ახალი ამბები

საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამოქალაქო საზოგადოებაა – სტეფ ბლოკი

22 იანვარი, 2020 • 3517
საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამოქალაქო საზოგადოებაა – სტეფ ბლოკი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის „თავისუფალი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა“.

სტეფ ბლოკმა, რომელიც ამჟამად საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის ლიდერებს ხვდება, „ნეტგაზეთს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ნეტგაზეთმა დაუსვა კითხვა ბოლო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის შესახებ.

კითხვის ფორმულირება ასეთი იყო: ერთ-ერთი პროგრამა, რომლითაც ნიდერლანდების სამეფო საქართველოს უჭერს მხარს, არის MATRA, რომელიც 2004 წლიდან აძლიერებს სამოქალაქო ორგანიზაციებს ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, რასაც ისინი მათზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ… როგორ შეაფასებდით ასეთ რიტორიკას? ისაუბრებთ ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან თქვენი ვიზიტის ფარგლებში“?

ამ კითხვაზე სტეფ ბლოკმა ასე გვიპასუხა: „მე ვთვლი, რომ საქართველოს მიერ გასულ წლებში მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი (და სიმბოლო) მისი თავისუფალი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა;

„ბევრი წლის განმავლობაში ნიდერლანდები მხარს უჭერდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროგრამა „მატრასა“ და „ადამიანის უფლებათა ფონდის“ მეშვეობით. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ დინამიკური და გაბედული სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერ ქვეყნის დემოკრატიცაზიის პროცესსა და უფლებების დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მე ამაზე აქცენტს დავსვამ ჩემს შეხვედრებშიც, როდესაც საუბარი გვექნება კანონის უზენაესობისა და მთლიანად რეფორმების პროცესის შესახებ.“

გაეცანით მასთან სრულ ინტერვიუს:

ინტერვიუ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან

მასალების გადაბეჭდვის წესი