ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, 10-დან 4 ბავშვის დედა სუსლიაკია, ათივეს ბიოლოგიური მამა კი – მისი ქმარი

5 ივნისი, 2019 •
ადვოკატის თქმით, 10-დან 4 ბავშვის დედა სუსლიაკია, ათივეს ბიოლოგიური მამა კი – მისი ქმარი

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა. აქედან 4 ბავშვის დედა თავად იულიაა, ხოლო 6 ბავშვი სუროგაციის გზით არის გაჩენილი.

ზურაბ თოდუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ექსპერტიზით ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტი ქარწყლდება და მტკიცდება, რომ ტრეფიკინგი არ ყოფილა.

“რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე გუშინ შევიტანე თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა და მოვითხოვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, ვინაიდან სუსლიაკი ახლა პატიმრობაშია. ამ შუამდგომლობას ჩვენ თან დავურთეთ უპირველესად სამხარაულის ზემოხსენებული ექსპერტიზა, ასევე, შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სუსლიაკის არცერთი დოკუმენტი ყალბი არ იყო და ყველა იყო წესრიგში.

გარდა ამისა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოგვცა დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ სუსლიაკები იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში და მათ ქორწინების განმავლობაში 4 შვილი, ხოლო სუროგაცია/დონაციის პროგრამის ფარგლებში 6 შვილი შეეძინათ“, – განმარტავს ზურაბ თოდუა.

მისივე თქმით, ქალი თავიდანვე აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს უბრალოდ ბევრი შვილის ყოლა უნდოდათ. ამ დროისთვის კი საქართველოში ჩამოსულნი არიან ბავშვების ბებიები, რომლებსაც აქვთ კანონიერი უფლება, ისინი უკრაინაში წაიყვანონ.

ექსპერტიზის პასუხებს ადასტურებენ შსს-შიც. აქ გვითხრეს, რომ იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვი მამის ხაზით ერთმანეთის ნათესავები არიან. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში კვლავ მიმდინარეობს.


სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ათივე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა.

შსს-ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ უპირებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას. არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

თავად ქალი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია მე-11 ბავშვის შესახებ, რომელიც, პროკურატურის თქმით, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა თავად სუსლიაკი, ადვოკატთან ერთად, ამბობდა, რომ ბავშვი რუსეთში დაიღუპა და მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი