ახალი ამბები

„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

3 იანვარი, 2022 • 2233
„ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ს საელჩო სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

აშშ-ს საელჩო საქართველოში ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს.

საელჩო წერს, რომ მმართველმა პარტიამ ერთის მხრივ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, მეორეს მხრივ კი ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

ნეტგაზეთი ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.
შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს,“ – წერს საელჩო.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო.

მესამე მოსმენით, დაჩქარებულად რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და მიიღო.

„საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ 30 დეკემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

თოლორაია აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

ამავე დღეს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 81 ხმით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებებით წესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმთან და მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონში, ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით, ამოღებულია პუნქტი, რომელიც მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელების გამოყენებას ითვალისწინებდა, როგორიცაა აზრის გამოთქმისას „ზომიერებისა და გაწონასწორებულობის“ კრიტერიუმის დარღვევაზე დისციპლინური სასჯელის დაწესების შესახებ.

ამის მიუხედავად, ოპოზიცია და არასამთავრობოები კანონპროექტს აკრიტიკებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი