ახალი ამბები

როგორ შეიფარა ცომაიამ სააკაშვილი თავის ბინაში — დეტალები

4 ოქტომბერი, 2021 • 9560
როგორ შეიფარა ცომაიამ სააკაშვილი თავის ბინაში — დეტალები

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სწორედ ცომაიას ბინაში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ცომაიამ ძებნილი პირი შეიფარა და არ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას. ბრალდების მხარის თქმით, რადგან არსებობს მისი მიმალვის საფრთხე, ამიტომაც მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება.

ცომაიას მიერ სააკაშვილის შეფარებას არ უარყოფენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არის ძებნილის შეფარვის მუხლი, შესაბამისად, მათი შეფასებით, ცომაიას პატიმრობა უსაფუძვლოა. ისინი ბრალდადებულის პროცესიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

როგორ მოხვდა სააკაშვილი ცომაიასთან?

ელგუჯა ცომაიას დღევანდელი სხდომა ჟურნალისტების უმეტესობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკეტილი იყო. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაესწრო. სხდომაზე ცომაია სიტყვით არ გამოსულა.

მომხდარის შესახებ მისი ვერსია ნეტგაზეთს უამბეს ადვოკატებმა — დიტო საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ. ადვოკატები გარკვეულ დეტალებზე არ საუბრობენ.

ცომაიას ვერსიის თანახმად, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, მასთან თბილისში უცხო პირი მივიდა, რომელმაც თავი წარადგინა მისი გარდაცვლილი ძმის მეგობრად.

„ელგუჯა ცომაიას სახლში მიადგნენ ღამით და ადამიანის შეფარება სთხოვეს. მან ეს ადამიანი მიიღო საკუთარ სახლში და მეორე დღეს ჩატარდა ის ღონისძიება, რაც ყველამ კარგად ვიცით — დააკავეს პრეზიდენტი სააკაშვილი [ცომაიას] კუთვნილ სახლში.

როდესაც ცომაიამ შეიფარა სახლში, მან არ იცოდა, რომ ეს ადამიანი იქნებოდა სააკაშვილი. მისთვის ეს მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. ცომაიამ აღწერა, რომ ამ ადამიანს ეკეთა პირბადე, ქუდი, სათვალე და, შესაბამისად, მისი ცნობა ფიზიკურად შეუძლებელი იყო კარის გაღების მომენტში, თანაც ეს ხდებოდა ღამის საათებში. თუმცა, მოგვიანებით, რა თქმა უნდა იცნო“, — უთხრა ნეტგაზეთს დიტო საძაგლიშვილმა.

ის დასძენს, რომ მოტივაციის შესახებ თავად ელგუჯა ბევრს არ საუბრობს, თუმცა არ არის პოლიტიკურად აქტიური პიროვნება:

„უბრალოდ, მან ადამიანურად ჩათვალა, რომ მისი შეფარება სწორი საქციელი იქნებოდა, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა“.

რაც შეეხება თავად ელგუჯა ცომაიას ჩართულობას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არალეგალური გზებით მოყვანაზე, რამდენიმე მედიაგამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა, რომელსაც უკრაინიდან ბოსტნეული გადმოჰქონდა. ამ სატვირთოს მძღოლი კი ელგუჯა ცომაია იყო.

ნეტგაზეთთან საუბარში დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ არ იცის, არის თუ არა უშუალოდ მის საკუთრებაში სატვირთო ავტომობილი:

„თუმცა ვიცი, რომ ამ საქმიანობითაა დაკავებული. ოჯახი ამ ბიზნესსაქმიანობას ეწევა და მათ შორის გადამზიდი საშუალებებიც გააჩნიათ“.

დამატებით კითხვაზე, მოგზაურობდა თუ არა ცომაია უკრაინაში, საძაგლიშვილი ამბობს, რომ ის ბევრ ქვეყანაში იმყოფებოდა.


დიტო საძაგლიშვილი. ფოტო: „მთავარი არხი“

ამ ვერსიას თუ მივყვებით, ადამიანები, ვინც ცომაიასთან შესაძლოა მისულიყვნენ, მამა-შვილი წოწორიები იყვნენ, რომლებიც დღეს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 29 სექტემბერს, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას — სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ელგუჯა ცომაიას მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში,“.

რაც შეეხება უშუალოდ დაკავებას, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან მალევე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბინა, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა გასაღებით გააღეს.

ცომაიას მეორე ადვოკატი, ბექა ბასილაია ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ელგუჯა ცომაია პოლიციელებმა ბენზინგასამართ სადგურზე დააკავეს, შემდეგ კი ერთად ავიდნენ ბინაში. ბასილაიამ ასევე დაგვიდასტურა, რომ ცომაია თავად ამ სახლში არ ცხოვრობდა. ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ცომაია არ ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში, საიდან იცოდნენ უცხო პირებმა, რომლებიც მის ბინაში ავიდნენ სააკაშვილთან ერთად, რომ იმ დღეს იქ იქნებოდა?

„ჩვენ ამის დეტალიზაციას დღევანდელ პროცესზე არ ვახდენთ, დღევანდელ პროცესზე ვსაუბრობთ ერთზე, რომ ელგუჯა ცომაიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. მან შეიფარა პრეზიდენტი და არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა ვითარებში მოხდა ეს. გადამწყვეტია, რომ ძებნილი პირის შეფარება დანაშაული არ არის“, — ამბობს ბექა ბასილაია.

უნდა დაეკავებინათ ცომაია? — პროკურატურისა და დაცვის მხარის პოზიციები

არც პროკურატურა და არც დაცვის მხარე არ უარყოენ, რომ ელგუჯა ცომაიამ მიხეილ სააკაშვილი თავის კუთვნილ ბინაში შეიფარა. თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ ძებნილის შეფარების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ელგუჯა ცომაიას დაკავება უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებული.

„ელგუჯა ცომაიას მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდული, რადგან დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში და დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის საკითხს, პროკურატურის ფანტაზიას და აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს შესაძლოა, დასასრული არც ჰქონდეს ღარიბაშვილის დაკვეთით”, — ამბობს ჟურნალისტებთან ბექა ბასილაია.


ბექა ბასილაია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ 356-ე მუხლი (მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა) მხოლოდ დანაშაულის დაფარვას არ გულისხმობს, არამედ ზოგადად მიმართულია მართლმსაჯულების ხელშეწყობისკენ.

მისივე განმარტებით, ამ მუხლით საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და თუ იციან, შეატყობინონ, სად არის ძებნილი. ამ შემთხვევაში კი, პროკურორის თქმით, ცომაიამ არათუ არ შეატყობინა, არამედ შეიფარა კიდეც. დაცვის მხარე ბრალდებულის პროცესიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

„ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალი ამ კუთხით“, — თქვა ჟურნალისტებთან ლევან ვეფხვაძემ.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეიბუსკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. ამ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა,“.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

ენმ-ის წევრების ცნობითვე, სააკაშვილმაა კარი თავად გააღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი