ახალი ამბები

ქართულმა მხარემ სუსლიაკების ათივე ბავშვი უკრაინას გადასცა

6 ივნისი, 2019 • 793
ქართულმა მხარემ სუსლიაკების ათივე ბავშვი უკრაინას გადასცა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მხარემ სუსლიაკების 10 ბავშვი უკრაინულ მხარეს გადასცა.

უწყება ამბობს, რომ დღეს, 6 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

“უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გუშინ, 5 ივნისს, ცნობილი გახდა ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ექსპერტიზის პასუხები. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ათივე ბავშვი მამის ხაზით ბიოლოგიური და-ძმები არიან, 10-დან 4-ის ბიოლოგიური დედა თავად იულია სუსლიაკია, ხოლო 6 სუროგაციის გზითაა გაჩენილი.

ადვოკატის თქმით, 10-დან 4 ბავშვის დედა სუსლიაკია, ათივეს ბიოლოგიური მამა კი – მისი ქმარი

მასალების გადაბეჭდვის წესი