ეკონომიკა

„კონსულტაციები იქნება ყველასთან“ — აშენდება თუ არა ანაკლია ჩინური ინვესტიციით

1 აგვისტო, 2023 • 3958
„კონსულტაციები იქნება ყველასთან“ — აშენდება თუ არა ანაკლია ჩინური ინვესტიციით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტში შესაძლო ჩინური ინტერესების შესახებ კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ „კონსულტაციები იქნება ყველასთან“, ვინც ინტერესს გამოხატავს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის გახსნილი და „ყველა ინვესტიცია იქნება მისასალმებელი“.

„ვნახოთ, როგორ წარიმართება კონსულტაციები. მე გირჩევთ, არ შეხვიდეთ ამ სიღრმეში, რასაც აკეთებენ ნაციონალები იმისთვის, რომ დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები — აწარმოებენ რაღაც სპეკულაციებს ჩინეთის თემის გარშემო. არაფერი სასპეკულაციო სინამდვილეში აქ არ არის. ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს ყველა პარტნიორთან გვექნება კონსულტაციები“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ამერიკული ინტერესი ანაკლიის პროექტში ინვესტირებით გამოხატული არ ყოფილა.

„როცა საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს, ზრუნვა გამოხატული უნდა იყოს ინვესტიციით. თავის დროზე, როცა ეს პროექტი ხაზარაძის კონსორციუმს ებარა, მან ვერ მოახერხა ვერც ერთი ცენტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა. შესაბამისად, ზრუნვა არ ჩანდა, სამწუხაროდ. ჩანდა პირიქით, რომ კონკრეტული ინტერესი არ არსებობდა ამ პროექტის მიმართ, რაც ახსნადი შეიძლება იყოს — შეიძლება, ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში ინვესტიცია, ალბათ, ჩაიდებოდა, ხომ? ამ შემთხვევაში არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული ამ მიმართულებით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქართული მხარისთვის მისასალმებელი იქნებოდა ამ წლების განმავლობაში ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიციის ჩადება.

„ეს ვერ მოახერხა მათ შორის ვერც ხაზარაძის კონსორციუმმა. ვერც ერთი ცენტი ვერ ჩაადებინა ამერიკელებს ანაკლიის პორტში, რაც ფაქტია“, — თქვა კობახიძემ.

მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

ანაკლიის პორტის აშენება სახელმწიფოს უპირატესი წილით  მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2020 წლის 9 იანვარს, ვალდებულებების შეუსრულებლობის არგუმენტით, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გაუწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობისა და ოპერირების პირველ კონკურსში გამარჯვებულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) 2014 წელს დაარსდა. შპს-ის ფორმით არსებული კონსორციუმის მესაკუთრეები იყვნენ სააქციო საზოგადოება „ანაკლია ჰოლდინგი“ 99.99%-იანი წილით და სახელმწიფო — სიმბოლური, 0.01%-იანი წილით.

ანაკლიის პორტის პროექტს სათავეში ედგნენ დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები, TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კონსორციუმში, „თიბისი ჰოლდინგთან“ და სხვებთან ერთად შედიოდნენ ამერიკული კომპანიები, SSA Marine და „კონტი ჯგუფი“, რომლის პროექტში მონაწილეობაზეც დამფუძნებლები და პროექტის მხარდამჭერები დიდ იმედებს ამყარებდნენ.

პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს — გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას — საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც კონსორციუმს პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების უფლება მიენიჭა. პორტის მშენებლობის პირველი ფაზის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

თუმცა 2019 წელს ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს 16 754 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების, ბრალდებით, წინა წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ამის შემდეგ ამერიკული „კონტი ჯგუფი“ პროექტიდან გავიდა. ანაკლიის კონსორციუმი ამბობდა, რომ Conti-ს პორტის პროექტში უკვე $5.5 მილიონის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.

რაც შეეხება SSA Marine-ს, 2019 წლის მარტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” რეალური პარტნიორი, ამერიკული SSA Marine-ის ნაცვლად, საქართველოში დაფუძნებული კომპანია იყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ SSA Marine-მა საქართველოში შვილობილი კომპანია დააარსა, რომელთანაც კონსორციუმი თანამშრომლობდა.

ამჟამად, კონსორციუმი და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტისთვის დახარჯული აქვს 3 მილიონი დოლარი და სახელმწიფოს ედავება 1.5 მილიარდ დოლარს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით კი, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული.

2019 წლის ივნისში, ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის ღია დაპირსიპირების ფონზე, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას ანაკლიის პორტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა როგორც რუსული, ისე ჩინური „მტაცებლური გავლენის“ შესახებ.

„გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და დაიცავს საქართველოს რუსული თუ ჩინური მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან. ამ ვითომ მეგობრებს გულში არ უდევთ საქართველოს საუკეთესო ინტერესები“, — თქვა მან.

გასულ კვირას, გაფორმდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტზეც ილაპარაკა. მისი სიტყვებით, ხსენებული პროექტი საქართველოს მთავრობის “ამბიციური პროექტია”.

ღარიბაშვილმა ჩინეთში ანაკლიის პორტზე ილაპარაკა

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

ჩინეთის ელჩმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, თბილისი დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი