Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნესტორ ლაკობას ისტორიის უცნობი დეტალები – ინტერვიუ ამერიკელ ისტორიკოსთან

12 თებერვალი, 2024 • 5283
ნესტორ ლაკობას ისტორიის უცნობი დეტალები – ინტერვიუ ამერიკელ ისტორიკოსთან

ქეთი ქანთარია


ტიმოთი ბლაუველტი, ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან მუშაობს, როგორც  საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების პროფესორი. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ხუთი წელი  ასწავლიდა საბჭოეთის პოლიტიკურ ისტორიას.  საქართველოში  პირველად 1999 წელს სადოქტორო დისერტაციისთვის კვლევის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ბლაუველტი ამერიკული საბჭოების სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორია საერთაშორისო განათლების განხრით. ეკუთვნის ათობით პუბლიკაცია  რუსეთისა და საბჭოთა კავშირის,  კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაზე, საბჭოთა ნაციონალიზმსა და ნაციონალურ პოლიტიკაზე. ნაშრომი, რომელზეც ინტერვიუშია საუბარი, პრინსტონის უნივერსიტეტის ჰუვერის ბიბლიოთეკაში მოულოდნელად ნაპოვნ დოკუმენტთა კრებულზე დაფუძნებით დაიწერა. ბიბლიოთეკების არქივში წლების წინ ადრესაბჭოთა აფხაზეთის მმართველის, ნესტორ ლაკობას უცნობი დოკუმენტებითა და ფოტოსურათებით სავსე ყუთები იქნა ნაპოვნი, რომლებმაც ახლებური შუქი მოჰფინა ისტორიის აქამდე ცნობილ ამ მონაკვეთს საბჭოთა აფხაზეთში.


რამდენადაც მახსოვს, თქვენს წიგნში არ ჩანს, როგორ მოხვდა ლაკობას დოკუმენტები ჰუვერის ინსტიტუტში. მისი დაწერის დროიდან რამე ხომ არ გარკვეულა?

მე აღწერილი მაქვს, თუ როგორ დამალა ეს დოკუმენტები თავის ბინაში ლაკობას ცოლმა 1937 წელს, შემდეგ კი, 20 წლისთავზე, გულაგიდან დაბრუნებულმა ნათესავმა იპოვა. როგორც ჩანს, ისინი  ამ ნათესავთან სსრკ-ს დაშლის პერიოდამდე რჩებოდა – სტანისლავ ლაკობა ყვება, რომ ისინი  1990 წელს აჩვენეს –  ამის მერე, ეჭვი მაქვს, ისინი  ამ ნათესავმა ან მისმა ოჯახმა ჰუვერის ინსტიტუტს მიჰყიდა. არა მგონია,  მათი წარმომავლობა დაეჭვების საფუძველს იძლეოდეს, საკითხავი მხოლოდ ისაა, რატომ შეიცავს ეს კოლექცია კონკრეტულად იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჰუვერის ინსტიტუტშია დაცული  და რა არის დაკარგული. მაგრამ ასეთი კითხვები ნებისმიერი საარქივო კოლექციის მიმართ ჩნდება.

ლაკობას კულტზე გკითხავთ:   – როგორ მოხდა, რომ მისი მტრების ოჯახებში დაცულმა ცოდნამ მის ლეგენდად ქცევაზე არ მოახდინა ზემოქმედება? 

ისტორიული მეხსიერება არამყარი რამაა, დროსა და თაობებს ესადაგება,  რათა  შესაბამისი პერიოდის სოციალურ და პოლიტიკურ გარემოებებს მოერგოს.

უნდა გამოვტყდე, რომ ამ თემატიკის მასალების კითხვისას ქართული მხარის შეცდომები უფრო მხვდებოდა თვალში/ ზოგადად, აფხაზების ყველა პრეტენზიის გააზრებას და მიღებას ვცდილობ. მაგრამ ( ისევ და ისევ) უნდა გამოვტყდე, რომ ამ წიგნის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ლაკობა ბერიასებრ ფიგურად გამოიყურება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, რაც მთავარია, სწორედ ნაციონალიზმის კუთხით. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ძალადობრივი ფიგურაა და ბერია მასთან შედარებით უმანკოდ გამოიყურება. საერთოდაც, ისე აღიქმება, რომ ბერიას ანტიაფხაზური პოლიტიკა პასუხი იყო ლაკობას ნაციონალისტურ მცდელობებზე.

არ ვიტყოდი, რომ ბერიას პოლიტიკა, მისი ქმედებები, მაინცდამაინც  პასუხი იყო ლაკობას ნაციონალისტურ მოღვაწეობაზე. ბერია და ლაკობა აშკარად თანამშრომლობდნენ, როდესაც მათი ინტერესები ემთხვეოდა – 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ამის შემდეგ მათი ინტერესები გაიყარა. მას შემდეგ, რაც ბერია ტიფლისში უმაღლეს თანამდებობზე გადმოვიდა, ლაკობას ადგილობრივი ძალაუფლება და აფხაზეთში მისი დასაყრდენი ბაზა  ბერიასთვის  პოტენციურ დაბრკოლებად უფრო იქცა, ვიდრე მისთვის ხელსაყრელ ფაქტორად.

რაც საინტერესოა, ორივე ბოლშევიკური/არალეგიტიმური ხერხებით ცდილობს საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვას – მათი მოღვაწეობის მათივე ინტერპრეტაციას რომ მივმართოთ.

რა თქმა უნდა, ორივე   საკუთარი  ქვეშევრდომებისა და ძალაუფლების საფუძვლების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმდებდა.

თქვენი აზრით, რით განსხვავდება ადრესაბჭოური ნაციონალიზმი გვიანსაბჭოური და შემდგომი ათწლეულების ნაციონალიზმისგან? კონკრეტულად ქართული და აფხაზური მხარეების შემთხვევაში?

საბჭოთა „ეროვნული პოლიტიკის“ პარადოქსიც ამაში მდგომარეობს  – ბოლშევიკებს თავიდან მიაჩნდათ, რომ ნაციონალიზმი   ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც  სოციალიზმის დამკვიდრებასთან ერთად გაქრებოდა და ეროვნული  „ფორმის“ იმ ასპექტებზე უარის თქმით, რომლებისთვისაც ჩვეულებრივ იბრძოდნენ ნაციონალისტები, მათ ნაციონალიზმის დეპოლიტიზირება და მისი გაბათილება შეეძლოთ.  თუმცა მათმა პოლიტიკამ  შეუწყო ხელი მოსახლეობაში (და თავად პარტიის წევრებს შორის) ეროვნული იდენტობის ესენციალისტური და საფუძვლისეული კონცეფციების გამყარებას.

ამგვარად, გვიანსაბჭოთა პერიოდში ნაციონალიზმმა ინტელიგენციის დისკურსებში ფესვები ისევე გაიდგა, როგორც ოფიციალურ ინსტიტუტციებსა (ყველა შემოქმედებით გაერთიანებასა და კვლევით ინსტიტუტებში) და დისიდენტურ წრეებში. საბჭოთა ეთნიკური ფედერალიზმის იერარქიაში რესპუბლიკების ეროვნული ინტელიგენციებს ლამის იდეაფიქსად ექცათ „ეთნოგენეზის“, თვითმყოფადობის, ავტოქტონურობის საკითხები,  ეროვნული დიდება  – განსაკუთრებით იქ, სადაც არსებობდა საკამათო ტერიტორიები. ამის კარგი მაგალითია კონკურენტული ნარატივები იმის ირგვლივ, თუ ვინ არის „ნამდვილი აფხაზი“,  ვინ უფრო  ძირძველი იყო და, შესაბამისად, ვის ჰქონდა უფლება აფხაზეთზე. ეს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში არ ხდებოდა: აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორისაც ჩნდება კონკურენტული ნარატივები ამის შესახებ – ამის კიდევ ერთი მაგალითია დავა, თუ ვინ იყო ყარაბაღის „ნამდვილი“, მისი ისტორიული მოსახლეობა.

ტიმოთი ბლაუველტი; ფოტო: გენადი გაბოძე

ტიმოთი ბლაუველტი; ფოტო: გენადი გაბოძე

აქ ისე ჩანს, რომ ქართველი ბოლშევიკები არც მაინცდამაინც ნაციონალისტები არიან და ხშირად კორქტულად ან კოლეგიალურად იქცევიან აფხაზი ბოლშევიკების მიმართ. ლაკობას, როგორც ჩანს, მეტწილად ქართველი ბოლშევიკები მფარველობდნენ, არა? 

ქართველ ბოლშევიკებს შორის კონკურენტული ფრაქციები საქართველოს „გასაბჭოების“ დასაწყისიდანვე, 1921 წლის დასაწყისშივე არსებობდა დაპირისპირება მეტი ეროვნული სუვერენიტეტისა თუ მეტი ცენტრალიზაციის მხარდაჭერისას. ეს პროცესი დასრულდა 1922-23 წლების ე.წ. „ქართველების საქმით“. ორჯონიკიძის დაჯგუფებამ, მოსკოვის, ე.ი. სტალინის მხარდაჭერით, მხარი დაუჭირა ცენტრალიზაციას, მათ შორის საქართველოს ჩართვას უფრო დიდ  წარმონაქმნში, ამიერკავკასიის ფედერაციაში. სწორედ მათ გაიმარჯვეს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, მათ ერგოთ ტფილისში ძალაუფლება. სწორედ ეს ჯგუფი გახდა ლაკობას „მფარველი“  – თავის მხრივ, ლაკობა და მისი ქსელი მათ პოლიტიკურ ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

წიგნზე მუშაობისას გიჩნდებათ პარალელური შტოები, რომლების გაყოლაც გსურდათ ან აპირებთ? რაღაც ბუნდოვანების განცდა დაგრჩენიათ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით?

დიახ, გადავეყარე ზოგ ისეთ დოკუმენტს, რომლებიც თეორიულ არგუმენტაციის კონტექსტში ან წიგნის ნარატივში არ ჯდებოდა. ზოგ მათგანს სხვა პროექტებში მივუბრუნდები, ან ჩემს სტუდენტებს ვუბიძგებ, მათზე იმუშაონ – უბრალოდ სხვებს დავუტოვებ, იქნებ სამომავლოდ მოჰკიდონ ხელი.

რაც შეეხება ფაქტებს – ორაზროვნება მუდამ არსებობს, რადგან არცერთი ისტორიული წყარო წარსულში ჩასახედ უხინჯო სარკმლად არ გამოდგება. მაშინაც კი, როდესაც ისტორიკოსმა დაზუსტებით იცის, რომ ესა თუ ის ფაქტი ნამდვილად მოხდა (და მოხდა ისე, როგორც მას მიაჩნია), ერთი რომელიმე ამგვარი ფაქტის არჩევა სხვებს შორის და მასზე დაყრდნობა აუცილებლად სუბიექტური ინტერპრეტაციით დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტები ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია და დაკავშირებულია ინტერპრეტაციებთან, შესაბამისად – მათგან მომდინარე დასკვნებთან.

თქვენი აზრით,  დაჯგუფებათა დაპირისპირების ეს ისტორია ძალიან ახლოა ქართულ-აფხაზური განხეთქილების საწყისებთან? თქვენი შთაბეჭდილებით, სად იკვეთება პირველი ნიშნები ანდა მიზეზები? 

ჩემი აზრით,  აფხაზური ეროვნული იდენტობის პროექტები  პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წლის რევოლუციების წინ ჩნდება, ხოლო კონფლიქტი  აფხაზეთის ავტონომიური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების დროს იჩენს თავს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებისას, 1918-1921 წლებში.  საბოლოოდ, ეს სტატუსი შედის კონსტიტუციაში, რომელიც  1921 წლის თებერვალში იქნა მიღებული, მაგრამ  წარმმართველ, ძირითად დოკუმენტად ფუნქციონირება მას არ ეწერა. ამ საკითხზე მსჯელობის გაჭიანურება იწვევს იმედგაცრუებებს,  ბრალდებებსაც კი. ამ თემაზე მე და ანტონ ვაჭარაძემ სტატია დავწერეთ, რომელიც მალე დაიბეჭდება.

აფხაზ ისტორიკოსებთან, ვიცი, გქონდათ კონტაქტი. როგორი რეაქცია ჰქონდათ ლაკობას ამ დოკუმენტაციით გამომჟღავნებულ ფაქტებზე?   

სტანისლავ ლაკობამ  ამ წიგნზე საკმაოდ უდიერად ილაპარაკა ერთ-ერთ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, რომელიც Youtube-ზეა, მაგრამ მეეჭვება, მისი ინგლისურის ცოდნა ამ წიგნის წასაკითხად საკმარისი იყოს. უფრო საფიქრებელია, რომ  წიგნზე მას ჯორჯ ჰიუიტმა უამბო  და ლაკობამ  ის გაიმეორა, რაც ჰიუიტმა დაწერა ერთ-ერთ აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ არანაკლებად უდიერ და პედანტურ რეცენზიაში (ჰიუიტის მიმოხილვაც და მასზე ჩემი პასუხიც აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ)  – ნაშრომის ინგლისური ვერსია აფხაზეთზე მომუშავე კიდევ რამდენიმე კომპეტენტურ და ობიექტურ მეცნიერს გავუგზავნე, მაგრამ მათი აზრი ჯერ არ მომისმენია. ისინი, როგორც ჩანს, დადებითად აფასებენ ჩემს ადრინდელ სტატიებს საბჭოთა აფხაზეთის შესახებ.

 ჯერჯერობით ისე ხდება, რომ უცხოელი ავტორები უფრო ახერხებენ მე-20 საუკინის  საქართველოს ისტორიის მიჩქმალული მონაკვეთების შესახებ ახლებურად წერას. ამის მიზეზი რა არის, თქვენი აზრით? 

რა თქმა უნდა, არიან ქართველი ისტორიკოსები, რომლებიც  მე-20 საუკუნის საქართველოს ღირებულ ახალ ისტორიებს წერენ. ხშირად ქართველ ისტორიკოსებს თანამედროვე ისტორიული მეთოდოლოგიისა და თეორიული და შედარებითი მიდგომების სრული ცოდნა აკლდათ, დასავლელი მეცნიერები ქართულ თემატიკაზე მუშაობისას ამ მიდგომებს იყენებენ. ნაწილობრივ, მიზეზად შემიძლია დავასახელო  საქართველოში მეცნიერთა პროფესიული განვითარებისათვის ხელის შემშლელი პირობები ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ახლა ჩანს, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები უცხოეთში სწავლას ასრულებენ  და ახალი პროგრამები  ახლა აქ იქმნება, საქართველოში. ამ ახალ თაობას აქვს უფრო დახვეწილი ანალიტიკური ინსტრუმენტალიებიც და გახსნილობაც იმ ახალი პერსპექტივებისა თუ ჩარჩოების მიმართ, რომლებიც  ეროვ ნულ  და ეთნოგენეზზე ორიენტირებული წარსულის მიდგომებს სცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი