ახალი ამბებისამართალი

საკონსტიტუციომ არ შეაჩერა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

28 თებერვალი, 2022 • 1630
საკონსტიტუციომ არ შეაჩერა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა დავის დასრულებამდე დროებითი ღონისძიების სახით შეეჩერებინა კანონები, რომლებითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

სასამართლომ განაცხადა, რომ ამ საქმეს კოლეგია განიხილავს, ოღონდ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღარ იარსებებს.

ხვალიდან, ანუ პირველი მარტიდან ეს სამსახური ოფიციალურად აღარ იარსებებს, მის ნაცვლად კი ჩამოყალიბდება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში შესული იმ ცვლილებების კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანმდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი დამატებით ეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს, და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს.

ამასთან, მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება  სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას) გამოიწვევს.

სარჩელის მიუხედავად, ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა:

  • არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
  • საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
  • საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
  • საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
  • საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ერთი მოსამართლე – გიორგი კვერენჩხილაძე.

პარლამენტის მიერ დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციოს დაველოდებით – ჰარცელი ინსპექტორზე

მასალების გადაბეჭდვის წესი