რა ვიცით 10 ბავშვის “ტრეფიკინგის საქმეზე“ და რას აპირებს სუსლიაკი

დღეს, 22 ივლისს, უკრაინელი იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ თბილისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა. სუსლიაკი რამდენიმე თვის წინ ტრეფიკინგის ბრალდებით იმ დროს დააკავეს, როდესაც 10 შვილთან ერთად ზუგდიდიდან აფხაზეთში გადასვლას აპირებდა, თუმცა საავადმყოფოში მოხვდა ბავშვების მოწამვლის მიზეზით.

სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში, სუსლიაკმა 2 დღით აზერბაიჯანში გამგზავრება გადაწყვიტა, უკანა გზაზე კი  გაიტაცეს და საქართველოში დაბრუნებაზე უსაფუძვლოდ განუცხადეს უარი.

ადვოკატის ამბობს, რომ აზერბაიჯანში სუსლიაკს ნათესავი დახვდა, რომელთანაც მან 2 დღე გაატარა. უკანა გზაზე სამართალდამცველებმა გაიტაცეს, შემდეგ კი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის მიზეზად კი დაასახელეს, რომ სუსლიაკი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა.

ადვოკატის სიტყვების საპასუხოდ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ სუსლიაკი არ გაუტაცებიათ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კი არასაკმარისი ფინანსური სახსრების და სამოგზაურო დაზღვევის არქონის, ასევე მგზავრობის მიზნის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების გამო უთხრეს.

რას აპირებდა სუსლიაკი გათავისუფლების შემდეგ და რატომ გაემგზავრა ის აზერბაიჯანში – ადვოკატის ვერსია

მგზავრობა აზერბაიჯანში

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გაათავისუფლეს, სწორედ ამავე დღეს, საღამოს საათებში, ადვოკატის თქმით, სუსლიაკი აზერბაიჯანში გაემგზავრა 2 დღით, სადაც მას უკრაინიდან ჩამოსული ახლობელი დახვდა. ზურაბ თოდუა ყვება, რომ აზერბაინაჯში 21 ივლისამდე უნდა დარჩენილიყო, შემდგომ კი, 22 ივლისს, მასთან ერთად პრესკონფერენცია ჩაეტარებინა.

თოდუა ამბობს, რომ აზერბაიჯანში გამგზავრების მიზეზი სუსლიაკის ემოციური ფონი იყო. მისი თქმით, იულია სუსლიაკმა გამოძიების მიმდინარეობისას, განსაკუთრებით  კი პატიმრობის დროს, ემოციური ტრავმა მიიღო, რადგან ის სამართალდამცველებისა თუ ციხის ადსმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ადვოკატის მიხედვით, პროკურატურის წარმომადგენლებს მცდელობა ჰქონდათ, რომ სუსლიაკს საპროცესო შეთანხმება დაედო. მისი თქმით, სუსლიაკს უთხრეს, რომ თუ საპროცესოს გააფორმებდა და პრეტენზია არ ექნებოდა გამოძიების მიმართ, მას გაათავისუფლებდნენ. ეს უკანასკნელი კი ადვოკატის გარეშე უნდა გაეკეთებინა, რაზეც სუსლიაკი არ დათანხმდა.

გარდა ამისა, თოდუა ყვება, რომ სუსლიაკს ცუდად ეპრყობოდა ციხის ადმინისტრაციაც, სადაც წინასწარი პატიმრობის დროს იმყოფებოდა. მისი თქმით, სუსლიაკთან საკანში მოათავსეს ქალი, რომელიც თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საკანში ყველა საფრთხის შემცველი ნივთი, მათ შორის, ზეწრები გაიტანეს და სუსლიაკს ღამის გათენება ზეწრების გარეშე უწევდა.

“სუსლიაკის ფსიქოლოგიური  მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება. ამიტომ გავაწყვიტეთ, რომ მას 2-3 დღე დაესვენა და რადგანაც საქართველოში მას შეაწუხებდნენ, ბაქოში ჩაფრინდა, სადაც მისი ახლობელი იმყოფებოდა. ბაქოში სუსლიაკი 2 დღის განმავლობაში ისვენებდა.

მას გუშინ, 21 ივლისს უნდა გადმოელახა საქართველოს საზღვარი, გვქონდა ბილეთიც და მე მას დილით უნდა დავხვედროდი სადგურზე, მაგრამ გარდაბნის საკონოტროლო პუნქტთან საქართველოს სამართალმდაცველებმა სუსლიაკს სთხოვეს მატარებლიდან ჩამოსვლა და გამოწერეს დადგენილება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თურმე სუსლიაკს არ აქვს მოწესრიგებული დოკუმენტები, კერძოდ კი, სადაზღვეო პოლისი“, – ამბობს ადვოკატი.

ზურაბ თოდუა განმარტავს, რომ საქართველოში შემოსავლელად უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს არავითარი სადაზღვეო პოლისი არ სჭირდებათ და ამგვარი დოკუმენტის ქონა ნებაყოფლობითია.

ადვოკატი იხსენებს, რომ სამართალდამცველებმა ამ მიზეზით სუსლიაკი აზერბაიჯანში დააბრუნეს, სადაც სუსლიაკის შესახვედრად ისიც გაემგზავრა.

“ჩემი კლიენტი საზღვრიდან 50 კმ-ის დაშორბით იყო გადაყვანილი. დავიწყეთ ხელახალი პროცედურა საზღვრის გადაკვეთის, მესაზღვრემ მითხრა, რომ მე შემეძლო თავისუფლად გავლა, იულია სუსლიაკს კი არა“, – აღნიშნავს ადვოკატი.

თოდუა ასევე ამბობს, რომ სამართალდამცველები სუსლიაკს 1 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი უთხრეს, რომ საქართველოში შესვლაზე უარს იმის გამო ეუბნებიან, რომ ამით საფრთხე ექმნება საქართველოს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

“მანამდე სამართალდამცველებმა მოიმიზეზეს არსაკმარისი ფინანსები და საცხოვრებელი, რაზეც ვუთხარი, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა იმიტომ, რომ სუსლიაკი ჩემს სახლში და ჩემი ხელფასის ხარჯზე იცხოვრებდა“ ,- აცხადებს ადვოკატი.

რას აპირებდა სუსლიაკი – სუსლიაკის ვერსია

ზურაბ თოდუა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სუსლიაკის საქმის მასალები მას 19 ივლისს, 6 საათამდე უნდა გადასცემოდა. პროკურატურის მიერ მოწოდებულ ამ დოკუმენტში, წესით, უნდა ყოფილიყო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სუსლიაკი მართლაც დამნაშავეა ტრეფიკინგის მუხლით წაყენებულ ბრალდებაში.

თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ ზუსტად ამ დღეს, ვადის გასვლამდე, საქმე უკრაინის პროკურატურას გადასცა, შესაბამისად, მან საქმის დეტალები ვერ მიიღო. იულია სუსლიაკის საქმეს ამჟამად მართლაც უკრაინის პროკურატურა იძიებს. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ეს საქმე მათ იურისდიქციაში აღარ არის.

რაც შეეხება სუსლიაკის გეგმებს, რომ არა დაკავება, იულია სუსლიაკი სოხუმში აპირებდა ჩასვლას, სადაც ამჟამად მისი მეუღლე, იური სუსლიაკი იმყოფება. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ იური სუსლიაკი აფხაზეთს ვერ ტოვებს, ვინაიდან მას რუსეთში ჩასვლა ეკრძალება, საქართველოს საზღვარს კი ანტისაოკუპაციო კანონის დარღვევის გამო ვერ კვეთს.

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ მან 12 ივნისს მიმართა პროკურატურას განცხადებით, გამოძიებაში ჩართულიყო იური სუსლიაკიც.

“ის ნებაყოფლობით გამოცხადდებოდა საგამოძიებო უწყებაში, ხოლო საზღვრის გადაკვეთისთვის გადაიხდიდა ჯარიმას. თუმცა ჩვენმა პროკურორებმა იცოდნენ, რომ იური სუსლიაკი ძირითადი მოწმე იქნებოდა და სპეციალურად არ ჩამოიყვანეს ის“, – ამბობს ზურაბ თოდუა.

მისი სიტყვებით, იულია სუსლიაკი იური სუსლიაკთან სოხუმში უნდა ჩასულიყო, შემდგომ კი მათ 10 ბავშვიც შეუერთდებოდა, რომლებიც ამჟამად უკრაინაში ბებიებთან იმყოფებიან. ადვოკატი დასძენს, რომ სუსლიაკები შემდგომ ამერიკაში თავშესაფრის მოძიებასაც აპირებდნენ.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაბრუნდა სუსლიაკი უკრაინაში და რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი აფხაზეთში ჩასვლა – ადვოკატი პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში ჩასვლისთანავე აეროპორტში სუსლიაკის დაკავება იგეგმებოდა.

“უკრაინაში ქართველ სამართალდამცველებს დალაგებული აქვთ საქმე იმიტომ, რომ ეს სიბინძურე გაამართლონ. ისინი შესანიშნავად შეასრულებენ ქარველი სამართალდამცველების თხოვნას, ჩაატარებენ დაკავების სცენას, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ და შემდგომ იტყვიან, რომ ამ საქმეს ჩვენ ვიძიზებთ. და იქ დანაშაული არაფერი ყოფილა პროკურორის მხრიდან“, – აცხადებს ის.

ნეტგაზეთმა ადოვკატის პრესკონფერენციისთვის კითხვით მიმართა პროკურატურასაც, სადაც განაცხადეს, რომ დამატებით კომენტარს სუსლიაკის საქმეზე აღარ გააკეთებდნენ.

სუსლიაკის საქმე – მოკლედ

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ათივე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა.

შსს-ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ უპირებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას. არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

თავად ქალი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია მე-11 ბავშვის შესახებ, რომელიც, პროკურატურის თქმით, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა თავად სუსლიაკი, ადვოკატთან ერთად, ამბობდა, რომ ბავშვი რუსეთში დაიღუპა და მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვთ.

5 ივნისს იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა. აქედან 4 ბავშვის დედა თავად იულიაა, ხოლო 6 ბავშვი სუროგაციის გზით არის გაჩენილი. მომდევნო დღეს კი ქართულმა მხარემ ბავშვები უკრაინულ მხარეს გადასცა.

იულია სუსლიაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 19 ივლისს მოუხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა დაუდასტურა.

როგორც მარიამ გოგორელიანმა “ნეტგაზეთთან” აღნიშნა, საქმე ქართულმა მხარემ უკრაინის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა, გამოძიება უკრაინაში გაგრძელდება და, შესაბამისად, საქართველოში სუსლიაკის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება ვეღარ იქნებოდა გამოყენებული:

“ამ საქმეზე მტკიცებულებები რადგან იყო უკრაინასა და რუსეთში, შუამდგომლობა გავაგზავნეთ სამართლებრივ დახმარებაზე, რომ მიგვეღო მტკიცებულებები და გამოეკითხათ მოწმეები. თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. იმის გამო, რომ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი უკრაინაშია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქმე გადაგვეგზავნა უკრაინაში. ქართული მხარე აღარ გააგრძელებს გამოძიებას”, – უთხრა პროკურორმა “ნეტგაზეთს”.

ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება, საქმეს კი უკრაინის პროკურატურა იძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან