კომენტარი

ღარიბაშვილმა ჩინეთში ანაკლიის პორტზე ილაპარაკა

1 აგვისტო, 2023 • 2384
ღარიბაშვილმა ჩინეთში ანაკლიის პორტზე ილაპარაკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტზეც ილაპარაკა. მისი სიტყვებით, ხსენებული პორტი საქართველოს მთავრობის “ამბიციური პროექტია”.

“ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები”, — თქვა მან.

ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი არის “საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით”.

“…საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება… პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით.

ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა”, — დასძინა მან.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, ე.წ. “შუა დერეფანზე”, რომელიც საქართველომ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა უნდა განავითარონ. მისი სიტყვებით, “შუა დერეფნის” კონკურენტუნარიანობა “უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას”.

ღარიბაშვილი ასევე შეეხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოდერნიზაციის საკითხებს და თქვა, რომ ეს “მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”.

“ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას.

ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს, ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად.

ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს”, — დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია “თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით”.

ანაკლიის პორტის შესახებ

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა 28 ივლისის ნაცვლად 20 სექტემბრამდე გადაიდო.

მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებისთვის კანდიდატებს 2023 წლის 19 ივნისამდე ჰქონდათ ვადა.

კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 28 ივლისი იყო, თუმცა, ბოლო ცვლილებების მიხედვით, 20 სექტემბრამდე გადაიწია.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ინტერესი რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ პირველივე კონკურსის დროს გამოხატა, თუმცა მეორე ეტაპზე გადასული ქართულ-ჩინური კონსორციუმი ქართულ-ამერიკულთან დამარცხდა.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ქართულ-ამერიკული “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მოგვიანებით, 2020 წლის 9 იანვარს, საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხსენებულ კონსორციუმს ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო) შედიოდნენ.

ამჟამად, კონსორციუმი და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს კი ნათქვამი აქვს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი