ახალი ამბებისაზოგადოება

აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

12 ივნისი, 2019 • 6296
აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

“ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს [ანაკლიის] პორტის პროექტს”, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაუკავშირებს თავისუფალ ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და დაიცავს მოჩვენებითი მეგობრების – რუსეთისა და ჩინეთის- ეკონომიკური ზეგავლენისგან, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ ატარებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მხარდამჭერ განცხადებას წინ უძღოდა რიგი მოვლენებისა, რომლებმაც პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”. აღნიშნულს წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა ფოთის პორტში, ანაკლიის სიახლოვეს გასცა. 30 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ ეს ნებართვა გააუქმა.

უფრო ადრე ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად დასახელდა 2018 წლის 2 აგვისტოს  საქართველოს პროკურატურის მიერ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან ჩამოშორება.

საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ედავება, რომ პორტის მშენებლობითვის საჭირო ფინანსების დროულად მოძიება ვერ შეძლო და ე.წ ფინანსური დახურვის რამდენჯერმე გადავადების გამო სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მლნ აშშ დოლარის პირგასამტეხლო აპატია. ფინანსური დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა, მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ მაიკ პომპეოს განცხადება ამოწურავს ღია თუ ფარულ კითხვის ნიშნებს ანაკლიის პორტის ირგვლივ დ იქნება მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

“სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად მიანიშვნა ხელისუფლებას, რომ პორტი უნდა აშენდეს. აქ არ არის საუბარი, რომ ამ პორტს მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი ექნება. აქ საუბარია მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და მათ შორის, უსაფრთხოების კომპონენტზე. გაურკვეველი შეფერხებები და განცხადებები, მათ შორის, ფოთის პორტთან დაკავშირებული ნებართვა, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონსორციუმს გარკვეულწილად პრობლემები ექმნებოდა. მაიკ პომპეოს განცხადება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ვფიქრობ, ამოწურავს იმ ღია თუ დაფარულ კითხვის ნიშნებს, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება ცხადყოფს ამ პროექტის მნიშვნელობას და არის გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს იქნება მკაფიო გზავნილი”, – ამბობს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეაზე ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროიდან არის საუბარი და ეს პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია არა მარტო ეკონომიკის განვითარების კონტექსტში, არამედ გეოპოლიტკურ ფუნქციის გაძლიერებისა და უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტის შემოტანის კუთხით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის საკითხის განხილვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ხმაურიანი განცხადებების გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას ახასიათებს პირდაპირი საუბარი.

“ვფიქრობ, ძალიან სწორი განცხადება იყო. აშშ-მა გვითხრა, თუ გინდათ [ამ პროექტის განხორციელება], გვერდში გიდგავართ ამ საქმეში და თუ არ გინდათ, ესეც გაარკვიეთ ბოლოს და ბოლოს. თუ სჭირდება საქართველოს ეს პროექტი და ჩემი აზრით, სჭირდება, აღარ უნდა გაჭიანურდეს – რაც უფრო მალე გაკეთდება, უკეთესია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის შემოსავალიც და უსაფრთხოებაც. პორტს მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვაც ექნება. საქართველოს მთავრობა, მიუხედავად ხარვეზებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, როგორც ვხედავთ, აქვს პორტის მშენებლობის მზაობა. შეიძლება პომპეოს განცხადება იყო პიარისთვის და ეფექტური თანამშრომლობის მანიფესტაცია, რომ აშშ-ს და საქართველოს ამ შემთხვევაში საერთო ინტერესბი აქვთ”, – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

მისი თქმით, ნამდვილად შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად ეშლება ხელი, თუმცა ამას დასაბუთება სჭირდება.

ჩინეთის როლი

აშშ-ის სახელწიფო მდივნის განცხადებაში ყურადღებას იქცევს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთის და ჩინეთის ფაქტორის დასახელება ანაკლიის პორტის კონტექსტში. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. რაც შეეხება ჩინეთს, ანაკლიის პორტის მშენებლობის ინტერესი რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა მეორე ეტაპზე გადასული ქართულ-ჩინური კონსორციუმი ქართულ-ამერიკულთან დამარცხდა.

ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის აგვისტოში გამოაცხადა და პირველ ეტაპზე დაინტერესება 12-მა კომპანიამ გამოხატა. საბოლოო წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა 2 პრეტენდენტს მიეცა:

  1. ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული კონსორციუმი: ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი); სპარტაკ ერაგია – ფიზიკური პირი;
  2. “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის დააარსებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

ინტერესთა გამოხატვაში საბოლოოდ გაიმარჯვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომელშიც შედიან TBC Holding (საქართველო), Conti International (აშშ), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.(ბულგარეთი).

თეონა აქუბარდიას თქმით, ჩინეთის ინტერესი იყო, რომ ყოფილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მსხვილი  პაკეტის მფლობელი. დღეს კი, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე ურთიერთობები დაძაბულია, ბუნებრივად მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ჩინეთს ვერ ექნებათ ინტერესების თანხვედრა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

“მაიკ პომპეოს განცხადება ყურადსაღები იყო იმიტომაც, რომ მან ღიად ისაუბრა ჩინეთის და რუსეთის ინტერესებზე პორტთან  მიმართებაში და თქვა, რომ არცერთი არ არის საქართველოს მეგობარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი აშენდეს მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. აშშ განიხილავს ჩინეთს, როგორც მოწინააღმდეგეს და, შესაბამისად, მათ ინტერესების თანხვედრა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ ექნებოდათ”, – განაცხადა აქუბარდიამ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ე.წ. სავაჭრო ომი თითქმის წელიწადია მიმდინარეობს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა. ორივე მხარემ ერთმანეთის მიმართ სავაჭრო ტარიფები გაზარდა. აშშ ჩინეთისგან მოითხოვს შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს,  ვაშინგტონის თქმით, უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას. ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს “ეკონომიკურ ტერორიზმს” უწოდებს.

ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ ეს სავაჭრო ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, მანამდე კი საქართველო ამ კონფლიქტში ნაკლებად უნდა ფიგურირებდეს.

“ჩვენ ჩინეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან სერიოზული ეკონომიკური თანამშრომლობა გვაკავშირებს. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს, დაპირისპირება და კონკურენციაა ეკონომიკურ, ფინანსურ და ყველა სხვა სფეროში. ალბათ, ეს კონკურენცია გამოიკვეთა აქაც. ჩინეთს აქვს დიდი კაპიტალი და უნდა მისი დაბანდება სხვადასხვა ქვეყანაში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ზრდისთვის და ამერიკასთან და დასავლეთთან კონკურენციისთვისაც. პორტთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს, ეს კონკურენცია კიდევ უფრო იკევეთება. ის, რომ ჩვენ ამერიკელებთან ერთად ვაკეთებთ ამ პორტს, ჩვენი მხრიდან ანტიჩინურ ქმედებად არ უნდა ჩაითვალოს. ჩვენმა დიპლომატიამ ეს კარგად უნდა აუხსნას ჩინეთს. ორ დიდ სახელმწიფოს თავისი პრობლემები აქვთ, მაგრამ სავაჭრო ომი დამთავრდება და საქართველო აქ ნაკლებად უნდა ფიგურირებდეს. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის. უნდა ვითანამშრომლოთ [ჩინეთთან], მაგრამ ვინ არის ჩვენი მთავარი მოკავშირე, ესეც უნდა გვახსოვდეს”, – განაცხადა კაჭარავამ.

ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება 9 ფაზად არის დაყოფილი. პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმება. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც მას საშუალებას მისცემს, მიიღოს 10 000-კონტეინერიანი (TEU) გემები.

ანაკლია წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის საკვანძო სატრანსპორტო წერტილს ჩინეთსა და ევროპას შორის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიუთითებს, რომ პორტის მდებარეობა, ტექნიკური და ინფრსტრუქტურული შესაძლებლობები, ტვირთის მოზიდვის უმთავრესი მიზეზები იქნება სწორედ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის და  სამომავლოდ, ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის გაძლიერების კონტექსტში.

“საქართველო აბრეშუმის გზის, “სარტყელი და გზის“ მარშრუტის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარეობს, ჩინეთსა და ევროპას შორის არსებულ ყველაზე მოკლე მარშრუტზე. ეს მას ტვირთის გადაზიდვის პროცესში მთავარ კარიბჭედ აქცევს ცენტრალური აზიისა და კავკასიის იმ რეგიონებში, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. ანაკლიის პორტი მოემსახურება ბაზრებს კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), 17-მილიონიანი მომხმარებლით, ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) და ჩრდილოეთ ირანში, ჯამში, 147 მილიონი ადამიანით”, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი