ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი და საქართველო-რუსეთის შესაძლო ფარული მოლაპარაკებები

17 ნოემბერი, 2014 • • 1231
აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი და საქართველო-რუსეთის შესაძლო ფარული მოლაპარაკებები

ბოლოს ამ თემის ირგვლივ მსგავი აჟიოტაჟი ატყდა დაახლოებით ორი წლის წინ, მას შემდეგ, რაც პაატა ზაქარეიშვილმა, რეინტეგრაციის მინისტრის რანგში, განაცხადა, რომ ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მაშინ ქართული მხარის ამ წინადადებისადმი აფხაზეთს არანაირი დაინტერესება არ გამოუხატავს. ზაქარეიშვილმაც, შექმნილი ვნებათაღელვის გათვალისწინებით, რაც მისმა მრავალრიცხოვანმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ატეხეს თბილისში, მალევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარის უარის შემდეგ ეს საკითხი დაიხურა. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ დახურულია არა საკითხი, არამედ ამ საკითხის გარშემო მოლაპარაკებები – უცხო თვალისგან.

 

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილის, არტურ არაქელიანის ინტერვიუმ რამდენიმე დღის წინ საკმაო ხმაური გამოიწვია თბილისში და თავის მართლება მოუხდა ყველას: პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ არავითარ საიდუმლო მოლაპარაკებებს სარკინიგზო კავშირის გახსნასთან დაკავშირებით საქართველო არავისთან არ აწარმოებს. იგივე გაიმეორეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

 

თბილისში სკანდალის შემდეგ თავისი ჩვენების შეცვლა დაიწყო სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემაც, რომელმაც მთელი ეს ორომტრიალი გამოიწვია. თუკი რადიო “თავისუფლების” სომხურენოვანი სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ სარკინიგზო გზის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, როცა ის იყო ერევანში ვიზიტით, მეორე დღეს არტურ არაქელიანმა “ეხო კავკაზას” კორესპონდენტთან საუბარში უარყო საერთოდ ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება.

 

საინტერესოა ის საკითხი, რომ მთელ ამ ორომტრიალში მუდმივად ისმოდა ერთი და იგივე თეზისი, რომ პროექტის მთავარ დამმუხრუჭებლად აფხაზური მხარე გამოდიოდა. ამის შესახებ საუბრობდა არტურ არაქელიანი, რომელსაც სომხური ინტერნეტპორტალ “ტერტ”-ის კორესპონდენტმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: “რესპუბლიკური პარტიიდან ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაპირება მისცა სომხეთს ევრაზიულ საბაჟო კავშირში შესვლასთან დაკავშირებით”. არაქელიანის პასუხს ახლავს აღიარება: “იცით, მე ამას დაპირებას არ დავარქმევდი, უფრო – პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე ზემოქმედებას. მოლაპარაკებები ამ საკითხის გარშემო დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლა არ დაწყებულა”.

სხვათა შორის, გასული კვირის ბოლოს ცხადი გახდა, რომ აფხაზურ მხარეს არაფერი აქვს საწინააღმდეგო სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით. “კავკაზსკი უზელისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის ახალარჩეული ლიდერი რაულ ხაჯიმბა ამბობს: “დღესდღეობით არ ვიცი არავითარი მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ამ თემის გარშემო მიდის, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს უნდა იყოს საინტერესო როგორც აფხაზეთისთვის, ისე რუსეთისა და სომხეთისთვის. არ შემიძლია ვთქვა, თუ რამდენადაა მზად საქართველო ამ პროექტის რეალიზაციისთვის. მაგრამ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ მისი დასავლელი მფარველები ამას არ მოინდობენ…” აი, ასეთი ჯადოსნურია რუსეთის მხრიდან “პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე გავლენა”.

 

შეჯამებისას, შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიდის. უპირველესად კი, კრემლი ამ უკიდურესად დელიკატურ საკითხს ნამდვილად სვამს სოხუმში.

 

აფხაზურ საზოგადოებაში სარკინიგზო კავშირის აღდგენის საკითხზე ძალიან ფრთხილი განწყობებია, რაც განპირობებულია უსაფრთხოების თვალსაზრისით (“ტვირთები საქართველოდან”), შესაძლო ეკოლოგიური პრობლემებით (გზა ზუსტად სანაპიროს მიუყვება) და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რესპუბლიკის სტატუსის საკითხით.

 

აფხაზეთი ფსოუსა და ენგურს შორის მხოლოდ “სავაჭრო დერეფნად”  ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში გადააქციეს, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების თაობაზე. ამ ხელშეკრულების ლოგიკური გაგრძელებაა სოხუმში კრემლიდან გაგზავნილი რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის პუნქტი, სადაც საუბარია საბაჟო სამსახურების საქმიანობის ორმხრივად აღიარების შესახებ. ეს პუნქტი შენარჩუნებულია პროექტის იმ ვერსიაშიც, რომელიც მოსკოვს აფხაზურმა მხარემ გაუგზავნა: “აფხაზეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის საბაჟო ორგანოები აღიარებენ საბაჟო კონტროლის შედეგებს, რომლებიც ჩატარებულია შეთანხმებული მხარეების საბაჟო ორგანოების მიერ, თუკი ასეთი საბაჟო კონტროლი, მათ შორის საბაჟო დათვალიერება, ტარდება ისეთი მოცულობითა და ფორმით, რაც აუცილებელია შეთანხმებული მხარეების საბაჟო ორგანოებისთვის”.

 

ფორმულირება საკმაოდ ჩახლართულია. თუმცა პრაქტიკაში ეს სავსებით შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საქონელზე, რომელსაც ექნება რუსეთის საბაჟო კომიტეტის ბეჭედი, აფხაზური ბეჭედი აღარ დაისმება. ანუ შეიძლება გამოვიდეს ასეთი სქემა: რუსეთის საბაჟოს ბეჭდიანი ტვირთი გადმოვა ფსოუზე და დათვალიერებისა და გაჩერების გარეშე გაივლის “სავაჭრო დერეფნის” ბოლომდე ენგურზე, სადაც მას უკვე შეამოწმებენ ქართველი მებაჟეები. მაგრამ თუკი ტვირთი უკან წამოვა, აქ უკვე პრობლემა არ იქნება, რადგან ქართველი მებაჟე ვერ დაინახავს, თუ ვინ შეამოწმებს ტვირთს ენგურის გადაკვეთის შემდეგ.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის იმის ალბათობა, რომ აფხაზეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერისას რუსული მხარე იმავდროულად ცდილობს დააკმაყოფილოს საქართველოს ზოგიერთი მოთხოვნა. რუსეთი ასეთ ზეწოლას არ განახორციელებდა აფხაზეთზე ( ეჭვგარეშეა, რომ ხაჯიმბას დათანხმება პროექტზე, ზეწოლის შედეგია), ეს მოთხოვნა თბილისს მოსკოვისთვის რომ არ წაეყენებინა. ასე რომ, მეორე ასეთი დასკვნა გამოდის: მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის ამ საკითხის გარშემო, როგორც ჩანს, წარმოებს, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

ახლა, ალბათ, ვერავინ იტყვის, თუ რით დასრულდება ეს ყველაფერი. რკინიგზის აღდგენა ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რომელსაც არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე თბილისში (და ასევე, სოხუმშიც) და ზოგადად, მთლიანად რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ნათელი ჯერ მხოლოდ ერთი რამეა – ეს რკინიგზა სინამდვილეში ძალიან ჭირდება რუსეთსა და სომხეთს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი