გამოძიება ვერ დაასრულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პირველი მარტიდან უქმდება, ინფორმაციას აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ სამსახურის მიერ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ.

ინსპექტორის თქმით, სააკაშვილის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესშია და ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში.

„გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესახებ. ასევე, გენერალურმა პროკურატურამ ადვოკატებს დართო სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება.

ადვოკატებს შეუფერხებლად ჰქონდათ წვდომა სისხლის სამართლის საქმეზე. ისინი რამდენჯერმე იყვნენ გამოცხადებულნი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და გაეცნენ როგორც წერილობით მასალებს, ასევე ვიდეოჩანაწერებს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესშია. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიღებული არ არის თითქმის არცერთი ექსპერტიზის დასკვნა (გარდა ერთისა), რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული გამოსაკვლევი საკითხის შესაფასებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო.

აღიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენდა შემდეგი საკითხები: ჰქონდა თუ არა ადგილი №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებისას, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალშ,ი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს; იყო თუ არა დაცული №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება – ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა პატიმართა მხრიდან მის მიმართ ვერბალურ აგრესიას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას; იყო თუ არა №18 სამკურნალო დაწესებულება ექიმთა კონსილიუმის მოთხოვნებთან შესაბამისი; იყო თუ არა ადეკვატური პენიტენციურ დაწესებულებაში მ. სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა – ჩაუტარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, დაენიშნა თუ არა მას შესაბამისი მკურნალობის კურსი და მკურნალობა განხორციელდა თუ არა სათანადოდ.

ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებს შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი