ახალი ამბები

ჰოლოდომორი უკრაინელთა გენოციდად აღიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ

13 ოქტომბერი, 2023 • 2608
ჰოლოდომორი უკრაინელთა გენოციდად აღიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [პასე] ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა.

„ასამბლეა აღიარებს ჰოლოდომორს გენოციდის აქტად, რომელიც მიმართული იყო უკრაინელი ერის ფუნდამენტის, ენისა და კულტურის განადგურებაზე, და პატივს მიაგებს ამ გენოციდის მსხვერპლთ“, – ნათქვამია ასამბლეის გადაწყვეტილებაში.

ასამბლეა მოუწოდებს მასში შემავალი ქვეყნების პარლამენტებს, ასევე მიიღონ მსგავსი რეზოლუციები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასამბლეას მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისთვის.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა გახსენება აგზავნის მკაფიო სიგნალს: სამართლიანი სასჯელი მოსკოვის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულებისთვის გარდაუვალია“, – განაცხადა მან.


უკრაინამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 2006 წელს, უზენაესი რადის გადაწყვეტილებით აღიარა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, ჰოლოდომორი გენოციდად სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.

ხელოვნურად გამოწვეული მასობრივი შიმშილი, ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) უკრაინაში 1932-33 წლებში მოხდა. საბჭოთა მმართველობისას შექმნილ კოლექტიურ მეურნეობებში გაწევრიანებაზე უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობის პასუხად მათ ძალით ართმევდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. სხვადასხვა მონაცემებით, შიმშილს რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა აღნიშნულის მოწყობაში საბჭოთა ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს და შიმშილს უკრაინელი ფერმერებისა და გლეხების წინააღმდეგ დამსჯელ ზომად განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი