ახალი ამბები

მე–11 ბავშვი გაყიდულია – პროკურორი შესაძლო ტრეფიკინგის საქმეზე

28 აპრილი, 2019 •
მე–11 ბავშვი გაყიდულია – პროკურორი შესაძლო ტრეფიკინგის საქმეზე

საართველოში უკრაინელი ქალის მიერ შემოყვანილი 10 ბავშვის საქმის ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მე–11 ბავშვი ქალმა ქვეყანაში შემოსვლამდე გაყიდა. ამის შესახებ პროკურორმა თეა გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარის ვერსია, თითქოს ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო, არადამაჯერებელია მისი ასაკიდან გამომდინარე.

“რასაც მიიჩნევს მტმიცებულებად დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქცა დაცვის მხარის მიერ, თითქოს ბავშვი დაიღუპა აბაზანაში ბანაობის დროს, იმ დროისთვის, დაბადების სააქტო ჩანაწერიდან და გარდაცვალების ცნობიდან გამომდინარე, ბავშვი უნდა ყოფილიყო ცხრა თვის და აბაზანასთან ფიზიკურად ვერ მივიდოდა ცხრა თვის ბავშვი საბანაოდ. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბავშვი გაყიდულია”, – აღნიშნავს ის.

მანამდე შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩამოსვლამდე ქალს მე–11 ბავშვი ახლდა და მას “ინტერპოლი” ეძებს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, ბავშვი “უბედური შემთხვევისას” აბაზანაში დაიხრჩო.

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 აპრილს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ტრეფიკინგი ედება და 14–დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ქალი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში დააკავეს. რაც შეეხება ბავშვებს, 10-დან 8 სოცსააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა, ხოლო 2 ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკაში რჩება.

შსს–ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით, 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას უპირებდა.  არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

თავად ქალი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი