ახალი ამბები

“პირველად აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში” — მდინარაძე ბოდიშს იხდის

2 ოქტომბერი, 2021 • 8888
“პირველად აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში” — მდინარაძე ბოდიშს იხდის

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როგორც პოლიტიკოსი, გუშინ პირველად აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

საქმე ეხება მამუკა მდინარაძის მიერ გუშინ, პირვეელ ოქტომბერს გაკეთებულ არაერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინაში, ტრუსკავეცში იმყოფებოდა.

“თქვენ, ალბათ, გგონიათ, რომ მე ბოდიშის მოხდა გამიჭირდება?! გუშინ ჩემთვის პირველი იყო ასეთი ცოტა უხერხული სიტუაცია, რომელიც საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისათვის და მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ერთია, რომ რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, გუშინ საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა, რომ სპეცოპერაცია შედგა წარმატებით და რომ არა ისე დაგეგმილი მთელი დღე, როგორც ეს დაგეგმეს ქართველმა სამართალდამცველმა უწყებებმა, ეს ოპერაცია ასეთი წარმატებით არ ჩაივლიდა. დანარჩენი არის დეტალები”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ არ დააკონკრეტა, საკუთარმა გუნდმა შეიყვანა თუ არა შეცდომაში და მინიშნება გააკეთა ენმ-ის მხრიდან სხვადასხვა ინფორმაციების გავრცელებაზე.

“ხვალიდან უფრო დეტალურად ვილაპარკებთ, ვინ, ვის რა ინფორმაციას აწვდიდა; რა ინფორმაციები იყო “ნაცმოძრაობის” შტაბებიდან, როგორ გაიყვნენ შიგნიდან სხვადასხვა წყაროებად”, — დასძინა მდინარაძემ.

პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ცნობა და ვიდეოები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, “ქართული ოცნების” ლიდერებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, მამუკა მდინარაძემ, შალვა პაპუაშვილმა და სხვებმა, არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და გავრცელებული ვიდეოები Deep Fake-ია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცახდებით კი, მისი თანაგუნდელები ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და ვიდეო მასაც აწყობილი გრაფიკა ეგონა.

სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცშია — მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი