ახალი ამბები

ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი მეოთხე დღეა, საქართველოშია

1 ოქტომბერი, 2021 • 1759
ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი მეოთხე დღეა, საქართველოშია

ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა, საქართველოშია. ამის შესახებ მან მესამე პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, პარტიის ოფისში შესვლისას განაცხადა.

“ხელისუფლებამ დღეს ამით აჩვენა თავისი უსახურობა. ადამიანს ეძებდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო.

მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო. სხვათა შორის, კანცელარიასთან ძალიან ახლოს იყო გუშინ, მაგრამ [მისი დაკავება] ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს.

“უკვე მეოთხე დღეა, ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ ხელისუფლებას არ ჰქონია. ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ სააკაშვილი ციხეშია. ეს არის დროებითი ფაქტი…”, — თქვა მან.

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი არ ყოფილა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში:

“ის იყო ქუთაისშიც. სხვა ლოკაციის თქმის უფლება მაქვს თუ არა, არ ვიცი. იყო ქუთაისში და სხვაგანაც”.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დღეს, 1 ოქტომბრის საღამოს გახდა ცნობილი. მანამდე სააკაშვილმა ფეისბუკზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის ბათუმშია. მის დაკავებამდე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი