ახალი ამბები

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაცია/აკრედიტაციის პირობები შესაძლოა შეიცვალოს

17 თებერვალი, 2016 • 1057
უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაცია/აკრედიტაციის პირობები შესაძლოა შეიცვალოს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.

წარმოდგენილი კანონპროექტით,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დგინდება ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტისგან განსხვავებული სტანდარტები. კერძოდ, ავტორიზაციის ნაცვლად 5 წლისა განისაზღვრება 6 წელი, ხოლო აგრედიტაიის ვადად 7 წელი. კანონპროექტით, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ემატება კიდევ ერთი სახის გადაწყვეტილება – პირობითი აკრედიტაციის შესახებ და რეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, გათვალისწინებულია დავის განმხილველი ორგანოს – სააპელაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შესაძლებელია გასაჩივრდეს ავტორიზაცია/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებები. ავტორიზაცია/აკრედიტაციის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა იზრდება 180 დღემდე, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს დაწესებულებებისთვის ზარვეზების გამოსწორების ადა იზრდება 60 დღემდე.

ასევე, თანმდევი ცვლილებების მიხედვით, მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის(ბინადრობის ) მოწმობით პროფესიული სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს.

კიდევ ერთი თანმდევი ცვლილებების მიხედვით, ახლებურად ყალიბდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, კერძოდ – ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა, მისია და სტრატეგიული განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი, სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები, კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. ასევე, აკრედიტაციაზე უარის თქმის, ან მისი გაუქმების შემთხვევაში იურიდიულ პირს განსაზღვრული აქვს უფლებამოსილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი