საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მისეულ ვერსიებზე საუბრობს და მათ შორის, ამბობს, რომ შესაძლოა მიზეზი სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო.

ღარიბაშვილი რამდენიმე მიზეზზე საუბრობს, თუმცა, გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში „შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი“.

„ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ, მაქსიმუმ, 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.

სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს“, – წერს ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა თავისივე მითის მსხვერპლი და დაიჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშლილია. როგორც პრემიერი ამბობს, სინამდვილეში, „სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა“.


მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეიბუსკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. ამ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა,“.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

სააკაშვილის შეფარვის საქმეზე ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია და ზურა და შალვა წოწორიები. სამივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცომაია სწორედ ის ადამიანია, ვის კუთვნილ ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, ხოლო წოწორიებს პროკურატურა სააკაშვილის ფოთიდან აბაშამდე გადაყვანას ედავება.

როგორ შეიფარა ცომაიამ სააკაშვილი თავის ბინაში — დეტალები