ხელოვნება

ჰარამხანის კავკასიელი დედოფლები

3 მაისი, 2013 • 3049
ჰარამხანის კავკასიელი დედოფლები

ჟულიეტ დიუმა ოსმალეთის ისტორიის დოქტორია. იგი სტამბოლის ანატოლიის ფრანგულ ინსტიტუტში მუაშობს. დიუმა დაინტერესებულია “თურქი პრინცესების”, ოსმალეთის ჰარამხანებში მცხოვრები ქალების ისტორიებით, მათი იდენტობებითა და პოლიტიკური როლებით.

 

საქართველოს ეროვნული ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში გამართული სემინარი ანატოლიის ფრანგული ინსტიტუტის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით შედგა.

 

დასავლეთის ქვეყნებმა მე–19 საუკუნეში უფრო მეტად მიაქციეს ყურადღება ჰარამხანებს, როგორც არაერთი ლეგენდისა თუ მითის წყაროს. თუმცა, ამ ლეგენდის მიღმა იმალებოდა მკაცრი, იერარქიული სამყარო რომელშიც ჰარამხანის ბინადრები სულთნის საყვარლად გახდომას ნატრობდნენ, რათა ტახტის მემკვიდრის გაჩენით ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში, ამბობს ჟულიეტ დიუმა.

 

შესწავლილი ჩანაწერებიდან და წერილებიდან ირკვევა, რომ ჩერქეზი ქალები არ წყვეტდნენ კავშირს თავიანთ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან, რომელთაც მოსაკითხი წერილების გარდა საჩუქრებსაც უგზავნიდნენ.

 

ჟულიეტ დიუმა განმარტავს, რომ, მართალია, ეს ქალები იღებდნენ განათლებას ოსმალეთის სასახლის კარზე და სწავლობდნენ ოსმალურ ეტიკეტს, ზრდასრულ ასაკში მიღებული განათლება მაინც ვერ არღვევდა იმ იდენტობის (ეროვნული მიკუთნებულობის) საფუძველს, რომელიც მათ ბავშვობაში შეექმნათ.

 

ჰარამხანაში მცხოვრები ქალები ერთიანდებოდნენ თავიანთი ეროვნების ქალებთან და ქმნიდნენ არაფორმალურ კავშირებს. ამის საუკეთესო მაგალითად მას ენის ფაქტორი მოჰყავს. ამ ქალებმა იცოდნენ თურქული, თუმცა, უმეტესად ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე, ქართულად და ჩერქეზულად, საუბრობდნენ. სწორედ ენა იყო ეთნიკური იდენტობის ის ქვაკუთხედი, რომლითაც ისინი არ კარგავდნენ კავშირს წარსულთან.

 

დედა- დედოფლობა ამ ქალებს ახალ პრივილეგიებს ანიჭებდა  და ჰარამხანის იერარქიულ კიბეზე დაწინაურების საშუალებას აძლევდა.

ჟულიეტ დიუმა
ჟულიეტ დიუმა

დარბაზიდან შეკითხვა დაისმა სულთან სელიმ მესამის დედის ქართული წარმომავლობის შესახებ. კითხვის ავტორმა, ხაზი გაუსვა სულთნის პროგრესულობას და იგი ერთგვარად დედოფლის ქართველობასთან დააკავშირა.

 

სელიმ მესამის დედა სავარაუდოდ ქართველი იყო, რომლის სახელთან ოსმალეთის იმპერიაში მეთვარმეტე და მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე განხორციელებული რეფორმები არის დაკავშირებული. ამ საკითხის დადასტურება დამატებით კვლევას მოითხოვს.

 

მეთვრამეტე საუკუნის მიწურული “იდენტობებით თამაშის” პერიოდია, როცა სულთან აბდულ ჰამიდ პირველის დედას ფრანგად მიიჩნევდნენ. ჟულიეტ დიუმას თქმით, ეს მართალი არ აღმოჩნდა, თუმცა იმ პერიოდში ამ ფაქტმა ფრანგების კმაყოფილება გამოიწვია, ხოლო ინგლისელები “ოსმალეთის ფრანკოფილურ პოლიტიკას” აპროტესტებდნენ.

 

დედა- დედოფლის ეთნიკური წარმომავლობა, როგორც ჩანს, დიდ გავლენას ახდენდა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის ქალებისთვის ჰარამხანაში და მთელს სამეფო კარზე პოზიციის განსამტკიცებლად. უფრო მეტიც, პოლიტიკური ინსინუაციების წყაროც ხდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი