ახალი ამბები

როგორ მოახერხეს მასწავლებლების დარწმუნება აცრის აუცილებლობაში? — ინტერვიუ ექიმ ივანე ჩხაიძესთან

13 აგვისტო, 2021 • 2677
როგორ მოახერხეს მასწავლებლების დარწმუნება აცრის აუცილებლობაში? — ინტერვიუ ექიმ ივანე ჩხაიძესთან

უკვე მესამე თვეა, ცნობილ ექიმთა ჯგუფი საქართველოს რეგიონებში დადის და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის უსაფრთხოებაში მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს. კამპნაიის ფარგლებში უკვე აიცრა ასეულობით მასწავლებელი.

გაეროს ბავშვთა ფონდისა ( UNICEF) და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია რეგიონებში სწორედ მიზნობრივი ჯგუფებისთვის იმართება.

ერთ-ერთი, ვინც,აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობს, თსსუ-ს პროფესორი და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეა, რომელიც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფსაც ხელმძღავანელობს.

ივანე ჩხაიძე ნეტგაზეთს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე ესაუბრა, თუ როგორ ახერხებენ ისინი შეხვედრებზე მოსახლეობის დარწმუნებას ვაქცინაციის აუცილებლობაში, რა განწყობები ხვდებათ ადგილზე და რას ცვლის მსგავსი მიზნობრივი შეხვედრები.


საქართველოს სხვადასხვა რეგიონში COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავთ, შესაბამისად, შეხვედრების შემდეგ, ალბათ, უკვე შეგიძლიათ გამოყოთ ის ძირითადი ფაქტორები, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს და ვაქცინის მიმართ უნდობლობას აძლიერებს

UNICEF-ის და დააავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით მესამე თვეა ეს კამპანია მიმდინარეობს და ჩვენ ჩავდივართ იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება საინფორმაციო უზრუნველყოფის სახით.

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ აქ უფრო მეტად ვხვდებით სამიზნე ჯგუფებს, ანუ იმ ჯგუფებს, რომლებთაც უფრო მეტი გავლენა აქვთ მოსახლეობაზე. ეს არის: რელიგიური ლიდერები, პედაგოგები, მასმედია, სამედიცინო პერსონალი. მაგალითად, ბოლო შეხვედრა იყო ახალციხეში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ყველაზე ნაკლებად მოცულია ვაქცინაციით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქაა და ჩვენ ორი ვიზიტი გვქონდა სამცხე-ჯავახეთში. გვქონდა შეხვედრა პედაგოგებთან და მათგან მოვისმინეთ კითხვები.

ძირითადი არის სწორედ ეს კითხვები, რა კითხვებს სვამენ ის ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი და მერყეობდნენ ჩაეტარებინათ ვაქცინაცია. თუ შევადარებთ, პრაქტიკულად ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიყავით, სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე, ახალქალაქი), ბათუმი, დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, ჩვენ რა შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, ძალიან ბევრი კითხვა არის დაკავშირებული ვაქცინების უსაფრთხოებასთან.

ძირითადად ეს კითხვები უკავშირდება ალერგიულ რეაქციებს ვაქცინაციის შემდგომ, მოგვიანებით რეაქციებს, არის თუ არა უსაფრთხო ვაქცინაცია — ეს არის კითხვების ერთი ჯგუფი.

მეორე ჯგუფი, ეს არის კითხვები, რომლებიც უკავშირდება ვაქცინების ეფექტურობას. განსაკუთრებით ეს გააქტიურდა დელტა ვარიანტის გამოჩენის შემდეგ. იცავს თუ არა ის ვაქცინა, რომელიც ახლა საქართველოშია, კორონავირუსის დელტა ვარიანტისგან.

მესამე ჯგუფი, ეს არის კითხვები, რასაც სვამენ ქრონიკული დაავადებით შეპყრობილი პაციენტები. მაგალითად, ” მე დიაბეტი მაქვს და შემიძლია თუ არა გავიკეთო ვაქცინა?”, “მე მაქვს არტერიული წნევა და შემიძლია თუ არა გავიკეთო ვაქცინა?”

ამ კითხვების უკან დგას მარტივი ინფორმაციის ნაკლებობა. მარტივში ვგულისხმობ იმას, როდესაც ადამიანი სვამს კითხვას, რომ დიაბეტის, გულის ქრონიკული დაავადების ფონზე გაიკეთოს თუ არა ვაქცინაცია. მას როცა ვეუბნებით, რომ განა შესაძლებელია, პირიქით, დიაბეტი, გულის ქრონიკული პათოლოგია, ღვიძლის ქრონიკული პათოლოგია,  სუნთქვის ქრონიკული დაავადებები, პრიორიტეტულია ყველა ქვეყანაში. როდესაც ცოტა ვაქცინაა და ვაქცინების შემოტანა იწყება, პირველი რიგის ადამიანები, ვისაც უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია, ეს სწორედ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან, ვინაიდან მათთან კორონავირუსი მიმდინარეობს მძიმედ და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია.

სრულად პარადოქსული კითხვაა, ის ადამიანი, რომელიც ჩვენი სამიზნეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ფიქრობს, რომ მას ისეთი დაავადება აქვს, რომლისთვისაც ვაქცინა არის წინააღმდეგ ნაჩვენები. ეს განათლების და ინფორმაციის დეფიციტია.

თქვენი დაკვირვებით, საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია, ვის ეყრდობიან, როდესაც ამას იჯერებენ?

ეს ისეთი კითხვაა, ამაზე პასუხს საქართველოს მაგალითზე ვერ გაგცემთ. მე მოგიტანთ ევროკავშირის მაგალითს. ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა, ანუ აპრიორი ჩვენზე მდიდარ და ჩვენზე უფრო მეტად განათლებულ ქვეყნებში, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, ნიშნავს განათლებულ მოსახლეობას. ჩვენ არ მივეკუთვნებით ამ მდიდარი ქვეყნების კატეგორიას, შესაბამისად, არ გვაქვს განათლებული მოსახლეობის მაღალი მაჩვენებელი. ევროკავშირის ქვეყნებში ხალხისთვის, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, იყო დასმული კითხვა, რა არის მათთვის ინფორმაციის მთავარი წყარო. აბსოლუტურ უმრავლესობაში ინფორმაციის მთავარი წყარო არის სოციალური მედია და არა ტელევიზია და ინფორმაციის გავრცელების ოფიციალური საშუალებები.

ამიტომ ხალხი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა სოციალურ მედიას, მათში ვაქცინაციაზე უარის თქმის პროცენტი არის 2-3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე იმ ხალხში, რომელიც ოფიციალურ ინფორმაციას და მედიას ეყრდნობა. ამიტომ, პირდაპირ შემიძლია გადმოვიტანო საქართველოს მაგალითზე, ხალხი, რომელიც ამბობს ვაქცინაციაზე უარს, ეს არის ის ხალხი, რომელიც არ უყურებს ტელევიზორს და ძირითადად სარგებლობს სოციალური ქსელებით.

ეს არის მთავარი, ადამიანი არ ეყრდნობა ოფიციალურ სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებს, ეყრდნობა სოციალურ მედიას.

ძალიან ცუდი როლი ითამაშა ჩემი კოლეგების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებამ, როდესაც ვაქცინაციის პროცესის დაწყებისას გამოდიოდნენ საინფორმაციოებში და ამბობდნენ, მე არ ვიცი, ეს რა ვაქცინაა,  მე არ ვიკეთებ ვაქცინას… როდესაც ექიმი ამას ამბობს ხმამაღლა, ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ბევრი ამბობდა, რომ მას ექიმმა არ ურჩია ვაქცინის გაკეთება – ალერგია ჰქონდა, ჰკითხა მის ექიმს და ექიმმა არ ურჩია ვაქცინის გაკეთება. ეს არის სამედიცინო პერსონალი, მას არანაირი უფლება არ აქვს, ეს რეკომენდაცია მისცეს, ვინაიდან არცერთ წყაროში არ წერია. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროტოკოლები, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა არსებობს, ხელმისაწვდომია, 15 წუთი უნდა ამის წაკითხვას. მაგრამ როდესაც ექიმი ეუბნება, რომ შენ ალერგიული ხარ და ვაქცინა არ უნდა გაიკეთო, ეს არის ძალიან ცუდი.

ბევრმა სწორედ ამიტომ არ გაიკეთა ვაქცინა, რომ ექიმს მიმართა და ექიმმა უთხრა, არ გინდა, არ გირჩევო. ისიც იყო დასახელებული, რომ მე არ ვიკეთებ და არ მინდა, რომ შენ გაიკეთო, აზრი არ აქვს, მაინც ვერ დაგიცავსო. ეს არის ყველაზე ცუდი. ამიტომ ამ ჯგუფებზე ფოკუსირება არის აუცილებელი, ასეთი შეხვედრები არის კატეგორიულად აუცილებელი. ჩვენს შეხვედრაზე ახალციხეში 80-მდე ადამიანი იჯდა და, როგორც კი დავასრულეთ საინფორმაციო შეხვედრა, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ თუ შეიცვალეს აზრი, წამოსულიყვნენ ჩვენთან ერთად და 80-დან 62 ადამიანი წამოვიდა ვაქცინაციის ჩასატარებლად. სრულიად წარმოუდგენელია, რომ გამოკითხვაში[NDI-ს კვლევა], მოსახლეობის 47% უარს ამბობს ვაქცინაციაზე და 50% ამბობს, რომ მას ინფორმაციის ნაკლებობა აქვს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს არა მასშტაბურ ანტივაქსერობასთან, არამედ ინფორმაციის ნაკლებობასთან?

რა თქმა უნდა, არანაირი ანტივაქსერობა არაა. ანტივაქსერი ყველა ქვეყანაში არის და მათი წილი არის დაახლოებით 20% და დანარჩენ ნაწილზე გავლენა ნაკლებია. დარჩენილი 80%-დან, თუ არ ვცდები, ჩვენთან 35% იყო, რომელიც კატეგორიულად ამბობს, რომ გაიკეთებს ვაქცინას და  30-40% არის, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია და სტიმული, ინფორმაცია სჭირდება. ეს არის, რაც უნდა გაკეთდეს.

აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციულ უზრუნველყოფას ყველა დონეზე, ცენტრალურზე, რეგიონულზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მედიას იმიტომ, რომ არის რეგიონები, სადაც ადგილობრივ მედიას უყურებენ.

ჩვენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი დაგვყვებოდა და ჩვენმა კოლეგებმა კითხვა დაუსვეს, ახალქალაქში, სადაც ძალიან დაბალია მაჩვენებელი, აქვს თუ არა იქაურ მოსახლეობას ეს ინფორმაცია სომხურ ენაზე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. უპასუხა, რომ აქვს, ფლაერებიც დაურიგეს, სხვა საინფორმაციო წყაროებიც გადაუთარგმნეს, მაგრამ ახალქალაქში იმუნიზაციის მოცვის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. სხვათა შორის, სომხეთშიც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შეიძლება ესეც გავლენას ახდენდეს, მაგრამ ჩვენ გვყავს გარკვეული ჯგუფები, რეგიონები, სადაც რადიკალურად განსხვავდება დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ.

ამიტომ არის შეხვედრები საჭირო, რამდენად ეყოფა ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრის რესურსი, არ ვიცი. ალბათ, არ ეყოფა.

ჯერჯერობით ვაქცინაციის ის მაჩვენებელი, რაც ქვეყანაშია, ძალიან დიდი ნაწილი განპირობებულია ფაიზერის შემოსვლით. ესეც კი ინფორმაციის პრობლემაა. როცა ადამიანი ამბობს, რომ მე გადავწყვიტე, ერთი თვე არ გავიკეთო ვაქცინა და მაინც დაველოდები ფაიზერს, ესეც ინფორმაციის ნაკლებობაა. ვერ გაიგო იმ ადამიანმა, რომ ფაიზერი არ არის უკვდავების წყარო და შეიძლება სხვა ვაქცინა გაიკეთოს. პრობლემა არის სერიუზული.

თქვენ თქვით, რომ მხოლოდ დაავადებათა კონტროლის რესურსი არ ეყოფა, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სად უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი?

საქართველოში საკაბელო ტელევიზია ვისაც აქვს, ძალიან კარგად დაინახავს, რომ ძალიან ბევრი რეგიონული ტელევიზია გვაქვს. მე ვერ ვხედავ, რომ გარკვეულ დროს უთმობდეს, თუნდაც ყოველდღე ნახევარ საათს ან 20-15 წუთს, ამ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინფორმაციას. ამიტომ ექიმების სიარული ერთია და ექსპერტების, მაგრამ ეს ინფორმაცია უფრო მასობრივი საშუალებებით უნდა იყოს გამოყენებული. ყველა ოჯახში ვერ მიხვალ. ეს ტელევიზორი ყველას აქვს ჩართული და ამიტომ ადგილობრივი მედიისთვის უნდა იყოს რაღაც კრიტერიუმი, რომ ამ მართლაც კრიტიკულ მდგომარეობაში გამოყოს გარკვეული დრო.

მაგალითად, მე როდესაც ვინმე მთხოვს რეგიონებში, პირიქით ვეუბნები, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად ჩაგერთვებით-მეთქი. ახალაქალაქში სოციალურ მედიასთან მქონდა ჩართვა რუსულ ენაზე მოსახლეობისთვის კითხვებზე პასუხის გასაცემად. სჭირდებათ ამ ადამიანებს და რეგიონული მედიის გააქტიურება არის კატეგორიულად და საციცოხლოდ მნიშვნელოვანი. არ უყურებს ყველა “იმედსა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს. არც არარეგიონული ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გამოირჩევიან, რომ ფიქსირებული დრო დაუთმონ განათლებას და ინფორმაციას. ინფორმაციის მარტივი გადაცემის უამრავი საშუალებაა, ძალიან ბევრი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილად ამას სახავს და განიხილავს – ინფორმაციას.

სხვა მხრივ, მე ცუდი მოლოდინი მაქვს, რომ ფაიზერის მომლოდინე ხალხი ამოიწურება, ბევრი ვაქცინა გვექნება ქვეყანაში, ფაიზერის მსურველი ყველა გაიკეთებს აცრას და მერე ჩვენ აღარ გვეყოლება ერთ დღეში ვაქცინაციის გაკეთების 26-27 ათასი მსურველი. იმ 35%-ს, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინას, ჩვენ ერთ თვეში, თვენახევრში ამოვწურავთ და აღარ დარჩება მერე ეს 35%. დარჩება ხალხი, რომელიც იქნება ჩვენს იმედზე, გაიკეთოს თუ არა, ვეტყვით თუ არა და ეს პერიოდი შეიძლება დაგვიდგეს, როდესაც ვაქცინა გვაქვს, მაგრამ მსურველი არ არის. ეს რისკი ნამდვილად არსებობს და ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, მაგრამ ასეთი ლოკალური და ხანმოკლე აქტივობა არაფერს არ ნიშნავს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი შეიზღუდება, რამდენად წაადგება ვაქცინაციის პროცესს, ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესის შეფერხებას, ვინაიდან ამცრელ პუნქტებამდე ადამიანებს მისვლა გაუჭირდებათ?

ამ გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს. ერთი კარგია, რომ კონტაქტებს ვამცირებთ, მეორე კი- ვაქცინაციის მსურველს ვაქცინამდე მისასვლელად ვაბრკოლებთ.  აქ ერთი, რაც შეიძლება ითქვას, ადრეც იყო რეკომენდაცია, რომ ჩვენ თვითონ შევთავაზოთ მოსახლეობას ტრანსპორტირება. ჩავიდეთ და თუ ერთი რაიონული ცენტრია, შემოვიაროთ სოფლები, ჩავსვათ ეს ხალხი ტრანსპორტში და მივიყვანოთ ეს ხალხი ვაქცინაციის კაბინეტებში. არ ვიცი, აქ რა გამოსავალი უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველა მსურველს შევთავაზებთ ტრანსპორტირებას და მივიყვანთ.

მეორე  იყო, რომ ჩვენ თვითონ ჩავიყვანოთ ადგილზევე ამცრელი ბრიგადები. თუ ვინმე ცხოვრობს ისეთ სოფელში, სადაც არ არის ან გააუქმეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამ სოფელში ჩავალთ, ჩავიყვანთ ბრიგადას და კვირაში ორი დღე ვიმუშავებთ. ეს შეიძლება. ასე რომ, თუ ეს არის წინასწარ გათვლილი და ამაზე საუბარი ნამდვილად იყო, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ვაქცინაციის პროცესის დამაბრკოლებელი შეიძლება იყოს.

თქვენ თქვით, რომ მოსალოდნელია, ვაქცინაციის გაზრდილმა ტემპმა დაიკლოს. ამის გათვალისწინებით, რამდენად მივაღწევთ ვაქცინაციის 60%-იან მიზანს, რომელიც ქვეყანას აქვს?

დღევანდელი ტემპით ჩვენ ამას უპრობლემოდ მივაღწევთ. რაც ყველაზე მთავარია, ყოველდღიურად მზარდი მაჩვენებელი გვაქვს, ეს არის იდეალური. შეიძლება, მე ვცდები და 35%-ზე მეტია, ვისაც ვაქცინაცია გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ 35%-ს ხწორედ ამ კვლევებიდან და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან გამომდინარე ვიღებ. ეს მაშინებს, რომ 35% დღესვე იკეთებს და 47% წინააღმდეგია. ეს 35% რომ დამთავრდება, იმ 47%-ს რა უნდა ვუყოთ, ეს არის  მთავარი. ამიტომ ვთვლი, რომ გამორიცხული არაა, ჩვენ სექტმბერ-ოქტომბერში ეს ამოვწუროთ და მერე აღარ იყოს ასეთი მაჩვენებელი. ამიტომ არის ნაბიჯები გადასდგმელი, უნდა გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია. დრო ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ეს დრო არ არის უსასრულო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს ეს ყველაფერი წინასწარ ორგანიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი