კინოხელოვნება

ინტერვიუ რეჟისორ თინათინ გურჩიანთან

10 აპრილი, 2013 • • 2229
ინტერვიუ რეჟისორ თინათინ გურჩიანთან

თინათინ გურჩიანზე, რომელიც “სანდენსის” კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, მანამდე ცნობილი ბევრი არაფერი იყო – კინორეჟისურას კონრად ვოლფის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში ეუფლებოდა, გერმანიის ქალაქ ბაბელსბერგში. თავად ამბობს, რომ ურჩევნია ფილმი მეტს ამბობდეს ავტორზე. მისივე თქმით, ფილმებს ადრეული ასაკიდან უყურებდა და ღრმა ბავშვობიდან იცოდა, რომ ცხოვრებას კინორეჟისურას დაუკავშირებდა. სადებიუტო დოკუმენტური ფილმისთვის თინა გურჩიანმა და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს და გადაიღეს ახალგაზრდები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი ცხოვრება კინოსთვის საინტერესო იყო.

თინა გურჩიანი
თინა გურჩიანი

ევროპაში ორი ათწლეულის გატარებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ფილმი, რომელიც გადაიღეთ არისმანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” – მოგზაურობა ისტორიებში, რომლებიც, შესაძლოა, არც ისე ახლობელი  ყოფილიყო თქვენთვის. როგორ მოხდა ამ იდეის გენერირება თქვენში?

 

ყველაფერი მარტივად დაიწყო. მხატვრული ფილმის იდეით ჩამოვედი, მაგრამ მივხვდი, რომ რაც მე მამოძრავებს მხატვრულ კინოში, ცოტა განსხვავდებოდა… მე სხვა ცხოვრების წესი მაქვს, ვიდრე მოსახლეობის უმეტესობას აქ. მივხვდი, რომ დამჭირდებოდა ადამიანების მორგება ჩემი ისტორიებისადმი. ქართული რეალური პერსონაჟებით ეს ფილმი რომ გადამეღო, დიდ აცდენას მივიღებდი.

 

რას გულისხმობთ ამ აცდენაში?

 

მაგალითად, ტარანტინოს ფილმის გმირები რომ ავიღოთ, მათი ისტორია საქართველოში ვერ შედგებოდა. ამას სჭირდება გარკვეული გმირები, რომელთაც ბიოგრაფიებში რაღაც ნაპერწკალი უნდა ედოთ, რათა  საქართველოში დამაჯერებლად იქცნენ. ჩვენს ქუჩებში, მაგალითად, დადიან იოსელიანის გმირები, შენგელაიას გმირები…

 

და არ დადიან თქვენი გმირები?

 

მე იმ დროს გამიჩნდა განცდა, რომ ჩემი გმირები, ჩემი მხატვრული ფილმის გმირები ამ ქუჩებში არ დადიან…

 

და რამ გამოიწვია ეს დისტანცირება? ევროპამ?

 

რა პრობლემებიც მე ევროპაში მაღელვებდა, ისინი აქ არ აღმოჩნდა მთავარი და არსებითი. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია, რომ შენმა ფილმმა შენი სათქმელი კი არ თქვას, ასევე, აღწეროს დრო და ადგილი, რომელშიც ცხოვრობ. ჩემი ისტორიები კი, როგორც ჩანს, მაინცდამაინც საქართველოში არ უნდა გადამეღო. ევროპაში 20 წლის წინ წავედი, გაუცხოება არ მქონია, აქაურ პროცესებშიც საკმაოდ ჩართული ვიყავი, მაგრამ ის კინო, რაც მაშინ მინდოდა გადამეღო, არ იყო ქართული კინო. თუმცა ასევე ძალიან მაინტერესებდა ის სახეები, რომლებსაც ბავშვობიდან ქუჩაში სიარულისას ვხედავდი. მაინტერესებდა, როგორ მივიდა ადამიანი ამ თავის სახემდე. მინდოდა მომესმინა ისტორიებისთვის მათ მიღმა და გამეკეთებინა ფილმი ისტორიებზე, რომელთაც მათ თვალებში ვხედავდი. მინდოდა ამით ჩვენ ისევ ერთად ვყოფილიყავით, მე და ჩემი გმირები.

 

თქვენთვის ეს გმირები გარემომცველი გმირები იყვნენ, თუ მოგიწიათ საკუთარი, ჩვეული წრის გარღვევა და შეღწევა უცხო წრეებსა და სივრცეებში, ისეთი ისტორიების მოყოლა, რომლებიც შედარებით უცხო იყო თქვენთვის?

 

მე ის პრივილეგიაც გამოვიყენე, რომ მე, როგორც ახალჩამოსულს,  ჯერ კიდევ გარე პერსპექტივა მქონდა რაღაცების მიმართ. შევეცადე, ეს ხედვა შემენარჩუნებინა – როცა რაღაც დიდი ხნის უნახავს მაგრამ ახლობელს, უცებ ხელახლა აღმოაჩენ  –  და ასე გამეკეთებინა ფილმი.

 

მე ამ ადამიანებთან უცხოობის განცდა არ მქონია. როცა საქართველოში ვარ, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, რეგიონებში, სოფლებში და ვთვლი, რომ ასეთ საქართველოს ძალიან ბევრი არ იცნობს. ჩემთვის ეს ფასეული საქართველოა, გმირები კი ძალიან ღირებული ადამიანები, რომელთაგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. თუნდაც იმის, რომ ავთენტურები, უშუალოები და გახსნილები არიან. შეუძლიათ თავიანთი ტკივილებისა და სიხარულის ასე გულწრფელად გამოხატვით სხვა ადამიანები საკუთარი ცხოვრების თანაზიარად გახადონ. ჩემი აზრით, ესეც დიდი ნიჭია და დიდ შინაგან თავისუფლებასაც გულისხმობს. ჩემი და ჩემი გმირების ურთიერთობის გაგების პრობლემა კი მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც თვითონ ნიღბით ცხოვრობს. ვისაც არ შეუძლია იყოს შიშველი და ნაღდი სხვების თვალწინ.

 

თქვენ თვითონ წარმოგიდგენიათ თავი ასეთივე ფილმში კამერის მეორე მხარეს?

 

…კი, წარმომიდგენია. თუმცა ვთვლი, რომ იმით, რასაც ამ ფილმით ვყვები, მეც ჩემი გმირებივით შიშველი ვარ და ამ ფილმით ჩემი გაცნობაც შესაძლებელია. ჩემი გმირების მეშვეობით, ჩემს შინაგან მდგომარეობაზეც ვსაუბრობ, რომელიც მე ამ თემასთან მიმართებაში მქონდა. ეს ჩემი თვითგამოხატვის ფორმაა.

 

 <iframe width=”560″ height=”315″ src=”http://www.youtube.com/embed/PwKlRTrkJM4″ frameborder=”0″ allowfullscreen></iframe>

 

სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდით, რა იცოდით ამ ადამიანების შესახებ, რა წარმოდგენები გქონდათ და რა აღმოაჩინეთ? რამდენად ემთხვეოდა ერთმანეთს მოლოდინი და შედეგი?

 

მე ზუსტად ვიცოდი, რა ფორმა ექნებოდა ფილმს, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორი გმირები მოვიდოდნენ გადასაღებად და როგორი იქნებოდა ეს ისტორიები. თუმცა ვიცოდი, თუ რას წარმოადგებს ჩემთვის კარგი კინოგმირი. ასე რომ, სულერთი იყო – მოვიდოდა მდიდარი, განებივრებული ბავშვი, რომელიც მოწყენილობისგან იტანჯება, თუ- დრამატიზმით აღსავსე გმირი. ვიცოდი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ნაღდი და, ასე ვთქვათ, ჩვენს ძარღვებში უნდა გაევლო.

 

 

უმეტესობა სატკივარის მოსაყოლად მოვიდა

 

მგონია, რომ როცა ადამიანი კინოს მაგიურ ძალასთან მოდის შეხებაში, ის გრძნობს კიდეც, რომ ის ამით მარადისობის ნაწილი ხდება. კამერის წინ დგომისას კონცენტრაცია ისეთია,  გრძნობ, რომ რაღაც არსებითი უნდა თქვა. ასეთ მომენტში უმეტესად იმ ისტორიას ყვები, რომელმაც დაღი დაგასვა, რამაც შენი ცხოვრება განაპირობა. და ხშირად ეს არ არის მაინცდამაინც მხიარული ისტორიები. თუმცა ყველანაირი გარემოებების მიუხედავად, ჩემი გმირებიდან არც ერთი არ არის პესიმისტი და პასიური. მაგალითად, ფილმში არის ბიჭი, რომელსაც ძმა 25 წლით ციხეში ჰყავს, თუმცა სჯერა, რომ ისე მოუწყობს გარემოებებს, რომ მას  წლების შემდეგაც გარესამყაროსთან იგივე კავშირი ექნება. არის გმირი, რომელიც იმდენად ოპტიმისტია, რომ მიდის სოფელში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი 70 წლისაა, სიცოცხლე კი მხოლოდ სიკვდილს ელოდება და სიკვდილისკენ მიდის. ამ ადამიანს კი სჯერა, რომ ამ სოფელს გააცოცხლებს და თავსაც კი უძღვნის ამას. ამაზე უფრო პოზიტიური ისტორია რა შეიძლება იყოს?

 

და ისედაც: სანამ ემოციები გაქვს, რაღაც გტკივა, გიხარია, სანამ რაიმე გულთან ახლოს მიგაქვს, ცოცხალიც ხარ და ეს კარგი განცდაა. ტკივილიც კი კარგი განცდაა, გამოფიტულობასა და აპათიასთან შედარებით.

 

უშუალოდ სამუშაო პროცესზე რომ გკითხოთ,  როდესაც ადამიანებს კამერის წინ აყენებთ, როგორ ცდილობთ გაათავისუფლოთ თქვენი გმირები თვითდრამატიზაციის ტენდენციისაგან?

 

პირველ რიგში, როცა ადამიანი მოდის, რათა თავისი ცხოვრება მოყვეს როგორც კინო, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, გააკეთოს სელექცია, ის მოგიყვეს და ისე მოგიყვეს, როგორც თვითონ უნდა. ეს თავისუფლება ამ ფილმის კონცეფციაში იყო ჩადებული.

 

პირველ რიგში, ჩვენ სწორი კამპანია მოვაწყვეთ, ვინ უნდა მოსულიყო ფილმში გადასაღებად. ადამიანებმა იცოდნენ, რომ უნდა ჰქონოდათ მოთხოვნილება, საკუთარი ისტორიებით გამხდარიყვნენ ფილმის გმირები. ეს კი სულაც არ არის პატარა ნაბიჯი – შენი ცხოვრება გაუზიარო სხვას. ეს შინაგანი მზაობა და გაზიარების მოთხოვნილება მათ ბევრი სიყალბისგან ათავისუფლებდა.

 

გარდა ამისა, გვყავდა ძალიან სწორად შერჩეული საერთაშორისო გუნდი: გერმანელი ოპერატორი, პოლონელი ხმის ოპერატორი და მე. ჩემი გუნდის ძალა პიროვნულ და პროფესიონალურ თვისებებთან ერთად იმაში იყო, რომ მათ არ ესმოდათ ქართული, ეს კი ჩემს გმირებს დაძაბულობას უხსნიდა. ჩვენ მათთვის უხილავები ვიყავით, იმის გამოც, რომ ჩემი გუნდის წევრებს მათი ენაც კი არ ესმოდათ, მაგრამ გულით რეაგირებდნენ, სრულიად ინტუიციურად.

 

თუმცა, როდესაც ადამიანს მიკროფონს დაუმაგრებ და კამერას რთავ, სრული ნატურალიზმის მიღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მაგრამ კარგი რეჟისურა იმაში მდგომარეობს, შეარჩიო სცენები, სადაც ადამიანებს ამისთვის არ ეცლებათ, როცა ისინი არც კამერაზე არ ფიქრობენ და არც შენზე. ზოგი ამას აღწევს დიდი ხნით კამერით სიარულით. ჩვენ დიდი დრო არ დაგვჭირდა და ამის ფუფნება არც გვქონდა.

 

თუ გქონდათ ურთიერთობა გმირებთან, სანამ ისინი კამერის წინ დადგებოდნენ?

 

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქასთინგამდე ჩვენ შორის არ ყოფილიყო წინასწარი ურთიერთობა.  მინდოდა ჩემი კითხვებიც გულწრფელ ინტერესზე ყოფილიყო დაფუძნებული და სპონტანურობა შემენარჩუნებინა. მე ზუსტად მახსოვდა ჩემი პასუხისმგებლობა გმირების წინაშე. ვიცოდი, რომ ფილმში თითოეული ინტერვიუდან გრძელი, დაუმონტაჟებელი ფრაგმენტები შევიდოდა, ამიტომ კითხვებით ვეხმარებოდი გმირებს, რომ მათ თხრობის  რიტმი არ დაეკარგათ და მოკლე დროში მთავარი სათქმელი ეთქვათ. ისე კი, ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო, ჩემი ხმა საერთოდ არ იქნებოდა ფილმში. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო. საბოლოოდ სწორედ ჩვენი დიალოგების უნიკალურობა იქცა ფილმის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად.

 

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს
მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

 

და მაინც ხმა, რომელიც კამერის უკნიდან ისმის, გარკვეულ იერარქიას ქმნის. იქნებ ეს შეგნებული დისტანცია იყო?

 

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სარეჟისორო გადაწყვეტილება, რომ ჩემს ხმაში არ ყოფილიყო ჩემი ემოციები. მე მინდოდა, მაქსიმალური სივრცე მიმეცა ჩემი გმირებისათვის, მათ შორის მათი ისეთი თვისებებისათვის, როგორიცაა სიმორცხვე, დაბნეულობა, მარტოსულობა. ჩემი მზრუნველი დამოკიდებულება მათდამი კი ამ ყველაფერს ადგილს დაუკარგავდა. და ამ შემთხვევაში ვიქნებოდი ძალიან ცუდი რეჟისორი, რადგან სწორედ ამგვარი თვისებები ხდის მათ განსაკუთრებით ადამიანურს და მთელი მსოფლიოს მაყურებელს აახლოვებს მათთან.

 

გარდა ამისა, ადამიანები მოდიან თავისი ინტიმური ისტორიებით.  კამერა, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა მათთან მდგარიყო ძალიან ახლოს. დისტანცია, რაც კამერას გმირებთან აქვს, უპირველეს ყოვლისა მათი საზღვრების პატივისცემის დისტანციაა. სხვა შემთხვევაში გმირებს გაქცევის, ჩაკეტვის მოთხოვნილება ექნებოდათ. ამასთან, აქ მსოფლმხედველობრივი გათვლაც იყო – ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი მარტოობა სივრცეში განცდილი ყოფილიყო კამერის პოზიციით.  ხშირად, როცა ფილმზე წერენ ხოლმე, ამბობენ, რომ ეს ადამიანები ისე იქცევიან კამერის წინ, თითქოს ღმერთის წინ სამსჯავროზე იყვნენო.

 

ანუ ეს იერარქია მართლაც არსებობდა

 

არა, იერარქია საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ამ ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, ელაპარაკათ მარადისობის წინაშე. კინო ხომ მარადისობაა. ისინი ახლა არიან, რაღაც ძალიან დიდის ნაწილები, იმით, რომ არიან ამ ფილმის გმირები. მე არ ვარ ნარცისი, სწორედ ამიტომ ვცდილობდი პირადი დამოკიდებულებებისაგან დაცლილი ვყოფილიყავი. ეს კი ყველა რეჟისორს ევალება გააკეთოს. ამ პოზიციაში მე მევალება ადამიანებს შევხედო გარედან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობები არ მაქვს, სხვანაირად ისინი ჩემს ფილმში ვერ მოხვდებოდნენ.

 

დოკუმენტურ კინოსთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს კითხვა რეალობაში ჩარევის ხარისხთან დაკავშირებით. სად არის ინსცენირება და დრამატიზაცია და სად არის კამერა დამკვირვებელი?

 

საერთოდ რეჟისურა მანიპულაციის ხელოვნებაა. ყველა ფილმი, რომელსაც რეჟისორი ჰყავს, ჰყავს მანიპულატორი. იქ ხდება ჩარევა, სადაც ეს არ ხდება, იქ ცუდი რეჟისურაა. მე ვარ წინააღმდეგი ფილმების, სადაც კამერა უბრალოდ ჩართულია წლების გამავლობაში და ჩართულია უკონცეფციოდ. ეს ფილმები გამოიყურება, როგორც ცხოველებზე დაკვირვება. მე არ მჭირდება, კამერა ხუთი წელი მქონდეს ჩართული, რომ აღვწერო ქალაქი, ან 2 მოხუც ადამიანს შორის ურთიერთობა, რომელიც შემდეგი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

 

რაც შეეხება დადგმას, ულრიხ ზაიდლი, რომელიც ჩვენთან უფრო მხატვრული ფილმებით არის ცნობილი, პირველ რიგში კი, ძალიან დიდი დოკუმენტური კინოს რეჟისორია, ყოველთვის მიჯნავდა ინსცენირებას ინიცირებისგან. ინსცენირებაა, როცა მიდიხარ რაღაც გარემოში და მოქმედებას დგამ. მაგრამ ინიცირებაა, როცა შენ იცი, ვინ უნდა მოახვედრო გარკვეულ სიტუაციებში ერთად, რათა მათ ურთიერთობაზე არსებითი ითქვას და რომ სცენა შედგეს. მაგალითად, კასტინგზე მოსულებს მე ხშრად ვთხოვდი, მოეყოლათ საკუთარი ყოფის, ცხოვრების შესახებ. დღის ბოლოს კი ვწყვეტდი, რომელ გმირს გავყოლოდი მომდევნო დღეს. მაგალითად, გამგებლის შემთხვევაში, ვიცოდი, რომ ის აპირებს კრების ჩატარებას მოხუცებთან, რათა უთხრას, რომ სოფლიდან წასვლა უნდა. ამ შემთხვევაში ჩემი ჩარევა გამოიხატა იმაში, რომ მე სწორი არჩევანი გავაკეთე, და ამ გმირის შემთხვევაში ამ კრებაზე მივედი. როცა ვამბობ, რომ რეჟისურა მანიპულაციაა, ვგულისხმობ, რომ ეს არის გარემოებების სწორი არჩევა. რეჟისორმა უნდა მიიღო შემოქმედებითი გადაწყვეტილება, გადასაღებად კი მერე წახვიდე, რასაც ძალიან ბევრი არ აკეთებს. და ეს, ჩემი აზრით, არ არის რეჟისურა. კონცეფცია მიზნის არსებობას გულისხმობს.

 

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე განსაკუთრებულის ძებნა უნდა დაიწყო.  ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მხატვარია ჯორჯო მორანდი, რომელიც მთელი ცხოვრება იჯდა ოთახში და ბოთლებს და სხვა ყოფით ნივთებს ხატავდა. მაგრამ ამ ნატურმორტებში უამრავი ემოცია იკითხება. ჩემი აზრით, დაკვირვებასაც სჭირდება კონცეფცია და მის უკან ავტორი უნდა იდგეს. განთიადის ყურებას არაფერი სჯობს, მაგრამ მისი უბრალოდ ილუსტრირება კამერით ხელოვნების ნიმუშად მას ვერ აქცევს.

 

ერთერთი ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება იმ ლანდშაფტების, პასტორალური სცენების თუ სახეების ხილვის საშუალება იყო, რითიც, როგორც წესი, ქართული კინო არ გვანებივრებს. როგორ გამოიყურება ფილმის რუკა? რომ მოგვიყვეთ არა გმირების, არამედ ადგილების ისტორიები, რომლებშიც იყავით…

 

ჩვენ მთელი ფილმი 20 დღეში გადავიღეთ. ამ დროში ყველგან ვერ წავიდოდით. მაგალითად, ჯავახეთში არაჩვეულებრივი ადგილებია, რომელთაც სიამოვნებით გადავიღებდი. უმეტესად რეგიონების არჩევის ფუფუნება არ მქონია. თუმცა ზოგიერთი ადგილი, მაგალითად, მთიანი აჭარის სოფელი ღორჯომი წინასწარ შევარჩიე. ჩემთვის ეს უცნობი, სულ სხვა საქართველო იყო. ამიტომ სპეციალურად ჩავედი იქ ადრე, ჩემი ხელით გავაკარი განცხადება, რათა ხმა მიმეწვდინა, იმ შემთხვევაში თუ იქ ტელევიზორს არ უყურებდნენ. ფილმის გმირი პატარა ბიჭი იქიდან არის, მახლობელი სოფლიდან არის ქორწილის სცენაც და პირველი გმირიც, რომელიც ვანდამივით ჰოლივუდში მოხვედრაზე ოცნებობს. საერთოდ, მთიანი რეგიონებიდან ყველაზე საინტერესო ისტორიები იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ფილმში ვერ მოხვდა. გარდა ამისა, გადავიღეთ წყალტუბოში, სენაკში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მარაბდაში, ბოლნისსა და თელავშიც. ისტორიები, რომლებიც არ არის ფილმში, ისეთივე კარგია, როგორც ისინი, რომლებიც არის…

 

ფილმში გადასაღებად უამრავი ადამიანი მოდიოდა, ყველა დიდი ემოციური მუხტით. მათ წინასწარ იცოდნენ, რა იყო მათი არსებითი სათქმელი. მაგალითად, ფილმის ფინალური პერსონაჟი სამი საათი ამბობდა თავის სათქმელს გაუჩერებლად, თანაბარი ემოციური სიმძაბრით. ასეთი განუმეორებელი მომენტი მასალაში ბევრია. ყოველთვის დანანებით აღვნიშნავ, რომ ისტორიები, რომლებიც ვერ მოხვდა ფილმში, ისეთივე კარგი და ამაღელვებელია, როგორც ისინი, რომლებიც ახლა ფილმშია.

 

დიახ, ფილმის ფინალურ სცენას რაც შეეხება, რატომ გადაწყვიტეთ სურათი საკმაოდ მძიმე მონოლოგით დაგესრულებინათ?

 

კასტინგის გამოცხადებისას არჩევანი ახალგაზრდებზე გავაკეთე. ქვეყანაში, სადაც სულ ცვლილებებია, ხალხი კი აპათიურია და დაღლილი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფილმს ჰქონოდა ენერგია, ემოციებში მაინც. ეს ენერგია ჩვენს კულტურაში რატომღაც არ არის, ამბოხი ჩვენი კულტურის მახასიათებელი არაა. ალბათ იმიტომ, რომ ორთოდოქსული კულტურაა. ჩვენ ვეგუებით ყველანაირ გარემოებას, ჩვენ ირგვლივ, პირად ცხოვრებაში და ყველაფერს უპირობოდ, როგორც ბედისწერას ისე ვიღებთ. შესაძლოა ამიტომაც ვერ დავინახე მე ჩემი მხატვრული ფილმის გმირები მაშინვე ქუჩაში. ჩემი აზრით, იმედი და ოპტიმიზმი ემოციურ ენერგიაში მდგომარეობს. მძაფრი ემოციები ჩვენ ცხოვრებას გვაცვლევინებს. გულგრილობა, აპათიურობა და ინდიფერენტულობა კი ჩემს არც ერთ გმირს არ ახასიათებს. ეს აერთიანებს მათ. ბიჭის მონოლოგიც ფინალში სწორედ ამ მუხტის გამო ავარჩიე. მინდოდა ფილმი ამ ენერგიით დამთავრებულიყო. ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაც ამიტომაა ფინალში. ეს მუხტი მასაც ჰქონდა. ასეთივე ენერგია ჰქონდა იმ ბიჭსაც, ვისაც ფილმი სათაურს უნდა უმადლოდეს.

 

ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა. მახსოვს ამ კითხვას ფილმში თავად სვამთ

 

კი, მაგრამ ეს სათაური უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე  ფილმი. ერთ–ერთი წინა ფილმის გადაღებებისას ერთი ბიჭს ვკითხე, რა უნდოდა ყველაზე მეტად, მან კი მიპასუხა – მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს. ჩემთვის ეს რაღაც შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება იყო. არა მარტო მისი, არამედ გარკვეული თაობის, დროის. ის მსოფლმხედველობრივად ძალიან ახლოს არის ჩემს გმირებთან, რომლებიც იბრძვიან თავისი ცხოვრებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ირჩევენ გარემოებებს და ზუსტად იციან, რომ ეს გარემოებები ხშირად საუკეთესო არაა. ამ ბიჭმა თქვა: რომ შეეძლოს, ბევრ რამეს გააქრობდა. თუმცა სიცოცხლე სიცოცხლისათვის ღირს და ეს ძალიან ადამიანურია. მასაც იგივე მუხტი ჰქონდა, ეტყობა ამას ვეძებდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი